„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს სახელმწიფო შესყიდვებზე და თვლის, რომ ამ სფეროში სისტემური პრობლემებია:
„ეს ადამიანები წყვეტენ, რომ, მაგალითად, ფანქარი, რომელიც მაღაზიაში ღირს 1 ლარი, იყიდონ 5 ლარად, 10 ლარად. ოღონდ, ეს ფული არის ჩვენი. დღემდე, მიუხედავად დასკვნებისა, მიუხედავად ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიერ ამაზე საუბრისა, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშებისა, არ მახსენდება პირი, რომელმაც პასუხი აგო ამგვარ გადაწყვეტილებაზე.
ტენდერის ერთ-ერთი ფორმა, როცა განსაკუთრებით ხშირია მსგავსი შემთხვევები, არის სპეციალური წესით შესყიდვები, რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო შპს-ები.
...მაკონტროლებელი ვინ უნდა იყოს ამ ყველაფრის? შესყიდვების სააგენტო, ხო? მე აქ მაქვს წერილი, რომლითაც შესყიდვების სააგენტო მეუბნება, რომ ჩვენ ამგვარ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და, შესაბამისად, სააგენტოში ამგვარი შესყიდვების სტატისტიკა საერთო არ გვაქვსო.
მე ვლაპარაკობ ისეთ მსხვილ კომპანიებზე, როგორებიცაა რკინიგზა, ტრანსპორტის კომპანია, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა და ა.შ..
ამ კომპანიების უმრავლესობა ბოლო წლების განმავლობაში არის წამგებიანი.
ძალიან ბევრ ფულს ვიხდით ამ ორგანიზაციების მენეჯმენტშიც კი. თითქმის ყველა ხელმძღვანელს 100 ათას ლარზე მეტი აქვს წლიური ხელფასი.
3 მილიონამდე ვუხდით ამ წამგებიანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
...პასუხისგების დაკისრების ბერკეტი არსებობს, ოღონდ მე ამუშავებული არ მინახავს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან სისტემა, ჩინოვნიკები და კონკრეტული ბიზნესწრეები, რომ ისინი ერთმანეთს ამით კვებავენ. ბუნებრივია, ამ წრის ინტერესებში არ შედის, ვინმემ პასუხი ააგოს. ყველა დონემდე ჩავიდა ამგვარი მიდგომები“.