Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთათელ-გაენათელის უსაზღვრო რუსოფილია


ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარემ, იოანე გამრეკელმა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზებაში ევროპა დაადანაშაულა. „ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით, დაკვეთა იყო ევროპიდან, რომელიც ებრძოდა პოლიტიკურ ელიტას მთელს რუსეთის იმპერიაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

ევროპა კლავს, რუსეთი აცხონებს?

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის ბრალდება თავდაყირა დააყენებდა ქართულ ისტორიოგრაფიას, მისი ნათქვამი რამე სახის დოკუმენტურ ან ფაქტობრივ მასალას რომ ეყრდნობოდეს. ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 112 წელია გასული და ამ ხნის განმავლობაში არცერთ ქართველ ან უცხოელ ისტორიკოსს მსგავსი არც არაფერი დაუწერია და არც არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, მიტროპოლიტი იოანე არაზუსტად ციტირებს თავისივე თავს, უფრო ზუსტად, მის მიერ სამეცნიერო-საზოგადოებრივ ჟურნალ „სამ საუნჯეში“ (2014 წ. N2) გამოქვეყნებულ წერილს, სათაურით „საქართველოს გზა“. იოანე გამრეკელი ხუთი წლის წინ წერდა:

„ბოლშევიკების იდეოლოგია ევროპიდან იყო ექსპორტირებული რუსეთში. რუსეთი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი ევროპაში გავრცელებული ათეიზმისა და სოციალ-დემოკრატიული იდეებისა. ევროპამ და ამერიკამ დააფინანსეს ჯერ რევოლუცია და მერე სამოქალაქო ომი რუსეთში“.

ამ წერილში არაფერია ნათქვამი არც ილიას მკვლელობასა და არც მკვლელობის შემკვეთზე. როგორც ჩანს, ხუთი წელი დასჭირდა „ლოგიკური ჯაჭვის“ აგებას: ილიას მწვავე პოლემიკა ჰქონდა სოციალ-დემოკრატებთან, რუსული სოციალ-დემოკრატია დაეყრდნო მარქსიზმს, მარქსიზმის ფუძემდებლები გერმანიიდან იყვნენ, გერმანია კი ევროპის ცენტრალური ქვეყანაა და, შესაბამისად, ევროპამ მოკლა ილია. მხოლოდ და მხოლოდ ამ „ლოგიკურ ჯაჭვსა“ და რუსეთისადმი პიეტეტს ეყრდნობა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ევროპის დავალებით.

სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძეს მჭიდრო შემოქმედებითი და პოლიტიკური კავშირები ჰქონდა გაბმული სწორედ ევროპელ მოღვაწეებთან, მარტო გერმანელ არტურ ლაისტთან და ინგლისელ უორდროპებთან მეგობრობა რად ღირს. ილიას მოწვევით საქართველოში ჩამოსული ლაისტი საერთოდაც საქართველოში, თავის მეორე სამშობლოში დაიკრძალა, ოლივერ უორდროპმა კი არნახული ძალისხმევა გასწია საქართველოს სახელმწიფოს აღიარებისათვის.

ჟურნალი „სამი საუნჯე“, სადაც იოანე გამრეკელის სტატიაა გამოქვეყნებული, ცხადია, ილიას სამი ღვთაებრივი საუნჯის მიხედვით ატარებს ამ სახელს.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას“, - ცხადია, როცა ამ სიტყვებს წერდა ილია, ქართველთა სამ საუნჯეს საფრთხეს უქმნიდა რუსეთი და არა ევროპა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ქართულად სწავლებაც შეზღუდული იყო და მღვდელმსახურების ჩატარებაც. შემთხვევით არ იყო, რომ აკაკი წერეთელი წერდა:

„ექსარხოსი სწირავდა ფორმად სლავენურადა, მლოცველებს არ ესმოდათ, ქონდათ სანანურადა“.

ილიას დაფუძნებული „საქართველოს მოამბეც“ იმის გამო დახურეს, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს ხსენება არც პერიოდიკაში, არც საქმის წარმოებაში. გამოსავლის სახით მოიძებნა „ივერია“.

არც ეკლესიები შეუთეთრებიათ...“

იოანე გამრეკელმა ასევე განაცხადა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ცნობილი გამონათქვამი რუსეთის იმპერიის დროს ქართული ეკლესიების ფრესკების გათეთრების შესახებ. მისი თქმით, საქართველოში ნიკოლოზ პირველის ვიზიტის დროს კედლები გადაათეთრეს არა იმის გამო, რომ ქართულ ეკლესიას და ფრესკებს ებრძოდნენ, არამედ იმიტომ, რომ კედლებზე ძველი მხატვრობა გადაშლილი იყო, ამიტომ ისინი შეათეთრეს და იქ ხატები განათავსეს.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი ქართული ფრესკების გათეთრებასაც იმავე 2014 წელს ჟურნალ „სამ საუნჯეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამართლებს:

„საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელიც მას უნდა გაევლო იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო შემორჩენილი, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს. არ აუკრძალავთ ქართულად წირვა-ლოცვა. სლავურად მსახურება სრულდებოდა საკათედრო ტაძრებში და იქ სადაც რუსულენოვანი მრევლი იყო, სამხედრო გარნიზონის სობოროში, რუსების მიერ აშენებულ ტაძრებში. ქართული ენა ზოგადად ღმრთის მსახურებისათვის აკრძალული არ ყოფილა“.

არადა, ყველაფერი პირიქით იყო. სხვა შემთხვევაში ივანე ჯავახიშვილი არ იტყოდა, რომ: „არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას“-ო. („სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა XIX საუკუნის საქართველოში“).

გავიხსენოთ ეგზარქოს პავლე ლებედევის წყევლაც: „დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი“, - ამ წყევლის (შეჩვენების) ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის, მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო.

რუსეთის იმპერიამ ფიზიკურადაც შეავიწროვა საქართველოს ეკლესია: აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად მხოლოდ 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დატოვა. ამასთან, რუსეთის ბიუროკრატიამ და რუსმა ეგზარქოსებმა ხალხს მოუსპეს მთავარი - ღვთისმსახურება და ლოცვა მშობლიურ ენაზე; დაუკეტეს, შეუღებეს და დაუნგრიეს ტაძრები; გააუქმეს ეპარქიები; შეამცირეს სამრევლოები; გარეკეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები; მოსახლეობას წაართვეს ხატები და ჯვრები. დაიწყო საეკლესიო საგანძურის უკონტროლო გატანა. რუსეთის მუზეუმები და ეკლესიები დღესაც სავსეა საქართველოდან გატანილი სიწმინდეებით, რომელთა დასაბრუნებლად საპარლამენტო კომისიაც კია შექმნილი.

თუმცა, მიუხედავად ყოველივე ამისა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მაინც ამბობს: „ღვთის განგებამ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევით ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, ერმა არა თუ ენა და და სარწმუნოება დაკარგა, არამედ თანამედროვე ქრისტიანული კულტურა შექმნა. რუსეთმა გააუქმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, დიდი დანაშაული და შეცდომაა რუსეთის იმპერიისა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ტაძრების ნგრევა, მონასტრების აოხრება, ქრისტიანობის დევნა. პირიქით, ქართველი თავადების მიერ მიტაცებული საეკლესიო მიწები ეკლესიას დაუბრუნეს“.

გიპყრობს ე.ი. უყვარხარ?!

იოანე გამრეკელი არ უარყოფს, რომ რუსეთმა საქართველოს სამეფო გააუქმა, მაგრამ იქვე გამოთქვამს ვარაუდს დამპყრობლის გასამართლებლად: „იქნებ ამ დანაშაულში გარკვეული წვლილი ჩვენს იმ დროინდელ პოლიტიკურ ელიტასაც მიუძღვის?“

თუმცა, მალევე შენიშნავს, რომ ამ „დანაშაულმა“ საქართველოს მხოლოდ სიკეთე მოუტანა: „თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსათვის დადებითი იყო. შეიქმნა განათლების სისტემა, კულტურა და ა.შ. საბოლოო ჯამში რუსეთის იმპერიის წიაღში ჩვენი ყოფნა მაინც სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის“.

და ეს მაშინ, როცა 1801-1832 წლებში რუსეთის იმპერიამ სისხლში ჩაახშო არაერთი აჯანყება, 1921-1924 წლებში იგივე გააკეთა რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ, რომელიც მთელი მომდევნო 70 წლის განმავლობაში ტერორითა და ძალადობით ინარჩუნებდა ძალაუფლებას; მოაწყო სისხლიანი ანგარიშსწორება 1989 წლის აპრილში, 1992-93 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში... ყოველივე ამის მიუხედავად, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, „უფალმა განაგო ჩვენი ერის გადარჩენა ფიზიკურად, სულიერად, ზნეობრივად, ეკონომიკურად, რუსეთის წიაღში. ეს ღმერთის განგების საკითხია და წინ ნუ აღვუდგებით მას“-ო.

წინ აღდგომაში, იოანე გამრეკელი, ევროპასთან დაახლოების სურვილს მიიჩნევს. მიტროპოლიტის მტკიცებით, საქართველო ევროპული გზის არჩევის შემთხვევაში ვერც ეკონომიკურად იხეირებს („დასაფიქრებელია რატომ აღმოჩნდა ევროკავშირში გაერთიანებული რამდენიმე ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ-ფინანსურ კრიზისში?“) და ვერც პოლიტიკურად, რადგანაც, მისი თქმით, „ევროპა გვპირდება, რომ იქნება გარკვეული გარანტი ჩვენი დაცვისა რუსეთის ექსპანსიისაგან. დღემდე ევროპამ საქმით არ დაგვიცვა და ვერც დაგვიცავს. როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, საქართველოში ხან გერმანული კორპუსი შემოვიდა და ხან ინგლისური, მაგრამ ჩვენ ბოლშევიკების ექსპანსიისაგან არცერთს დავუცვივართ“.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი 5 წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო დგას არჩევნის წინაშე: „აქეთ რუსეთი, იქით - ევროპა და ამერიკა, რომელიც თავს დასავლეთს უწოდებენ დღეს“.

იოანე გამრეკელი არ უარყოფს, რომ ქრისტიანობა საქართველოში დასავლეთიდან შემოვიდა, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ „ჩვენ ავირჩიეთ არა ევროპა და ევროპული ღირებულებები, არამედ უფალი და მისი სიტყვა, სჯული, რომელიც იმ დროს ვრცელდებოდა ევროპაში“-ო.

რა არჩევანი გავაკეთოთ დღეს? - კითხულობს მიტროპოლიტი.

მისი არჩევანი ნათელია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG