„ვის მოგწონთ, როდესაც პრეზიდენტი უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავს თავის მეგობრებსა და ჯარის ამხანაგებს? რატომ ხდება ეს ჩვენთან 28 წლის განმავლობაში?“ - ასეთი შეკითხვით მიმართა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში თავის 2,7 მილიონ მიმდევარს სმარტფონის საშუალებით უკრაინის საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტმა, ქვეყნის ყველაზე ცნობილმა შოუმენმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომლის ოდნავ ჩახლეჩილ ხმას თითქმის ყველა უკრაინელი ცნობს.
ამის შემდეგ ზელენსკიმ თავის მომხრეებს უნიკალური გამოსავალი შესთავაზა: „მოდი, შევქმნათ ოცნების გუნდი. შემოგვთავაზეთ, თუ ვინ იქნებოდა, თქვენი აზრით, ყველაზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი, გენერალური პროკურორი, უშიშროების სამსახურის უფროსი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ“.
გამოკითხვების უპირობო ლიდერი
ასეთ წინადადებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შოუმენის მორიგ ენამახვილობად ჩათვლიდნენ. სხვათა შორის, ბევრმა გაიხსენა, რომ ცნობილ კომედიურ ტელესერიალში „ხალხის მსახური“, რომელიც ეკრანებზე პირველად 2015 წელს გამოვიდა, ვლადიმირ ზელენსკიმ ითამაშა მასწავლებელ ვასილ ჰოლობოროდკოს როლი, რომელიც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი გახდება.
მაგრამ დღეს ეს აღარ არის სახუმარო საქმე.
ამ სიტყვების ავტორი, 41 წლის ვლადიმირ ზელენსკი, სახელგანთქმულ სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და უცვლელი ლიდერი, ამჟამად ასევე მყარად ლიდერობს 31 მარტისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაბმულ 44 კანდიდატს შორის.
ამ კვირაში კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ზელენსკის მხარს უჭერს ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 26,4 %.
23,4 %-ით იგი ასევე პირველ ადგილზეა კიდევ ერთი ინსტიტუტის სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრის (SOCIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვით.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ორივე გამოკითხვით ჩამორჩება ზელენსკის, მესამე ადგილზეა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. თუ 31 მარტის არჩევნების პირველ ტურში ზელენსკი რომელიმე მათგანთან დაწყვილდება, სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, განმეორებით ტურში იგი პოროშენკოსაც დაამარცხებს და ტიმოშენკოსაც.
რა მსგავსებაა ზელენსკისა და ტრამპს შორის
უკრაინული საზომით, ტრადიციულისაგან ძალიან განსხვავდება ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის სტილი - მისი კომედიური ჯგუფის გასტროლები თუ ხელმომწერებთან ურთიერთობა სოციალურ ქსელებში გავრცელებული სელფი-ვიდეორგოლების საშუალებით.
მაგრამ ვინაიდან ვეტერანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, არაერთი დაპირების მიუხედავად, ვერ შეძლეს საჭირო რეფორმების განხორციელება, ერთობ უკმაყოფილო უკრაინელი ამომრჩეველი მოწყურებულია ახალ სახეებს, რამაც, დამკვირვებელთა თქმით, ზელენსკის შესაძლოა გაამარჯვებინოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
„თქვენ შეგიძლიათ პოპულიზმი უწოდოთ იმას, რასაც ის აკეთებს, მაგრამ უკრაინელებს სურთ, რომ ვინმეს ესმოდეს მათი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბალაშ იარაბიკმა, კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა, რომელიც ძირითადად უკრაინის საკითხებს იკვლევს.
მისი თქმით, ელექტორატისთვის, რომელსაც იშვიათად მიუძღვის წვლილი მსგავს გადაწყვეტილებებში, მიმზიდველია ასეთი ჩართულობა მომავალი კაბინეტისა თუ პოლიტიკური პლატფორმის ფორმირებაში.
„უკრაინელებისთვის სასიამოვნოა, როცა უსმენენ, მაშინ როცა სხვა პოლიტიკოსები მხოლოდ განმარტებებს იძლევიან“, - აცხადებს ბალაშ იარაბიკი კარნეგის ფონდიდან.
ზელენსკის სტრატეგია მრავალი თვალსაზრისით, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მიმართულია იმისკენ, რომ მიიღოს სარგებელი იმ იმედგაცრუებისგან, რომელმაც თავის დროზე ჯერ პოლიტიკურ აუტსაიდერ დონალდ ტრამპს გაამარჯვებინა პრეზიდენტის არჩევნებში, სულ ახლახან კი კონგრესის არჩევნები მოაგებინა სოციალისტ ალექსანდრია ოკასიო-კორტესს.
„პოლიტიკური გამოუცდელობა, როგორც უპირატესობა“
მაგრამ სკანდალსა და კრიტიკას არც ზელენსკის კანდიდატურისათვის აუვლია გვერდი.
იანვრის თვეში ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ ზელენსკი დაკავშირებულია სამ რუსულ სატელევიზიო და კინოკომპანიასთან, თანახმად ინფორმაციისა, რომელიც მოიპოვა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და უკრაინული ტელეარხის, UA-ს, ერთობლივმა საგამოძიებო პროექტმა, "სქემებმა".
ზელენსკის გამოუცდელობა „ეს უპირატესობაა და არა ტვირთი“, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვლადიმირ ზელენსკის მრჩეველმა ირინა ვენდექტოვამ, სამოქალაქო სამართლის პროფესორმა.
ამ ინფორმაციას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი ჰონდა იმ ფონზე, როდესაც ზელენსკი აცხადებდა, რომ მან რუსეთში ყველა თავისი ბიზნესი დახურა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს.
„სქემების“ თანახმად კი, ამ სამმა კომპანიამ, სახელწოდებებით Vaisberg Pictures, Platinumfilms და Green Films, 2014-2017 წლების შუალედში, დაახლოებით, 13 მილიონი დოლარის ოდენობის მოგება ნახა. ეს კომპანიები დააარსა კვიპროსში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით Green Family LTD, რომელიც ასევე დამაარსებელია შოუბიზნესის კიდევ ერთი ფირმისა, „კვარტალი 95“, რომლის უცვლელი ლიდერი, როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ვლადიმირ ზელენსკია.
კრიტიკოსები შეშფოთებას გამოხატავენ შოუმენის პოლიტიკური გამოუცდელობის გამო. ზოგიერთი ამბობს იმასაც, რომ მისი პრეზიდენტობა ქვეყნისათვის „კატასტროფული“ იქნება.
მხედევლობაში აქვთ ის, რომ პოლიტიკურად გამოუცდელ ზელენსკის მოუწევს დაკავდეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით (მან განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისათვის, რათა ამ კონფლიქტს ბოლო მოეღოს) და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აწარმოოს მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ გარიგებებზე.
ზელენსკის გამოუცდელობა „ეს უპირატესობაა და არა ტვირთი“, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვლადიმირ ზელენსკის მრჩეველმა ირინა ვენდექტოვამ, სამოქალაქო სამართლის პროფესორმა, რომელიც ევროკავშირის დედაქალაქებში მოგზაურობს თავისი კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისათვის.
„ვინაიდან ზელენსკი ღიაა, ეს მას საშაულებას მისცემს ეძებოს ახლებური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.
აივარას აბრომავიჩუსი, უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი, რომელიც ზელენსკის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, 23 თებერვალს შეუერთდა ზელენსკის კამპანიას და მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან, იზაბელ დიუმონთან, გამართულ შეხვედრებში.
„ის კარგი მსმენელია და მზად არის რჩევების მისაღებად. მაგრამ დიდი კითხვაა, თუ ვისგან მიიღებს ის ამ რჩევებს“, - განაცხადა აბრომავიჩუსმა.
ოლიგარქთან კავშირი
ზელენსკი მძლავრად ლიდერობს, მაგრამ პოროშენკო და ტიმოშენკო მებრძოლები არიან. მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, ხოლო უკრაინა ის ქვეყანაა, სადაც ცნობილი პერსონები კვლავ უბრუნდებიან ავანსცენასაივარას აბრომავიჩუსი
შეშფოთებისა და კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზია ზელენსკის ბიზნესკავშირი ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან. ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ოლიგარქი სხვა აქტივებთან ერთად ფლობს ტელეარხს, რომელიც ზელენსკის კომედი-შოუ „კვარტალ 95“-ის ტრანსლირებას ახდენს.
ამის გამო ოლიგარქის მარიონეტობაში დადანაშაულებული ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ურთიერთობა კოლომოისკისთან წმინდა ბიზნესია, და პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ დაუბრუნებს კოლომოისკის „პრივატბანკს“, რომელიც 2016 წელს უკრაინის სახელმწიფოს მიერ იქნა ნაციონალიზებული.
მაგრამ ასეთი კავშირები ჯერჯერობით ხელს არ უშლის ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც პარალელურად კომედიური სერიალის, „ხალხის მსახურის“, მესამე სეზონს იღებს მოახლოებული არჩევნების წინ. მას პოპულარობა გარანტირებული აქვს, მაგრამ, პრეზიდენტის არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ზელენსკის სულ უფრო რთულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, სულ უფრო ხშირად მოექცევა კრიტიკის ქვეშ თავისი კონკურენტების მხრიდან.
„ზელენსკი მძლავრად ლიდერობს, მაგრამ პოროშენკო და ტიმოშენკო მებრძოლები არიან. მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, ხოლო უკრაინა ის ქვეყანაა, სადაც ცნობილი პერსონები კვლავ უბრუნდებიან ავანსცენას,“ - აცხადებს აბრომავიჩუსი.
იმისდა მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება 31 მარტის არჩევნები, ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ, ასე თუ ისე, მაინც იქნება პრეზიდენტი.
სულ მალე, როდესაც უკრაინელები არჩევნებისათვის სამზადისში იქნებიან, სატირული ტერესერიალის, „ხალხის მსახურის“, მესამე სეზონის პრემიერა შედგება. სცენაზე კვლავ დაბრუნდება “პრეზიდენტი” ვასილ ჰოლობოროდკო - გმირი, რომელსაც ასახიერებს ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტობის დებიუტანტი კანდიდატი.