როგორ ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები - რა წერია მემორანდუმში
მოლაპარაკებების მეხუთე მცდელობის შედეგად ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ერთობა საარჩევნო სისტემის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდა. მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი იქნება. ასეთია ის გადანაწილება, რომელსაც ორივე მხარე დათანხმდა. თუმცა არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა, სადაც კომპრომისია მიღწეული და ორივე მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს.
მომავალ პარლამენტში მთავრობის დასაკომლექტებლად პარტიამ მინიმუმ ხმების 40 პროცენტი უნდა მიიღოს. საარჩევნო ბარიერი იქნება 1%. ამავე წესით გაიმართება ვადამდელი არჩევნები, თუ ამის საჭიროება 2020 წლის არჩევნების შემდეგ დადგება. 2024 წლიდან კი ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ოპოზიციის ლიდერების თქმით ცალკე მოხდა შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებაც, თუმცა შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებამ ისევ გაიმეორა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და ევროპელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ. „ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმება.
შეთანხმების შემდეგ კი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.
ქალები ფემიციდის წინააღმდეგ - 8 მარტის აქცია თბილისსა და რეგიონებში
ფემიციდი წელს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის მთავარი თემა იყო. ათობით ქალი ფილარმონიასთან შეიკრიბა სლოგანით - „დამნაშავე ხარ“. მათ აქცია-პრეფორმანსით ქალთა გახშირებული მკვლელობა გააპროტესტეს. პროტესტის ფორმად კი ჩილეში 4 წლის წინ გამართული აქციის შეძახილები და ცეკვა გამოიყენეს, რომელიც მას მერე მსოფლოში არაერთ ფემინისტურ აქციაზე გამეორდა.
ქალთა მოძრაობამ აქციაზე ფემიციდის უახლესი მონაცემებიც გააცნო საზოგადოებას, რომლის მიხედვითაც ბოლო 2 თვეში 8 ქალი მოკლეს საქართველოში.
ქუთაისში კი 8 მარტთან დაკავშირებით ფემინისტური ტური გაიმართა. ორგანიზატორებმა ტურის მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს როგორ იწყებოდა საუკუნის წინ ქალაქში ფემინისტური მოძრაობა.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ სიახლეები გახდება ცნობილი
ბოლო მონაცემებით საქართველოში 13 ადამიანია, ვისაც კორონავირუსი უდასტურდება. აქედან 12 თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ერთი საჩხერის საავადმყოფოში.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგის ცერცვაძის თქმით თბილისში მყოფი პაციენტებიდან, ორის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა. ექიმების თქმით ერთ-ერთს შესაძლოა მართვით სუნთქვაზე გადასვლა დასჭირდეს. დანარჩენებიდან ერთ პაციენტს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს, ხოლო 9-ს მცირე ტემპერატურა და ყელის ტკივილი აწუხებს.
გუშინ დღის ბოლოს ლაბორატორიიდან 17 პირის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ.
ამ თემაზე ასევე ნახე:
ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა, ცოტა ხნის წინ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი მოინახულა და ადგილზევე გასინჯა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი ამჩნევია.
ელდარ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს. მისი ცოლი ამბობდა, რომ საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას ეზოს მახლობლად, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.
წონაში დაკლება, საგნების ჩატოვება თუ მღვდლად აღკვეცა? - წვევამდელთა დილემა
ყოველ წელს ასობით წვევამდელი ხელოვნურად არიდებს თავს სამხედრო სამსახურს, რომელიც საქართველოში სავალდებულოა. თუმცა ამისთვის, მაგალითად, 2019 წელს არავინ დასჯილა. თორნიკე მანდარიამ გაარკვია როგორ ახერხებენ წვევამდელები თავი დააღწიონ ვალდებულებას ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ. მან თავად გაიარა ის ლეგალური გზა, რომლებსაც ბოლო დროს ხშირად იყენებენ.
წვევამდელების სტატისტიკა, პირადი გამოცდილება, ექსპერტის მოსაზრებები და ჟურნალისტური ექსპერიმენტი ნახე აქ.
ვატიკანი, წმინდა პეტრეს მოედანი. ათობით ადამიანი, ნიღბებით უსმენს პაპის საკვირაო ქადაგებას, რომელიც ვირუსის გამო პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
▪️ ნეტავ მცოდნოდა, რა უნდა მეთქვა ჩემი თავისთვის, როდესაც ცხოვრებას ვიწყებდი - შვიდი ქალის რჩევა ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.
▪️ საუბრობენ ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან - საქართველო, ირანი, მონტენეგრო, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, ტაჯიკეთი.