Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ტაქტიკა, რომლებსაც კრემლი იყენებს 2024 წლის არჩევნებში ჩასარევად


მოლდოვაში არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.
მოლდოვაში არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.

აღმოსავლეთ ევროპაში არჩევნების სეზონია და კრემლისთვის, რომელსაც უკრაინის ომის გამო განსაკუთრებით ესაჭიროება მოკავშირეები, ფსონები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.

მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ტარდება, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. რუმინეთმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა კრემლის მომხრე დემაგოგს. ბულგარეთში ელიან, რომ პრორუსული, ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინება“ არჩევნებში კარგ შედეგს აჩვენებს.

რა ტაქტიკას მიმართავენ კრემლი და მისი პოპულისტი რეგიონული მოკავშირეები არჩევნებზე გავლენის მოსახდენად?

ცხვირი არავის აუბზუო

უკრაინელი პოლიტოლოგისა და ულტრამემარჯვენე მოძრაობების ექსპერტის, ანტონ შეხოვცოვის აზრით, კრემლი, პირველ რიგში, ცდილობს ხოლმე „ითანამშრომლოს მეინსტრიმულ ძალებთან“ და მათი პოლიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

ზოგიერთ ქვეყანაში ამ გეგმამ იმუშავა. კრემლი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ხელისუფლებაში მყოფ ისეთ პოლიტიკოსებთან, როგორებიც არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

„მოსკოვის პრობლემა“, - ამბობს შეხოვცოვი, - არის ის, რომ „მეინსტრიმულ ძალებს ნაკლებად სურთ ხოლმე ითანამშრომლონ რუსეთთან, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ (უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია) და, მით უმეტეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ (რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში)“.

ამის გამო კრემლს სულ უფრო ხშირად უწევს მიმართოს სათადარიგო გეგმას. „რუსეთი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე პარტიებთანაა ახლოს“, ამბობს მიტჩელ ორენშტეინი, რუსული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში, „მაგრამ ის ასევე ქმნის ალიანსებს ულტრამემარცხენეებთან და დროდადრო ცენტრისტულ პარტიებსაც უჭერს მხარს“.

პრაგმატული მოქმედება და რადიკალებთან თანამშრომლობა ზოგჯერ ამართლებს. „აღორძინების“ ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვი წლების განმავლობაში ექსტრემისტად მიიჩნეოდა - მუდამ მიგრანტებს ლანძღავდა და ერთხელ ბოშები „პარაზიტებად“ მოიხსენია. ახლა კი მისმა პარტიამ, რომელიც უპირისპირდება დემოკრატიულ რეფორმებს და მხარს უჭერდა ბულგარეთის ნატოდან გასვლას, 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება მეორე ადგილიც კი დაიკავოს.

ფულის ტომრები

მოლდოვის ხელისუფლება წლებია კრემლის გავლენას ებრძვის. აქ, დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსეთს ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. კიშინიოვმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ გამოავლინეს სქემა, რომლის სათავეშიც იდგა ილან შორი - საბანკო თაღლითობაში ბრალდებული პრორუსი პირი, რომელიც ქვეყნიდანაა გაქცეული. ამ სქემის მიხედვით, უნდა ეყიდათ ამომრჩევლის ხმები და გაევრცელებინათ დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ სექტემბერში 130 000-ზე მეტმა მოლდოველმა მიიღო 15 მილიონ დოლარზე მეტი რუსული ფული.

მსგავსი სქემების აღმოჩენა იოლი არ არის და კიდევ უფრო რთულია მტკიცებულებების მოპოვება. კვალს შვილობილი კომპანიების და ოფშორული ანგარიშების მეშვეობით ფარავენ ხოლმე. კრემლისთვის პირდაპირი დაფინანსება სარისკო ტაქტიკაა. „ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილობენ“, ამბობს შეხოვცოვი, რადგან „აქ ლაპარაკია კრიმინალურ ქმედებებზე. პარტიები ფულს უცხო სახელმწიფოსგან იღებენ და აქედან არც გადასახადებს იხდიან“.

ილან შორი, საბანკო თაღლითობაში ბრალდებული პრორუსი, რომელიც ქვეყნიდანაა გაქცეული.
ილან შორი, საბანკო თაღლითობაში ბრალდებული პრორუსი, რომელიც ქვეყნიდანაა გაქცეული.

დეზინფორმაციის ზვავი

კრემლისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების გაძლიერების იაფი და ეფექტიანი გზა საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციით დატბორვაა.

რუსული სახელმწიფო საშუალების გარდა, როგორიცაა RT, „რუსეთი ფლობს ვებსაიტებს სხვადასხვა ევროპულ ენაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ანტიისტებლიშმენტის, პოპულისტური ძალებისთვის სასარგებლო მესიჯების გავრცელებას“, - ამბობს შეხოვცოვი. „ეს ანაზღაურებს პოპულისტების მედიის გავლენის ნაკლებობას საკუთარ ქვეყნებში“.

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა „მეტამ“ 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ წაშალა ანგარიშების ქსელი, რომელიც რუსულენოვან მოლდოველებზე გავლენის მოსახდენად იყო შექმნილი. ეს ქსელი ავრცელებდა პრორუსულ ინფორმაციას და ქმნიდა გვერდებს, რომლებიც თავს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებად ასაღებდნენ.

მობილიზება შიშის მეშვეობით

თუ დეზინფორმაციას აჰყვებით, დაიჯერებთ, რომ მიგრანტები სამსახურს წაგართმევენ, ლგბტ თემი თქვენს შვილებს გარყვნის, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობების დამხობას აპირებენ და მხოლოდ რუსეთს შეუძლია მშვიდობის აღდგენა "ფაშისტურ" უკრაინაში.

იგორ დოდონმა, მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს, ახლახან ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ თუ არჩევნებში პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ გაიმარჯვებს, სახელმწიფო ინსტიტუტებში „ლგბტ კვოტებს“ შემოიღებენ.

ხოლო ბულგარეთში, „აღორძინება“ მოითხოვს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებას, რომელიც მიზანში ამოიღებს დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. „შემდეგი შენ იქნები!“ - მიმართა პარტიის ლიდერმა კოსტადინოვმა ფონდს „ამერიკა ბულგარეთისთვის“, ქვეყნის ყველაზე დიდ უცხოელ დონორს.

ბულგარეთში, პრორუსული პარტიები თამაშობენ საბჭოთა ნოსტალგიაზე და კარგად დამკვიდრებულ ნარატივებზე რუსეთის, როგორც ოსმალეთის მმართველობისგან განმათავისუფლებლის შესახებ.
ბულგარეთში, პრორუსული პარტიები თამაშობენ საბჭოთა ნოსტალგიაზე და კარგად დამკვიდრებულ ნარატივებზე რუსეთის, როგორც ოსმალეთის მმართველობისგან განმათავისუფლებლის შესახებ.

სოციალურად კონსერვატიულ საზოგადოებებში, სადაც იმედგაცრუებულნი არიან დემოკრატიით და კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან, ასეთი ემოციური ნარატივები ხშირად მიზანში ხვდება.

რუსეთი ცდილობს, თავი ტრადიციული ცხოვრების წესის და სუვერენიტეტის მცველად წარმოაჩინოს და ამას პირველად არ აკეთებს.

მესიჯის მორგება

კრემლის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი მისი მესიჯების ლოკალიზაციაა. „რუსეთი ცდილობს აღმოაჩინოს ნებისმიერი საერთო რამ მათ მიდგომასა და მათ მიერ მხარდაჭერილ მხარეებს შორის“, - ამბობს ორენშტეინი. „ერთ ქვეყანაში მათ შეიძლება ხაზი გაუსვან პანსლავიზმს, მეორეში - მართლმადიდებლურ რელიგიურ კავშირებს, მეორეში კი - ანტიუკრაინულ განწყობებს“.

მაგალითად, ბულგარეთში, პრორუსული პარტიები თამაშობენ საბჭოთა ნოსტალგიაზე და კარგად დამკვიდრებულ ნარატივებზე რუსეთის, როგორც ოსმალეთის მმართველობისგან განმათავისუფლებლის შესახებ. უნგრეთსა და სლოვაკეთში კრემლის მომხრე პარტიები იყენებენ მიგრანტებთან დაკავშირებულ შიშს და აღქმას, რომ ევროკავშირი ძირს უთხრის ეროვნულ სუვერენიტეტს.

მოლდოვაში, ირინა ვლაჰმა, პრორუსმა ყოფილმა გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში რუმინული პასპორტის მფლობელთა დიდი რაოდენობა იმის მტკიცებულებაა, რომ რუმინეთი ცდილობს თავისი პატარა და ღარიბი მეზობლის დაპყრობას.

რა არის კრემლის საბოლოო მიზანი?

გრძელვადიან პერსპექტივაში, კრემლის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და ნატოს და რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარი უკრაინაა. კრემლისთვის ეს ნიშნავს ძირის გამოთხრას მყიფე ევროპული კონსენსუსისათვის, რომ კიევი სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას იმსახურებს.

ორენშტეინის თქმით, კრემლისთვის მთავარი ისაა, თუ როგორია მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების საგარეო პოლიტიკაზე ორიენტაცია. მოსკოვს სურს, რომ აღმოსავლეთმა ევროპამ მხარი დაუჭიროს მათ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სანქციები ან ყირიმის სტატუსი.

„რამდენიმე პარტიამ რუსეთის მხარდაჭერის მიღების შემდეგ ფაქტობრივად შეცვალა საგარეო-პოლიტიკური პოზიციები და ორიენტაცია რუსეთისკენ აიღო“, - ამბობს ორენშტეინი.

თუმცა მთავარი ისაა, რომ რუსეთს აშკარა მხარდაჭერის მიღების გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა. უთანხმოების დათესვა და მოსახლეობის პოლარიზება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების შესასუსტებლად - იმისა, რაც კრემლს ყველაზე მეტად აშინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG