Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა ლარის წინააღმდეგ?


2018 წლის დასრულებამდე დასახარჯი 3 მილიარდ ლარზე მეტი დამოკლეს მახვილივით კიდია ისედაც გაუფასურებული ეროვნული ვალუტის თავზე. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი - მისი ხარჯების მოცულობა და შინაარსი - საქართველოს მაკროეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი წყაროა.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„მთლიანობაში, დარჩენილ ორ თვეში დასახარჯია 3,6 მილიარდი ლარი - ეს არის ზვავი, რომელიც დაძვრის შემთხვევაში ჩამოშლის ლარს“, - ამბობს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, რომლის თქმითაც, ლარს ამგვარი საფრთხისგან იცავს ის გარემოება, რომ მთავრობა ვერ ითვისებს ამ ფულს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთელ რიგ შემთხვევებში არათუ მშენებლობები არ დაუწყია, ტენდერიც კი არ გამოუცხადებია. ცხადია, ხარჯები გადავა მომავალ წელს. სწორედ ეს შველის ლარს, მის ფინანსურ სტაბილურობას, მაგრამ გავლენას მოახდენს მომავალი წლის ბიუჯეტზე, ბიუჯეტის დეფიციტზე და მთელ ეკონომიკაზე. შესაბამისად, ბიუჯეტის არათანმიმდევრული ხარჯვა იქცა მუდმივი არასტაბილურობის მთავარ წყაროდ“, - ამბობს რომან გოცირიძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის გადასახდელების მოცულობა 12 მლრდ 460 მილიონი ლარია, 10 თვის შესრულება - 9,1 მილიარდი. ნოემბერ-დეკემბერში კი დასახარჯია 3,28 მილიარდი ლარი.

საქართველოს მთავრობაში კი განმარტავენ, რომ ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობის ვერათვისებისა და ჩამორჩენის მიზეზი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სირთულეა - გეოლოგიური და ტექნიკური პრობლემები, რომლებმაც ხელი შეუშალა, მაგალითად, ავტობანის მშენებლობის დაწყებას სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე. ასევე პრობლემების ჩამონათვალში სახელდება გახშირებული სასამართლო დავები ტენდერში გამარჯვებულ იმ კომპანიებთან, რომლებიც სამუშაოს შესრულების პარალელურად ცვლიან მოთხოვნებს, რაც ზრდის სამუშაოების შესრულების როგორც ხარჯებს, ასევე ვადებს.

2018 წლის დასრულებამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამი ტენდერი აქვს გამოსაცხადებელი დასავლეთ საქართველოში ავტობანის მორიგი მონაკვეთების ასაშენებლად. თუ ტენდერები წარმატებით დასრულდა, მაშინ გადასახდელების ნაწილში ჩამორჩენა აღარ იქნება ისეთი დიდი, როგორიც ახლაა - 1 მილიარდი ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის გადასახდელების მოცულობა 12 მლრდ 460 მილიონი ლარია, 10 თვის შესრულება - 9,1 მილიარდი. ნოემბერ-დეკემბერში კი დასახარჯია 3,28 მილიარდი ლარი.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტიდან შესაბამისი ხარჯის გაწევა დიდ გავლენას ვერ იქონიებს ლარის კურსზე, ინფრასტრუქტურის გამართვა კი გამოაცოცხლებს და გაზრდის ეკონომიკას.

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

„ლარის არასტაბილურობას განაპირობებს ცუდის მოლოდინი, მიმოქცევაში არსებული გაზრდილი ფულადი მასა, ეროვნული ბანკის არაცხადი პოზიცია ლარის კურსთან მიმართებით“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

ეკონომისტი აკაკი ცომაია კი ამბობს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არაკომპეტენტური ადამიანები იღებენ, რაც აჩენს ვითარების გაუარესების მოლოდინს.

„ეს კი უბიძგებს ადამიანებს მოქმედებისკენ მოიშორონ ლარი, რადგან ლარი შეიძლება გაუფასურდეს, დაიწყოს ინფლაცია. შესაბამისად, ლარის მიმართ ნდობა დაბალია, რაც ქმნის დოლარის დეფიციტს და იწვევს ლარის გაუფასურებას“, - ამბობს აკაკი ცომაია, რომლის თქმითაც, ამგვარი ქცევის შედეგი დრამატული იქნება, თუკი ამას გააკეთებს არა მხოლოდ მოქალაქე, არამედ ბიზნესი და ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეები.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ხარჯების ვერათვისებას, ამასთან დაკავშირებით აკაკი ცომაია ამბობს, რომ წლებით ჩამოყალიბებულ ამ პრაქტიკაზე უარის სათქმელად პროექტები უნდა იყოს კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული, ასევე უნდა იქნეს გამოკვეთილი სამიზნე ნიშნულები, უნდა გაკეთდეს ხარჯი-სარგებლის ანალიზი: დღეს რომ დაიხარჯა, შედეგად რა იქნება მომავალში.

„ზოგადად, საჭიროა პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა“, - ამბობს აკაკი ცომაია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG