Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვის საქმეში ერევა, ანუ რაში გაიხლართა „ოცნება“


გია ნოდია
გია ნოდია

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ დასავლეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში „ემპირიულად დასტურდება“. ამით მან შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მისი ან ბიძინა ივანიშვილის სუბიექტური მოსაზრება კი არ არა, მეცნიერულად დასაბუთებული ჭეშმარიტებაა.

მან იქვე დაასკვნა, რომ ქართული ოპოზიციის კამპანია დასავლეთიდან იმართება. სხვა სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებას სინამდვილეში დასავლეთი ებრძვის, ადგილზე მხოლოდ მისი აგენტები მოქმედებენ.

ამით ახალი არაფერი გაგვიგია. ის, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი მტერი დასავლეთია, ხოლო მეგობარი - რუსეთი, ვიცით და ამაზე საუბარი მოსაწყენიც გახდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ გავერკვეთ იმაში, რას ნიშნავს „ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“.

სუვერენული დემოკრატია ევროკავშირის პერსპექტივით

წუხილი „ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე“ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მახსოვს. ავტორიტარი დემაგოგები ასე განსაზღვრავენ დასავლეთის ნებისმიერ კრიტიკას მათ მიმართ.

უფრო ახლო წარსულში ეს ხედვა საფუძვლად დაედო „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციას, რომელიც პუტინის იდეოლოგმა, ვლადისლავ სურკოვმა შეიმუშავა. მისი არსი ასეთია: „დემოკრატიას“ დავირქმევთ, მაგრამ ამ ცნების შინაარსს როგორც გვინდა, ისე გავიგებთ, ანუ სინამდვილეში დიქტატურა ვიქნებით. თუ ვინმე წამოგვაძახებს, რომ ეს დემოკრატია არ არის, ვეტყვით, ჩვენს შიდა საქმეებში ნუ ერევიო.

„ოცნებამ“ სურკოვის კონცეფციას მხოლოდ ერთი ფრაზა დაამატა: „ცალ ფეხზე არ ვდგავართ“.* დანარჩენი ზუსტად იგივეა.

ოღონდ არის ერთი დიდი განსხვავება საბჭოთა კავშირისგანაც და პუტინის რუსეთისგანაც. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მეტიც: მმართველი პარტია გვპირდება, რომ, თუ ხელისუფლებაში დარჩა, 2030 წლისთვის ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს.

პრობლემა ისაა, რომ სუვერენული დემოკრატია და ევროკავშირში შესვლა ერთად არ გამოდის. რომ მიგიღონ, სულ მცირე, უნდა ეცადო, ევროპული სტილის დემოკრატია გახდე. უნდა აირჩიო: ან „სუვერენული“ იყო (სურკოვისეული აზრით, რა თქმა უნდა), ან დემოკრატია.

„ოცნება“ გახლართულია ამ წინააღმდეგობაში, მაგრამ არ იმჩნევს. პაპუაშვილის განცხადება ამ გახლართულობის ილუსტრაციაა.

რას ეძახის „არჩევნებში ჩარევას“ შალვა პაპუაშვილი?

პირველ რიგში გასარკვევია, მაინც რას ეძახის „არჩევნებში ჩარევას“ პარლამენტის თავმჯდომარე.

„კვლევის“ მეცნიერულობის ნიშნად პაპუაშვილმა რიცხვებიც მოიყვანა: 21 დღეში დასავლელ პოლიტიკოსებს 90 განცხადება გაუკეთებიათ, რომელთაგან თითოეული, მისი აზრით, არჩევნებში ჩარევის მაგალითია. სრული ობიექტურობის სადემონსტრაციოდ მან დაამატა, რომ ერთი ასეთი განცხადება რუსეთსაც გაუკეთებია, მაგრამ მხოლოდ ერთი. რუსეთიც არაა იდეალური, მაგრამ დასავლეთი 90-ჯერ უარესია.

მან ასეთი ბოროტი განცხადებების მაგალითებიც მოიყვანა. გავიმეორებ ერთს, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის წევრს კნუტ აბრაჰამს ეკუთვნის: „ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შანსი არა აქვს“.

პაპუაშვილის მოყვანილი სხვა ციტატებიც მსგავსი შინაარსისაა. რომ შევაჯამოთ, ამ განცხადებებში ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლების პოლიტიკა შეუძლებელს ხდის ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას და საქართველოს რუსეთთან აახლოებს.

კონკრეტულად სადაა აქ საქართველოს არჩევნებში ჩარევის ნიშანი? პაპუაშვილს ეს არ განუმარტავს, ამიტომ ისევ ჩვენ უნდა ვეცადოთ.

ამ შემთხვევაში ევროპელები, პირველ რიგში, საკუთარ საქმეებზე საუბრობენ, თუმცა ისინი ჩვენც გვეხება. „გამოკვლეული“ პოლიტიკოსები შეადგენენ ევროპის პოლიტიკურ ელიტას. ეს ის ხალხია, ვინც უნდა გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირში მიღებას, რისი პირველი ნაბიჯიც მოლაპარაკებების გახსნაა. ისინი ასკვნიან, რომ, ამ პოლიტიკით, საქართველო ამას არ იმსახურებს.

ეს შეფასება მათი პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროკავშირის სტრატეგიას ეხება: რა შემთხვევაშია შესაძლებელი, ქვეყანა მისი წევრი გახდეს. თუ ის ევროპის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ებრძვის და თავისი ქცევით და რიტორიკით ევროკავშირის გაცხადებულ მტერს, რუსეთს უახლოვდება, ის ამ ორგანიზაციაში არ უნდა მიიღო.

შეიძლება პირიქით ვთქვათ: „ქართული ოცნება“ ცდილობს, ჩაერიოს ევროკავშირის შიდა საქმეებში, როცა დაბეჯითებით მოითხოვს, რომ მან ახალი წევრების მიღების კრიტერიუმები რადიკალურად შეცვალოს, მაგრამ ვინ წყვეტს ევროკავშირის პოლიტიკას - თავად ევროკავშირი თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი?

ჩარევა და გავლენა

და მაინც, რა შუაშია ჩვენი არჩევნები? კი არის შუაში, ოღონდ შალვა პაპუაშვილი და მისი „კვლევითი ჯგუფი“ ერთმანეთში ურევენ „ჩარევას“ და „გავლენას“.

ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებმა, რომლის თანახმად „ოცნების“ ხელში საქართველო ევროინტეგრაციის იმედებს უნდა გამოემშვიდობოს, ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველი ამომრჩევლის განწყობაზე. ქართველების დიდი უმრავლესობისთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი დაიჯერებენ, რომ „ქართული ოცნების“ გამო ასეთი პერსპექტივა იკარგება, შეიძლება ამ პარტიას ხმა აღარ მისცენ.

„ოცნებამ“ ეს იცის, ამიტომ ღიად ვერ აღიარებს, რომ ევროკავშირზე ხელი აქვს აღებული. მისი დაპირება, რომ 2030-ში საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, თავხედური და შეგნებული ტყუილია. ის ამ ტყუილს ხშირად იმეორებს, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალიან უნდა, ეს მისი მომხრეების ნაწილმა მაინც დაიჯეროს.

შეიძლება, „ოცნების“ შიგნით ამის მართლა ვიღაცას სჯერა - ვერაფერს გეტყვით. მაგრამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს გუნდის ყოფილ ხელმძღვანელს შალვა პაპუაშვილს კარგად ესმის, რომ ივანიშვილის ხელში ევროპული პერსპექტივა უნდა დავივიწყოთ, მაგრამ იმას ამბობს, რაც საჭიროა.

ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთი განცხადებებით „ოცნების“ ამ ტყუილს ამხელენ. ხელისუფლება ამის გამო ნერვიულობს, რადგან მომხრეების რაღაც ნაწილი შეიძლება დაკარგოს. მაგრამ რა უნდა ქნას? თქვას, რომ ისინი ჩვენს არჩევნებში ერევიან და ამას „კვლევის შედეგი“ დაარქვას.

აქვთ თუ არა პაპუაშვილის ციტირებულ პირებს იმედი, რომ „ოცნების“ ტყუილის მხილებით ქართველ ამომრჩეველზე გავლენას მოახდენენ? შეიძლება. გასაკვირი არ არის, რომ ევროპელებს ურჩევნიათ, საქართველოს ხელისუფლებაში მეგობრები ჰყავდეთ და არა მტრები. გაემტყუნებათ?

მაგრამ რა მოტივებიც არ უნდა ამოძრავებდეთ მათ, რეალურად ისინი ამხელენ ტყუილებს, რასაც „ოცნების“ ლიდერები მათზე ავრცელებენ. წარმოდგენაც კი, რომ ევროკავშირმა შეიძლება თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა, რომელიც „გლობალური ომის პარტიასთან“ მებრძოლ ბიძინა ივანიშვილს ირჩევს თავის ლიდერად, ამ ორგანიზაციის ღირსების შელახვაა. არ დაიცვან საკუთარი ღირსება?

ისინი ქართველ ხალხსაც ეუბნებიან სიმართლეს - სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ჩვენც გვეხება. ისინი ამბობენ, რომ ორჯერ ორი ოთხია. მაგრამ თუ იმის აღიარება, რომ ორჯერ ორი ოთხია, პრობლენას გიქმნის, შარში ყოფილხარ გახვეული.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

* 5 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სანქციებს „დამოუკიდებელ სასამართლოში“ ჩარევის მიზანი აქვს და ის „გლობალური ომის პარტიის“ ორგანიზაებულია. სიტყვა სიტყვით ირაკლი კობახიძემ თქვა: „წესებით დაგველაპარაკონ! ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით! ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია.“

XS
SM
MD
LG