Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად მიჩნეული პელეგრინის გამარჯვება?


პრეზიდენტად პეტერ პელეგრინის (ფოტოზე მარცხნივ) არჩევა გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს (ფოტოზე მარჯვნივ) ძალაუფლებას და სლოვაკეთსა და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას.
პრეზიდენტად პეტერ პელეგრინის (ფოტოზე მარცხნივ) არჩევა გააძლიერებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს (ფოტოზე მარჯვნივ) ძალაუფლებას და სლოვაკეთსა და ევროკავშირს მოაკლებს უკრაინის მომხრე მნიშვნელოვან ხმას.

ნატოსა და ევროკავშირის წევრ სლოვაკეთს, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, ამჯერად უკვე პრეზიდენტიც პრორუსული კურსის მიმდევარი ეყოლება.

7 აპრილს გამართული არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატმა, პეტერ პელეგრინიმ 7%-იანი უპირატესობით დაამარცხა პროდასავლური, ლიბერალური ბანაკის კანდიდატი, ყოფილი საგარეო მინისტრი ივან კორჩოკი, რომელმაც ხმების 46.73% მიიღო.

ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრორუსული კურსის მქონე პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირედ ცნობილმა პელეგრინიმ თავის პირველსავე მიმართვაში პირობა დადო, რომ მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სლოვაკეთი არა ომის, არამედ მშვიდობის მომხრე დარჩეს.

„თქვენ არ უნდა გქონდეთ იმის შიში, რომ პრეზიდენტის სასახლე, როგორც ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო, გადაიქცევა ოპოზიციისა და ოპორტუნისტული ძალების ცენტრად, რომელიც ზიანს მიაყენებს მთავრობას, ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს ქვეყნის გარეთ და გაიხარებს სლოვაკეთის მთავრობის წარუმატებლობით“, - განაცხადა პეტერ პელეგრინიმ.

დასავლური მედიისა და ანალიტიკოსების პროგნოზებით, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტერ პელეგრინის გამარჯვება გააძლიერებს რობერტ ფიცოს ძალაუფლებას და ხელს შეუწყობს ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, სლოვაკურ-უნგრული ალიანსის შექმნას, რომელსაც პოპულისტური ძალების გამარჯვების შემთხვევაში 2025 წელს შესაძლოა ჩეხეთიც შეუერთდეს.

როგორ გამოიყენა არჩევნებში პელეგრინიმ უკრაინაში ომის თემა?

სლოვაკეთის წინა პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვასგან განსხვავებით, ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უკრაინისთვის ყოველგვარი სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეა. წინასაარჩევნო პერიოდში, უკრაინისათვის სამხედრო დახმარებაზე აქცენტს არც მისი მთავარი მეტოქე, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კორჩოკი აკეთებდა.

მაგრამ პოპულისტმა პეტერ პელეგრინიმ სწორედ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხი აქცია თავისი საარჩევნო პროგრამის მთავარ სლოგანად, ხოლო თავის მეტოქეს წარმოაჩენდა „ომის გამჩაღებლად“, რომელიც თითქოს უკრაინაში სლოვაკი სამხედროების გაგზავნას აპირებდა.

არჩევნების მეორე ტურის წინ, მთელ სლოვაკეთში გამოიფინა ბილბორდები პელეგრინის პორტრეტითა და წარწერით: "სლოვაკეთი უკრაინაში არცერთ ჯარისკაცს არ გაგზავნის". ამ მარტივმა მესიჯბოქსმა, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან, სლოვაკეთში კარგად იმუშავა.

შედეგად, 7 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კოალიციურმა პარტნიორმა, პეტერ პელეგრინიმ, ხმების 53.8% მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. თანაც, თუ 23 მარტის არჩევნების პირველ ტურში პეტერ პელეგრინიმ მხოლოდ 37% მიიღო (კორჩოკმა 42%), მეორე ტურში თავის მეტოქეს, ივან კორჩოკს (46.73%) ზუსტად იმავე თანაფარდობით აჯობა.

პეტერ პელეგრინი 2018-2020 წლებში, სწორედ რობერტ ფიცოს გადადგომის შემდეგ გახდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. ფიცო იძულებული გახდა გადამდგარიყო მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობას მოჰყვა.

საჯარო გამოსვლებში პელეგრინი თავს ფიცოზე უფრო ზომიერად წარმოაჩენს და პირობას დებს, რომ სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს ერთგულ წევრად დარჩება, ამავე დროს, ის წინააღმდეგია უკრაინის ნატოში გაწევრიანების.

სლოვაკეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ ევროკავშირში და განსაკუთრებით მეზობელ ჩეხეთში, რომელსაც ლიბერალური ყაიდის კოალიციური მთავრობა და პრეზიდენტი ჰყავს.

„პრორუსულ დეზინფორმაციას სლოვაკეთში უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ჩეხეთში, ის კი არა და, სლოვაკეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მხარს უჭერს აგრესორ რუსეთს და არა უკრაინას, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს. აი, მიზეზი, რის გამოც ეს უბრალო ლოზუნგი საკმარისი აღმოჩნდა“, - წერს ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „დენიკი“.


ამ ლოზუნგის გარდა, ჩეხური გამოცემა, სლოვაკეთში გამართულ არჩევნების მეორე ტურში პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატის, ივან კორჩოკის დამარცხების მიზეზად ქვეყნის ყოფილი მთავრობის უკიდურეს არაპოპულარობას ასახელებს, რამაც წინა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაუხსნა რუსეთისადმი თავისი მეგობრული დამოკიდებულებით ცნობილ, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს.


„კორჩოკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ყოფილი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაღაცით მოგვაგონებს კარელ შვარცენბერგს (ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2009 და 2010-2013 წლებში), რომლის დამარცხებამ ზემანთან (2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარელ შვარცენბერგი დამარცხდა მილოშ ზემანთან - რედ.) ძალიან ცუდად იმოქმედა [ჩეხეთის] მინისტრთა კაბინეტის რეპუტაციაზე... მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის კოალიციური მთავრობა ჯერჯერობით კარგად თანამშრომლობს პრეზიდენტ პეტრ პაველთან, ანტიპუტინურად განწყობილი ჩეხებიც კი მთავრობისგან უკვე ითხოვენ უფრო მეტს, ვიდრე უკრაინისათვის მძლავრი მხარდაჭერაა. ისინი მოელიან, თუ როდის დაიწყება ქვეყანაში ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მათ რეალურ შრომით ანაზღაურებას კრიზისამდე არსებულ დონეზე დააბრუნებს“, - წერს ჩეხური გამოცემა „დენიკი“.

2023 წლის სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებში რობერტ ფიცოს სლოვაკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის („სმერი“ - ნიშნავს კურსს, მიმართულებას - რედ.) გამარჯვების შემდეგ, ახალმა კოალიციურმა მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის 40,3 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე.

პატარა სლოვაკეთის დახმარების პაკეტი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და ითვალისწინებდა, ოთხ მილიონზე მეტ ტყვიას მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღისთვის, ხუთ ათასზე მეტ 125 მმ-იან საარტილერიო ჭურვს და 140 რაკეტას საზენიტო-სარაკეტო დანადგარ "კუბისთვის", რომელიც სლოვაკეთმა უკრაინას 2023 წლის მარტში გადასცა.

არადა, რუსეთის მასშტაბური შეჭრის დაწყებიდან სლოვაკეთი, მეზობელი ჩეხეთის მსგავსად, მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინას, რომელსაც ჯამში 671 მილიონი ევროს ღირებულების, 13 სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა. არაერთი საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გარდა, სლოვაკეთის დახმარების პაკეტში იყო ქვეყნის შეიარაღებაში მყოფი ჯერ 4, შემდეგ კი ათივე საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი.

გამანადგურებლების გარეშე დარჩენილი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის თავდაცვას ამჟამად მისი მეზობელი ჩეხეთი ახორციელებს.

გაკვეთილი ჩეხეთისთვის

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ზემოთ ითქვა, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მეზობელ ჩეხეთში, სადაც მიაჩნიათ - უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხში სლოვაკეთის დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება მეზობელი უნგრეთისგან, რომელსაც „ძლიერი ხელით“ მართავს ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ვიქტორ ორბანი.

„დიახ, მართლაც, რაღაცები იქ [სლოვაკეთში] იმავე უნგრეთის სულისკვეთებით ხდება. მაგალითად, საზოგადოებრივი მედია, სავარაუდოდ, კვლავ მთავრობის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება“, - უთხრა "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ჩეხეთის რადიოს თანამშრომელმა, ონდჟეი სოუკუპმა.

მართალია, სლოვაკეთმა შეაჩერა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება, თუმცა კიევისთვის ქვეყნის ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდებას კვლავაც უშვებს. პეტერ პელეგრინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ასევე უცვლელი დარჩება სლოვაკეთის ევროკავშირთან ურთიერთობაც.

"სლოვაკეთი ევროკავშირის სუბსიდიების ბენეფიციარია. რა თქმა უნდა, ამით სარგებლობენ როგორც პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანები. ასე რომ, მე არ ვიწინასწარმეტყველებდი რაიმე დიდ კონფლიქტს. როგორც ვიქტორ ორბანის შემთხვევაში, მთელი ამ ანტიუკრაინული და ანტისოროსული რიტორიკის მიუხედავად, ამ [სლოვაკეთის] მთავრობამ სოციალური შეღავათების და დაპირებების ტალღაზე დაფუძნებული ეკონომიკური დღის წესრიგით მიაღწია გამარჯვებას. და ვფიქრობ, რომ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროკავშირის გარეშე, ისინი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ბევრს დაკარგავენ“, - ამბობს ონდჟეი სოუკუპი.

სლოვაკეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს დაბლოკოს კანონების მიღება და გაასაჩივროს ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები.

ამიტომ, პელეგრინის გამარჯვება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ქვეყანაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე უფრო მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს.

არადა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო და ლიბერალურად განწყობილი სლოვაკებიც ლამის ყოველდღე საპროტესტო აქციებს აწყობენ. პელეგრინიმ გააუქმა კორუფციასთან მებრძოლი პროკურორის თანამდებობა, სცადა სხვადასხვა დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის შემცირება და გაამკაცრა კონტროლი საზოგადოებრივ მედიაზე - ყველა ეს ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობის საუკეთესო ტრადიციებთან ასოცირდება.

მოსალოდნელია, რომ რობერტ ფიცოსა და პეტერ პელეგრინის ტანდემი სლოვაკეთში, მათ თანამოაზრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად კიდევ უფრო გააძლიერებენ დაპირისპირებას "ვიშეგრადის ოთხეულის" შიგნით, რაც თებერვალ-მარტში პრაღაში გამართული ჯერ V4-ის პრემიერ-მინისტრების, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ცხადად გამოიკვეთა.

პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში და განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძველი გახდება "მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის".

სლოვაკეთისგან განსხვავებით მეზობელ ჩეხეთს ლიბერალური ყაიდის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა და პრეზიდენტი, პეტრ პაველი მართავენ, რომლებიც ბრატისლავისგან განსხვავებით უკრაინისათვის კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ემხრობიან. მაგრამ პროდასავლურ ჩეხეთის მთავრობას ჰყავს ოპონენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ანდრეი ბაბიშის სახით, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სლოვაკეთის ფიცო-პელეგრინის დუეტთან.

"ამჟამად ბრატისლავას არც ჩეხეთის მთავრობაში ჰყავს პარტნიორი და არც პრეზიდენტის სასახლეში. სამაგიეროდ ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პოპულისტმა და ქვეყნის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა ანდრეი ბაბიშმა, მხარი დაუჭირა სლოვაკეთის არჩეულ პრეზიდენტს. ეს ის ბაბიშია, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს საიმისოდ, რომ 2025 წლის შემოდგომის არჩევნების შემდეგ კვლავ ჩაუდგეს სათავეში ქვეყნის მთავრობას. ალბათ მალე ბუდაპეშტში შეიქმნება ახალი ალიანსი ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით“, - ვარაუდობს გერმანული მემარჯვენე-ცენტრისტული გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“.

  • ბიზნესმენმა ანდრეი ბაბიშმა, რომელიც „ფორბსის“ თანახმად ყველაზე მდიდარ ჩეხთა ხუთეულში შედის, თავისი ქონება დააგროვა, როგორც მზარდ კონსორციუმ „აგროფერტის“ მფლობელმა, კონსორციუმისა, რომელიც აგრარულ, სასურსათო და ქიმიურ საწარმოებსა და მედიაჰოლდინგს აერთიანებს.
  • ჩეხეთის პოლიტიკაში ანდრეი ბაბიშმა თავისი კარიერა დაიწყო 2013 წელს, როდესაც მის მიერვე შექმნილი მოძრაობა „ანო“ („დიახ“) ჩეხეთის პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა.
  • 2014-17 წლებში ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, მაგრამ იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც გაჟონილმა ფარულმა ჩანაწერებმა ცხადყო, თუ როგორ ახდენდა იგი გავლენას მის კუთვნილ გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტებზე.
  • მაგრამ მოგვიანებით იგი მთავრობაში დაბრუნდა, როგორც პრემიერ-მინისტრი და ეს თანამდებობა ეკავა 2021 წლამდე, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ანო“ მცირე განსხვავებით დამარცხდა კოალიციასთან „ერთად“. მას შემდეგ ბაბიში ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრია.
  • ითავსებს რა პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის როლებს, მას შემდეგ ჩეხეთშიც და ევროკავშირშიც ანდრეი ბაბიშს გამუდმებით ადანაშაულებენ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევაში.
  • მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ჩეხეთის სასამართლომ საბოლოოდ მხოლოდ წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2023 წლის 9 იანვარს გამოიტანა ანდრეი ბაბიშის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ევროკავშირის სუბსიდიებთან, 2 მილიონ ევროსთან დაკავშირებულ თაღლითობის საქმეზე.
  • ჩეხეთში 2023 წლის 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდრეი ბაბიში თადარიგის გენერალმა, 2015-2018 წლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პეტრ პაველმა დაამარცხა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG