Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, უკრაინის დახმარება შემცირდება?


აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი

უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის ჯარებმა შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ კონტრიერიშებში. გარდა შეუპოვრობისა და ჭკვიანური ტაქტიკისა, მათ ამაში დიდი დახმარება გაუწია მძლავრმა დასავლურმა იარაღმა.

შეერთებულმა შტატებმა კიევს უფრო მეტი შეიარაღება, ფინანსური და სხვა სახის დახმარება აღმოუჩინა, ვიდრე ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ ერთად აღებულმა: უკრაინამ ვაშინგტონისგან 60 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

ეს დახმარება არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ვაშინგტონში. ეს არაერთგვაროვანი პოზიცია განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს კონგრესის შუალედური არჩევნების წინა კამპანიაში, რომელიც 8 ნოემბერს აღწევს კულმინაციას.

მაშინ, როცა უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის ამერიკელ ამომრჩეველთა ნომერი პირველი პრობლემა, სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი კანონმდებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას უკრაინისთვის განუსაზღვრელი ვადით დახმარების აღმოჩენის გამო. ასევე ფიქრობს ზოგიერთი დემოკრატიც.

აშშ-ის სენატის დელეგაცია მიჩ მაკონელის ხელმძღანელობით (მარცხნიდან მეორე) შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. კიევი, 14 მაისი.
აშშ-ის სენატის დელეგაცია მიჩ მაკონელის ხელმძღანელობით (მარცხნიდან მეორე) შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. კიევი, 14 მაისი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს, რომ რესპუბლიკელები მზად არიან, კონტროლი მოიპოვონ წარმომადგენელთა პალატაში, სადაც 435 ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. სენატში მხოლოდ 34 ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ძალზე ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას. დემოკრატები 2020 წლის შემდეგ აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას.

რესპუბლიკელთა ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებები არ მოხდება.

„მე ვფიქრობ, ხალხი რეცესიაში აღმოჩნდება და უკრაინას კარტ ბლანშს არ გამოუწერენ,“ განაცხადა კონგრესმენმა კევინ მაკკარტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. თუ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს, მაკკარტი მისი სპიკერი გახდება. მას დიდი წონა ექნება საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეებად უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ კანონმდებელთა დასანიშნად. ასევე მას გავლენა ექნება იმის გადაწყვეტაზე, რომელი კანონები იქნება გატანილი კონგრესში განსახილველად.

წინასაარჩევნო გამოკითხვები ნათელყოფს, რომ ამერიკელთა მთავარი სატკივარია სარეკორდოდ მაღალი ინფლაცია, ბენზინის ფასები, მზარდი დამნაშავეობა, მოახლოებული რეცესია და სხვა ეკონომიკური პრობლემები - საკითხები, რომლებშიც რესპუბლიკელები ტრადიციულად უფრო ძლიერად მიიჩნევიან. უკრაინის ომი, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით მუქარა და სხვა საგარეო-პოლიტიკური საკითხები ნაკლებად შესამჩნევია საარჩევნო კამპანიის დროს.

თუმცა კონგრესში კანონმდებელთა მცირე ჯგუფმა ეჭვქვეშ დააყენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის იარაღის უხვი რაოდენობით მიწოდება.

მაისში წარმომადგენელთა პალატამ 368 ხმით 57-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას. 57-ვე წინააღმდეგი ხმა რესპუბლიკელებისა იყო.

საბოლოოდ კანონპროექტი სენატმაც მოიწონა, მაგრამ კენჭისყრამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელთა ერთი ფრთა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ომის წინააღმდეგი იყო, უკრაინის დახმარების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კიევში, ჯონ ჰერბსტმა, მაკკარტის კომენტარს შემაშფოთებელი უწოდა, მაგრამ, მისი თქმით, კონგრესის ერთ ან ორივე პალატაზე რესპუბლიკელთა კონტროლი მატერიალურ გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაგზავნას,“ თქვა ჰერბსტმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსია.

„ჩემთვის დამაჯერებლად გამოიყურება ცოტა ნაკლები, ვინაიდან ძალიან ბევრს ვაძლევთ, მაგრამ გამიკვირდება, ჩვენს დახმარებაში სერიოზული უკუსვლა რომ მოხდეს,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი (მარცხნივ) და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე. ვაშინგტონი, 20 ივლისი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი (მარცხნივ) და უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე. ვაშინგტონი, 20 ივლისი.

ჰერბსტის თქმით, რესპუბლიკელთა უმრავლესობა „როგორც ჩანს, გრძნობს სამხედრო დახმარების აუცილებლობას“.

თუკი რესპუბლიკელები სენატზე კონტროლს დააწესებენ, მისი ლიდერი გახდება მიჩ მაკონელი. ვეტერანი სენატორი თავის გამოსვლებში მხურვალედ ემხრობა უკრაინის დახმარებას.

„უკრაინის დახმარება არაა რაღაც სიმბოლური ჟესტი, რომლის გამოც თავს კარგად ვიგრძნობდით. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ინვესტიცია ჩვენს საკუთარ და ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებაში,“ თქვა სენატორმა სექტემბერში.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინა მოამარაგონ იმ საშუალებებით, რაც უკრაინას ესაჭიროება რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად,“ დასძინა სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა.

დემოკრატთა ეჭვები

მაგრამ საქმე მარტო რესპუბლიკელებს არ ეხება.

გასულ თვეში წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის 30-მა კანონმდებელმა, რომლებიც მემარცხენე ფრთას ეკუთვნიან, ბაიდენს წერილი გაუგზავნა. მასში კონგრესის წევრები ადმინისტრაციას სთხოვდნენ, სხვათა შორის, კრემლთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა ომის დასასრულებლად.

მოგვიანებით წერილი უკან წაიღეს მას შემდეგ, რაც ის თანაპარტიელებმა, მათ შორის ზოგიერთმა ხელის მომწერმა, გააკრიტიკეს.

კონგრესის წევრები ფეხზე ამდგარები ესალმებიან ოლენა ზელენსკას. ვაშინგტონი, 20 ივლისი.
კონგრესის წევრები ფეხზე ამდგარები ესალმებიან ოლენა ზელენსკას. ვაშინგტონი, 20 ივლისი.

მიუხედავად ამისა, ნებისმიერმა მინიშნებამ, რომ რესპუბლიკელებს თუ დემოკრატებს არ სურთ უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოჩენა, შეიძლება გაათამამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

„აშშ-ის სიგნალებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის გათვლებზე გავლენის მოსახდენად,“ დაწერა 24 ოქტომბერს ტვიტერში რობ ლიმ, აშშ-ის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა და ლონდონის კინგს კოლეჯის სამხედრო ექსპერტმა. „კრემლი თუ ჩათვლის, რომ აშშ ერთგულია ხანგრძლივი პერსპექტივით უკრაინის დახმარებისა, უფრო დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ის მალე დათანხმდება მოლაპარაკებებში მონაწილეობას“.

ახლახან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელსაც არჩევნების შემდეგ დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელობას უწინასწარმეტყველებენ რესპუბლიკელთა წარმატების შემთხვევაში, განაცხადა, რომ „რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობაში არავინ გამოსულა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მოწოდებით“.

3 ნოემბერს კიევში ვიზიტისას რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა და დემოკრატმა სენატორმა კრის კუნსმა გაიმეორეს, რომ აშშ მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მხარდაჭერა გაგრძელდება შუალედური არჩევნების შედეგებისგან დამოუკიდებლად.

პური და კარაქი, არა თოფები და კარაქი

უკრაინასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა შერეულ სურათს გვაძლევს.

როგორც Pew Research-ის მიერ სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი და რესპუბლიკელებთან ახლოს მდგომი ამომრჩეველი ამბობს, რომ ვაშინგტონი ძალზე ბევრ დახმარებას აწვდის უკრაინას. სექტემბერში მათი წილი 32% იყო, მაშინ, როცა მარტში ეს მაჩვენებელი 17%-ს უდრიდა. დემოკრატთა შორის 11%-ს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ძალზე დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. მაისში ეს მაჩვენებელი 8% იყო.

რაც შეეხება იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკა არასაკმარის დახმარებას უწევს უკრაინას, მათი რაოდენობა 18% არის. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე მარტის მაჩვენებელი - 42%.

ზოგი კანონმდებელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ იყენებს უკრაინა ამერიკისგან მიღებულ დახმარებას, რაც განპირობებულია უკრაინის რეპუტაციით: ის ენდემური კორუფციითა და კანონის უზენაესობის დეფიციტით არის ცნობილი.

ვაშინგტონელი დენიელ ვაიდიჩი, რომლის კომპანია Yorktown Solutions-ი უკრაინისთვის ლობირებას ეწევა, ამბობს, რომ კიევმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ ახსნას, როგორ იყენებს მიღებულ დახმარებას, განსაკუთრებით - არასამხედრო სფეროში.

მისი თქმით, ლობირებისას უკრაინამ უფრო „ნიუანსირებული“ მიდგომა უნდა გამოიყენოს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან.

მოახლოებული რეცესია

8 ნოემბრის არჩევნებს „შუალედური“ ეწოდება, ვინაიდან ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, საპრეზიდენტო ვადის ზუსტად შუაში ტარდება. ისტორიულად პარტია, რომელიც აკონტროლებს თეთრ სახლს, თითქმის ყოველთვის კარგავს მანდატებს კონგრესის შუალედურ არჩევნებში.

ასევე ისტორიული კანონზომიერებაა, რომ შუალედურ არჩევნებში მთავარი ადგილი ეკონომიკურ საკითხებს უკავია.

თუკი აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჩაეშვება უახლოეს თვეებში, როგორც ამას ბევრი ექსპერტი წინასწარმეტყველებს, შესაძლოა კიდევ უფრო შესუსტდეს უკრაინისთვის ასეთი მაღალი დონის დახმარების აღმოჩენის მიმართ მხარდაჭერა.

თუმცა თუკი კვლავ გამოჩნდება რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების დადასტურებული ფაქტები, ამან შესაძლოა გამოაცოცხლოს დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერა, მიაჩნია საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, უილიამ კორტნის, რომელიც ამჟამად ანალიტიკურ ცენტრ RAND Corporation-ის ანალიტიკოსია. ცენტრს ნაწილობრივ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლა ვაშინგტონში. 6 მარტი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლა ვაშინგტონში. 6 მარტი.

„როცა უკრაინელები რუსების მიერ ოკუპირებულ მეტ მიწას დაიბრუნებენ და სიმხეცის შემთხვევები გამოვლინდება, ეს გააძლიერებს უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისა და ევროპის პოლიტიკურ მხარდაჭერას,“ უთხრა კორტნიმ რადიო თავისუფლებას.

„მაშინ, როცა გრძელდება ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების წარმატებები, გარკვეული ცვლილებების შემთხვევაშიც კი (მაგალითად, თუკი რესპუბლიკელები დაამყარებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაზე) არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ეს გავლენას მოახდენს დახმარების მოცულობაზე,“ თქვა კორტნიმ.

იმის შიშით, რომ რესპუბლიკელთა კონტროლის შემთხვევაში უკრაინის დახმარება შემცირდება, დახმარების მომხრეთაგან ზოგი მოითხოვს, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხი გადაწყდეს დეკემბერშივე, სანამ ახალი კონგრესი ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას შემდეგ თვეში. უკრაინის დახმარება იქნებოდა ნაწილი უფრო ფართო კანონპროექტისა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება 2023 წელსაც.

XS
SM
MD
LG