Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების ტრადიციული ჩარჩოები გაარღვია

ტრამპმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების ტრადიციული ჩარჩოები გაარღვია


დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი. ფოტოკოლაჟი
დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი. ფოტოკოლაჟი

რა გეგმები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია; თუმცა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული ერთკვირიანი ვერბალური პაექრობის ფონზე, აშკარაა, რომ ამ საკითხზე ევროპისა და ვაშინგტონის გზები იყრება.

ფრიდრიხ მერცი, რომელიც, სავარაუდოდ, გერმანიის მომავალი კანცლერია, ნატოს ამჟამინდელი ფორმით არსებობის გაგრძელების შანსებზე პესიმიზმს საჯაროდ გამოთქვამს.

„გასულ კვირაში დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ცხადია, რომ ევროპის მომავლისადმი ამერიკელები, დიდწილად, გულგრილნი არიან“, განაცხადა მან ტელევიზიით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

„ძალიან მაინტერესებს, რა ეტაპზე ვიქნებით ივნისის ბოლოს დაგეგმილ ნატოს სამიტზე – ისევ ისეთ ნატოზე ვიმსჯელებთ, როგორც დღეს არსებობს თუ უკვე ევროპის დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობის სისტემის ჩამოყალიბებაზე მოგვიწევს საუბარი“.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამ წელიწადში, ბევრი რამ შეიცვალა. შეჭრამდე, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში ჯავშანკოლონების გაგზავნა „ძვირად დაუჯდებოდა“.

„იცით, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოც ბევრ საკითხზე ვერ თანხმდება, მაგრამ რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემა მათ შორის არ არის“, თქვა მაშინ ბაიდენმა. „ამერიკელი ხალხი ამ საკითხში ერთიანია. ევროპა ერთიანია. ტრანსატლანტიკური საზოგადოება ერთიანია. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიებიც ერთად დგანან. მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია“.

დასავლეთის ერთიანობასა და სიმტკიცეზე მსგავსი იდეები დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა. გასულ კვირაში, აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის გარეშე გამართეს.

ამან გააჩინა შიში, რომ შესაძლოა, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ისეთ შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც უკრაინელებისა და ევროპის ინტერესებს უგულებელყოფს.

მეტიც – უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაორმაგებული კრიტიკით, რა დროსაც მან უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა და, ფაქტობრივად, პუტინის მაგივრად, ის დაადანაშაულა რუსეთის აგრესიული ომის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებაში, როგორც ჩანს, ტრამპმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების ტრადიციული წესები ქარს გაატანა.

ამ განცხადებებში, ერთგვარად, ისტორიის პუტინისეული, დამახინჯებული იდეები აირეკლა: 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში ტრანსლირებულ სატელევიზიო მიმართვაში, პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ცინიკურად – ნახევარსიმართლეებით, დამახინჯებული ინტერპრეტაციებითა და მტკნარი ტყუილებით გაამართლა და უკრაინასა და „კოლექტიურ დასავლეთს“ რუსეთისთვის სამხედრო მოქმედებების დაწყების იძულება დააბრალა.

უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე კი, შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩააგდო, როდესაც რუსეთს შეუერთდა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. ვაშინგტონმა ასევე ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ომის დაწყებაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ამსუბუქებდა.

ეს, გარკვეულწილად, სიახლე არ არის. 2018 წელს, ჰელსინკის სამიტზე პუტინთან შეხვედრისას, ტრამპმა ვაშინგტონში ბევრი აღაშფოთა განცხადებით, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს უფრო ენდობოდა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოების დასკვნებს, რომელთა მიხედვით რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის შესახებ კრემლის რიტორიკის გამეორება ამ ეტაპზე ამერიკის საკუთარ მოკავშირეებთან უფრო ღრმა განხეთქილებაზე მიანიშნებს.

რამდენად გადაიზრდება ტრამპის მიერ პუტინის პროპაგანდის გამეორება რეალურ პოლიტიკაში, ბუნდოვანია. 2018 წლის ჰელსინკის სამიტზე პუტინთან ტრამპის შეხვედრამ ვაშინგტონში აღშფოთება გამოიწვია – ტრამპს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ კაპიტულაციაზე მიდიოდა და უსიტყვოდ ენდობოდა რუსეთის მტკიცებას, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი ხელი არ ერია.

თუმცა, რეალურად, ამ სამიტს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დათბობა არ მოუტანია – ამერიკულ-რუსული ურთიერთობები, არსებითად, კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე დარჩა.

ამასთანავე, კიევიდან და სხვა ევროპული დედაქალაქებიდან მწვავე რეაქციებმაც არ დააყოვნეს. სოციალური მედიით ორგანიზებული კითხვა-პასუხის სესიაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა. ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, სადაც რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავი აღნიშნეს, უკრაინას მხარდაჭერის ძლიერი სიგნალები გაუგზავნეს.

რამდენად აქცევს ტრამპი საკუთარ განცხადებებს პოლიტიკის ნაწილად, მომავალი გამოაჩენს, თუმცა, ამ განცხადებების ფონზე რუსეთის მიმართ მყარი ტრანსატლანტიკური ერთიანობის თავზე სიმბოლური დამოკლეს მახვილი უკვე დაეკიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG