Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურდული რენესანსის გადადებული დასასრული


„კანონიერი ქურდები“ საბჭოთა კავშირში იშვნენ, ქვეყანაში, სადაც, როგორც ყოფილი კანონიერი ქურდი, მწერალი და პოლიტიკოსი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, „დამნაშავეობა ბედი იყო და არა ბოროტმოქმედება“.

საბჭოთა კავშირი დაინგრა, პოლიტიკურ რუკაზე აღარც საბჭოთა საქართველოა, მეოთხედ საუკუნეზე მეტია „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“, მაგრამ, ამის მიუხედავად, კანონიერი ქურდები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას, არჩევენ დავებს, კრებენ ე.წ. „ობშიაკს“ და კვლავ სტაცებენ კომპეტენციას სახელმწიფოს. ქურდების ამგვარ სიცოცხლისუნარიანობას ობიექტურის გარდა (მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა), სუბიექტური მიზეზებიც (ხელისუფლების პოზიცია და გადაწყვეტილებები) განაპირობებენ.

საქართველო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ქურდული რესპუბლიკა იყო. თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი და სხვა ქალაქები - უხვად ამარაგებდნენ უზარმაზარ საბჭოეთს ე.წ. საკავშირო მნიშვნელობის (ვსესაიუზნი) კანონიერი ქურდებით. ლამის ყველა ბიჭი „ძველბიჭობაზე“ დებდა თავს და ქურდობაზე ოცნებობდა. საბჭოეთამდეც, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში, იმის გამო, რომ საქართველოს დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და ქვეყანაში რეალური გმირები აღარ არსებობდნენ,მისაბაძ გმირებად ითვლებოდნენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი, ტყეში გასული ყაჩაღები, მაგალითად, არსენა აღმოსავლეთ საქართველოში, ფირალები და აბრაგები - დასავლეთ საქართველოში. რუსეთის იმპერიის საბჭოთა კავშირით ჩანაცვლების შემდეგ, ხალხის ამგვარი კეთილგანწყობა დაუკავშირდა რუსეთში გადახვეწილ ქურდს, რომელიც განსაკუთრებული, ქურდული წესით ცხოვრობდა. სტალინის ეპოქაში, ფილმებშიც კი, ქურდები არ იყვნენ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური პერსონაჟები. დისიდენტობის გამო საბჭოთა ციხეებში ნაჯდომი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში სტალინი თვითონ იყო ბანდიტი და მიაჩნდა კიდეც, რომ კრიმინალური საქმიანობა, თუ კარგ საქმეს ემსახურებოდა, სულაც არ იყო სათაკილო და მიუღებელი. სტალინის მართვის მეთოდები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ასევე ძალიან ჰგავდა ქურდულს. იჯდა კრემლში, იბარებდა ხალხს თავისთან და ერთპიროვნულად წყვეტდა მათ ბედს. აკი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეც კანონიერი ქურდების წარმოშობის ორ არსებულ ვერსიას შორის უპირატესობას ანიჭებს ე.წ. გენეალოგიურს, რომლის მიხედვითაც, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი შეიქმნა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ლაგერებში - პოლიტპატიმრების საკონტროლოდ, კანონიერი ქურდების ლაგერებიდან გამოსვლის შემდეგ კი კონტროლის ეს მექანიზმი მთელ საზოგადოებაზე გავრცელდა.

გიგი თევზაძე. I
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00
გადმოწერა

გიგი თევზაძის თქმით, ქურდულ იდეას (ქურდულ კანონს) საფუძვლად უდევს ევროპის შუა საუკუნეების ბერების ქცევის კოდექსის მსგავსი წესები, რომლის შესაბამისად: ქურდს არ უნდა ჰქონდეს ქონება, უნდა დატოვოს ოჯახი და თვითონ არ დაოჯახდეს, არ იმუშაოს, არ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, არ გაწევრიანდეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, არ იმსახუროს ჯარში.

სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, ამგვარი აფიშირებული ასკეტიზმისა და საბჭოთა სასამართლოს მოუქნელობის გამო, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები (განსაკუთრებით ფარულ /აკრძალულ/ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულები) უფრო ქურდულ სასამართლოს ანიჭებდნენ უპირატესობას, ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებებს. ითვლებოდა, რომ ქურდი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი.

ემზარ ჯგერენაია. I
please wait

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00
გადმოწერა

ქურდული ცხოვრების წესი ნელ-ნელა საზოგადოების დიდი ნაწილის ქცევის განმსაზღვრელ, ერთ-ერთ ფარულ იდეალად იქცა. ამ გაიდეალებაში ლომის წილი ხელისუფლებასთან აფიშირებულ დაპირისპირებაზე მოდიოდა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში,თვითონ ხელისუფლება ლოიალური იყო ქურდული ცხოვრების წესის მიმართ, რადგანაც თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ იწერებოდა და ვრცელდებოდა ე.წ. ქურდული სიმღერები, მხატვრული ტექსტები, იღებდნენ ფილმებს, რომლებშიც ქურდები პოზიტიურ კონტექსტში იყვნენ წარმოჩენილი.

გიგი თევზაძის თქმით, სსრკ-ში ცხოვრების სამი პარადიგმული კონსტრუქციიდან (პარტიულ-ელიტარული, დისიდენტური და ქურდული) დიდი მსგავსება იყო ქურდულ და პარტიულ-ელიტარულ კონსტრუქციებს შორის, რადგან ორივე კონსტრუქცია შეიცავდა ავტორიტეტებისადმი მორჩილებას, პოლიტიკურ მსჯელობაზე უარის თქმას და შიდა ჩაკეტილ კარიერაზე ზრუნვას. „სწორედ ამ მსგავსების გამო მოხდა დაშლის პირას მისულ საბჭოთა კავშირში ამ ორი - ქურდული და ელიტარული - პარადიგმული ტიპის გაერთიანება“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიგი თევზაძემ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ე.წ. ქურდულმა სამყარომ საქართველოში ფორმალური ძალაუფლების მოპოვებაც კი შეძლო. მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ მოახერხა ფორმალური ძალაუფლების დაბრუნება, თუმცა ე.წ. „კანონიერმა ქურდებმა“ შეძლეს არაფორმალური გავლენის შენარჩუნება. ბალანსი ელიტარულ და ქურდულ კონსტრუქციებს შორის მკვეთრად ირღვევა 2004 წლიდან, როცა შევარდნაძის შემდეგ მოსული ხელისუფლება იწყებს ბრძოლას კანონიერი ქურდების წინააღმდეგ. 2004 წლის თებერვალში იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიგი უგულავამ თქვა, რომ ახალი მთავრობა იწყებს კანონიერი ქურდის ინსტიტუტთან კომპლექსურ ბრძოლას, უარს ამბობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოლონიური სისტემის პრაქტიკაზე და ამკაცრებს კანონმდებლობას.

გიგი უგულავა. I
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00
გადმოწერა

მოგვიანებით კანონმდებლობაში მართლაც შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დასჯადი გახდა როგორც კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის ოთარ კახიძის თქმით, ქურდებს ასევე ჩამოერთვათ დაუსაბუთებელი ქონება და დაყადაღდა მათი საბანკო ანგარიშები. მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა საპატიმროებში: საიმედოდ ჩაიკეტა ე.წ. ქურდული (4X9) კამერები, რამაც ქურდებს სხვა პატიმრების მართვის შესაძლებლობა მოუსპო. ქურდებს ჩამოერთვათ ძვირადღირებული ავტომობილები და მათ მდიდრულ სახლებში გაიხსნა პოლიციის განყოფილებები.

ოთარ კახიძე. I
please wait

No media source currently available

0:00 0:05:13 0:00
გადმოწერა

შედეგად, კანონიერი ქურდების გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ყოველი მათგანი დადგა არჩევანის წინაშე: წასულიყო ან ციხეში, ან ემიგრაციაში, თუმცა ბოლო წლების საინფორმაციო გამოშვებებისა და შს სამინისტროს ანგარიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქურდულმა სამყარომ მნიშვნელოვანწილად დაიბრუნა გავლენა.

ამას ოთარ კახიძე იმით ხსნის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, წინამორბედის დასამარცხებლად, ალიანსი შეკრა „ქურდულ სამყაროსთან“, რის სანაცვლოდაც მოუწია ნებაყოფლობით დაეთმო თავისი კომპეტენციის ნაწილი.

ოთარ კახიძე. II
please wait

No media source currently available

0:00 0:02:29 0:00
გადმოწერა

რამდენიმე თვის წინ ქურდული სამყაროს წევრობისთვის სასჯელის გამკაცრებაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება და შს სამინისტრო შეაშფოთა წლების წინ ქურდებისთვის დათმობილი კომპეტენციის წილის ზრდამ.

არადა, როგორც სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, კანონიერი ქურდის ინსტიტუტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაკნინდა როგორც თავისი არსით (სადღა არიან ასკეტი ქურდები, რომლებიც არ ცნობდნენ საკუთრებას და უარს ამბობდნენ ოჯახზე), ასევე საზოგადოებაზე გავლენის თვალსაზრისით.

ემზარ ჯგერენაია. II
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00
გადმოწერა

მეტიც, კანონიერი ქურდები საზოგადოებისთვის დიდწილად უხილავები გახდნენ (ან ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ან იხდიან სასჯელს, ანდა გადაადგილდებიან შეცვლილი საბუთებით და ა.შ.), თუმცა მათი ხილვადობაც მნიშვნელოვანწილად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: გამოჩნდებიან იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ხელისუფლება მისცემს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისცემს თუ არა ხელისუფლება მათ კომპეტენციის მიტაცების საშუალებას და გაუნაწილებს თუ არა ძალაუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG