Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს კორონავირუსის შესახებ ინფორმირების ახალი წყარო გაუჩნდათ


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში, 70-მდე მარტოხელა, უსინათლო და მცირემხედველ ადამიანს მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება ერთი გამცილებელი. მისი ფუნქციაა ბენეფიციარებს პენსიის აღებაში, სურსათის და მედიკამენტების შეძენაში და ექიმთან ვიზიტის დროს დაეხმაროს. ბენეფიციარები წინასწარ უკავშირდებიან ოპერატორს და გამცილებლის ვიზიტის დროს ათანხმებენ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამცილებელს ახალი ფუნქციაც აქვს. „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მანონი გოლეთიანი ამბობს, რომ გამცილებელს მხედველობადაქვეითებულ ბენეფიციარებთან მიაქვს პირადი ჰიგიენის საშუალებები და ზოგად ინფორმაციასაც აწვდის არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შესახებ.

მცირედი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად განკუთვნილი მასალა ძალიან გაუხარდათ. ბენეფიციარების ნაწილს აქვს კომპიუტერი, რომ უყუროს დისკზე ჩაწერილ სურდოთარგმანს. ვისაც არ აქვს, მეგობარი დაიხმარა, ან ერთმანეთს გადასცეს ინფორმაცია...
მარი ასათიანი


მხედველობის და სმენის პრობლემების მქონე მოქალაქეებს კორონავირუსის შესახებ ინფორმირების ახალი წყარო გაუჩნდათ. სპეციალურად მათთვის დისკებზე აუდიო- და ვიდეოფორმატით ჩაიწერა ინფორმაცია კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების შესახებ და ფსიქოლოგის რჩევები. სიახლის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“, რომელიც პროექტს „ქალთა ფონდის“ დახმარებით ახორციელებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე ამბობს, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით ცდილობენ განახორციელონ მცირე პროექტები, რომლებშიც სხვადასხვა საჭიროების ადამიანების ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

იმერეთის მუნიციპლიტეტებში სმენა და მხედველობადაქვეითებული ბენეფიციარებისთვის დისკების დარიგება რამდენიმე დღეში დასრულდება. ნატალი პატარიძის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ, როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, ასევე ფსიქოლოგიური პრევენციისთვის: „დისკზე მათთვის ხელსაყრელი ფორმატითაა ჩაწერილი, თუ რა არის COVID-19, როგორ ვრცელდება ვირუსი, როგორ ავირიდოთ ინფიცირება, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და გავიმხნეოთ თავი ფსიქოლოგიური ვარჯიშებით“.

სმენადაქვეითებული ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო მასალა სურდოთარგმანით ჩაიწერა, ხოლო უსინათლოებისა და მცირემხედველებისთვის აუდიოფორმატით. საერთო ჯამში, 2 ათასი დისკი დაამზადეს და ვისთვისაც ეს ფორმატი არახელსაყრელია, ცდილობენ მასალა ელექტრონულად ან სოციალური ქსელით მიაწოდონ.

მნიშვნელოვანია ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვა, რომელიც მოდის დღის განმავლობაში საინფორმაციო არხებიდან, რაც რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებას არ ეხება...
ნინო კილაძე


ჟესტური ენის თარჯიმანი მარი ასათიანი, რომელიც ყოველდღიურ ონლაინკონსულტაციას უწევს რამდენიმე ათეულ ბენეფიციარს, ამბობს, რომ საგანგებოდ მათთვის საინფორმაციო მასალის შექმნა, პირველ ყოვლისა, ზრუნვის გამოხატულებაა: „განსაკუთრებულია, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი დისკები, მათთვის, პირველ ყოვლისა, ყურადღების და სითბოს გამოჩენაა. მცირედი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად განკუთვნილი მასალა ძალიან გაუხარდათ. ბენეფიციარების ნაწილს აქვს კომპიუტერი, რომ უყუროს დისკზე ჩაწერილ სურდოთარგმანს. ვისაც არ აქვს, მეგობარი დაიხმარა, ან ერთმანეთს გადასცეს ინფორმაცია“.

მხედველობის და სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რჩევები ფსიქოლოგმა ნინო კილაძემ შეარჩია. რჩევები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნება. ნინო კილაძე გვეუბნება, რომ გამოარჩია 6 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ბენეფიციარებს სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაეხმარება: „ამ რჩევებს შორის უმნიშვნელოვანესია გაზიარება - როდესაც ადამიანს შეუძლია ემოციების გაცნობიერება და გაზიარება, რაშიც მეგობრები და ახლობლები გვეხმარებიან. მნიშვნელოვანია ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვა, რომელიც მოდის დღის განმავლობაში საინფორმაციო არხებიდან, რაც, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებას არ ეხება“.

ბენეფიციარებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ მასალას, ძირითადად, აწვდიან იმ ორგანიზაციების დახმარებით, სადაც სმენა და მხედველობადაქვეითებული ადამიანები არიან გაერთიანებული. ასეთი ორგანიზაციების არაწევრი მოქალაქეების კონტაქტები კი პროექტის ინიციატორებმა თავად მოიძიეს და დისკები სახლში მიუტანეს.

XS
SM
MD
LG