Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის ახალ შენობას ითხოვენ


ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

„იმდენად კარგი და მნიშვნელოვანი დაწესებულებაა ჩვენი ქალაქისთვის, რომ ნამდვილად არ უნდა იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა და ყველა მოსწავლის სურვილია, რომ კარგ და ჯანსაღ გარემოში გვიწევდეს სწავლა. მაგალითად, დაფა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს, ნახევრად დაზიანებულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლილე სვანიძემ, რომელიც ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რამდენიმე წელია დადის და თავის სასურველ საგნებში ცოდნას იღრმავებს.

ლილე ამბობს, რომ ამორტიზებული შენობის ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება სასწავლო დაწესებულებას. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა შენობის პირველ სართულზე, სადაც ნესტის გამო იატაკი ბევრ ადგილას ჩავარდნილია, კედლები კი ჩამოშლილი და იქ მღრღნელებიც ბუდობენ. მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ითხოვენ მათი მშობლებიც.

"შენობა ავარიულია და ბავშვების ყოფნა სახიფათო. ჩვენი ქალაქის ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს პირობებს. მოხარული ვიქნებით, თუ ქალაქის თვითმმართველობა ჩაერთვება და უზრუნველყოფს უკეთესი გარემოს შექმნას“, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის დედა, ირინე აჟანდაძე.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

ქუთაისში, თამარ მეფის 105 ნომერში მდებარე სამსართულიანი შენობის ორი სართული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უკავია, მესამე სართული კი - სამხატვრო სკოლას. რამდენიმე ათეული წლის შენობა თავდაპირველად ერთ-ერთი საწარმოს მუშების საერთო საცხოვრებელი იყო. მოგვიანებით იქ ჯერ პროფსასწავლებელი გაიხსნა, შემდეგ კი ლიცეუმი და კერძო სკოლა. ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ამ შენობაში 2011 წლიდან დროებით განთავსდა მას შემდეგ, რაც ირაკლი აბაშიძის გამზირიდან, ყოფილი პიონერთა სასახლის შენობიდან გადმოიყვანეს. პარლამენტის მახლობლად მდებარე ყოფილ პიონერთა სასახლეში რეკონსტრუქციის შემდეგ იუსტიციის სახლი გაიხსნა.

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

სასახლის ამჟამინდელ შენობაში გაუსაძლის მდგომარეობაზე ლაპარაკობენ პედაგოგებიც. მათი თქმით, მოსწავლეებისთვის პირობების გაუმჯობესებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. სასწავლო დაწესებულებას არც ახალი ინვენტარი აქვს. ძველი დაფები, სკამები და მაგიდები დაშლილია და ზოგჯერ პედაგოგები დაფის ნაცვლად კედლებს იყენებენ:

„გეოგრაფიის მასწავლებლის ნამუშევარია. რომ არ ჰქონდა საშუალება, რომ აეხსნა და გაეგებინებინა მოსწავლეებისთვის, იმუშავა კედელზე“;

„ისეა დაზიანებული დაფის ნახევარი, ვერ ვწერ. ბავშვები ვერ ხედავენ ფიზიკურად დაფას და ვერ ვმუშაობ“;

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

„მეცოდება ბავშვები ასეთ პირობებში. ძალიან ძველი შენობაა და საშინელი სუნია. ფანჯრები უნდა დავაღოთ, რომ ცოტა პირობა შევქმნათ ბავშვებისთვის“;

„წყალი ზედა მხრიდან სარდაფებში შემოდის და სიცხეში ორთქლდება და ამოდის მთელი ოხშივარი ჭაობის და სიბინძურის. კარი და ფანჯარა რომ არ მქონდეს ღიად, ოთახში ვერ გავჩერდები, ისეთი მდგომარეობაა“, - ამბობენ სკოლის პედაგოგები.

21-ე საუკუნისთვის შეუსაბამო და ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი - ასე აფასებს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელი მარინა მარჯანიშვილი იმ შენობის მდგომარეობას, სადაც 35-მდე წრეში 2 000-მდე ბავშვი სწავლობს. როგორც მარინა მარჯანიშვილი ამბობს, მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და შენობის ოთახები არასაკმარისია, რადგან უკვე არსებულ ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა დაწესებულ ნორმას ორჯერ აღემატება. შენობის პირველ სართულზე შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გამო კი ჯგუფების განთავსება უწევთ მეორე სართულზე და ერთ კლასში ზოგჯერ ორი წრე მუშაობს:

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

„უმძიმესი მდგომარეობაა. იატაკი ირყევა და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ჩავარდეს ბევრი ბავშვის შემოსვლის შემთხვევაში. ძალიან ვცდილობთ, რომ პირველი სართული ნაკლებად იყოს დაკავებული, თუმცა მეორე სართულზე ოთახების რაოდენობა არ გვყოფნის. ფიზიკურად შეუძლებელია სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს იმ დონეზე, 21-ე საუკუნის ბავშვს რომ შეეფერება. არ გვაქვს ინვენტარი. დაფა, სკამი, მაგიდა - არაფერი არ გვაქვს“. - როგორც მარინა მარჯანიშვილი ამბობს, სასახლისთვის შესაფერისი შენობის გამოყოფის თხოვნით ორი წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა - სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართა. სასახლე ექვემდებარება კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას, რომელიც, თავის მხრივ, ქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი განმარტავს, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობები თვითმმართველობის საკუთრებაში არ არის, შენობა-ნაგებობები კერძო ან სხვადასხვა სამინისტროს საკუთრებაა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისთვის შესაფერისი შენობის გადმოსაცემად მერიამ უწყებებს უკვე მიმართა:

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

„გაგზავნილია წერილები და მიმდინარეობს მსჯელობა შენობებზე, თუმცა ყველა შენობა რემონტს მაინც მოითხოვს. ასე რომ, შენობას გადმოცემის შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს განხორციელდეს მიმდინარე სასწავლო წელს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სასწავლო პროცესისთვის მზად შენობა, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლისთვის იქნება“.

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთათვის სწავლა უფასოა და პედაგოგების ხელფასები და კომუნალური ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკოლის გარე განათლებისა და გამართული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, თანამედროვე სტანდარტების მქონე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და შესაბამისი განათლების მიცემის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ პროგრამის მთავარი მიზანია, რომელსაც კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ახორციელებს. 2018 წლის ქუთაისის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანებისთვის, რომელსაც 20-მდე ორგანიზაცია ექვემდებარება, 3 მილიონ 150 ათასი ლარია გამოყოფილი. თანხა 250 ათასით აღემატება გასული წლისას. დოკუმენტის მიხედვით, თანხა თითქმის მთლიანად გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციების 700-ზე მეტი პედაგოგისა და თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებას ხმარდება.

XS
SM
MD
LG