Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევნებამდე 10 დღით ადრე გაიხსნა


ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტმა პირველ სასწავლო წელს 246 სტუდენტი მიიღო.

უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ღონისძიებაში ონლაინ გერმანიიდან ჩაერთო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ცერემონიის დასასრულს პირველკურსელთა ნაწილმა ფიცი დადო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე. სტუდენტები შეისწავლიან მენეჯმენტს, მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი სტუდენტი გამხდარიყო და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი მათემატიკასა და ინგლისურში 25 %-მა გადალახა.

უნივერსიტეტში სწავლა შერეული სისტემით წარიმართება, 22 ოქტომბრიდან სტუდენტები კვირაში სამ დღეს ონლაინ ისწავლიან, 2 დღის განმავლობაში კი აუდიტორიებში.

უნივერსიტეტის პროგრამები შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან როგორც ქართველი აკადემიური პერსონალი, ასევე გერმანელი პროფესორები.

უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გახდა ცნობილი, პირვანდელი ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებელი 60 ათას სტუდენტზე იყო გათვლილი.

ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, აკადემიური კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელი და სხვა დამხმარე კორპუსების ნაწილი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი 4-5 წელიწადში დასრულდება. მომავალ წლებში დაემატება სასწავლო პროგრამებიც: „ეს სამი საგანმანათლებლო პროგრამა შექმნის ბაზას სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის“.

2020-21 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტს არ მიუღია უცხოელი სტუდენტები, რაც, როგორც რექტორი განმარტავს, კოვიდპანდემიის გამო არ ჩათვალეს მიზანშეწონილად.

„სიტუაციის გამოსწორების პარალელურად ჩვენ დავიწყებთ საერთაშორისო რეკრუტირების კამპანიას“, - აღნიშნა რექტორმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტში ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებს ფონდი „ქართუ“. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, დაგეგმილია 20-მდე შენობის მშენებლობა.

2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში, 150 ჰექტარზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა, რამდენჯერმე გადაიწია უნივერსიტეტის გახსნის თარიღმა. თემა არჩევნებიდან არჩევნებამდე აქტიურდებოდა. შეიცვალა უნივერსიტეტის სახელწოდება და „ტექნოლოგიური“ „საერთაშორისომ“ ჩაანაცვლა. მნიშვნელოვნად შემცირდა თავდაპირველად დაგეგმილი მისაღები სტუდენტების რაოდენობაც.

ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებითვე, უნივერსიტეტის გახსნა არჩევნებამდე 10 დღით ადრე წინასაარჩევნო, პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება და სასწავლო პროცესის დაწყებასთანაა დაკავშირებული.

„2020 წელს სწავლის დაწყება დაანონსდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ და უნივერსიტეტის გახსნა სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური 2250 ლარია. უცხოელი სტუდენტებისთვის კი 3500 დოლარი იქნება.

უნივერსიტეტის პირველმა სტუდენტებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად 5 ოქტომბერს დაიწყეს.

XS
SM
MD
LG