Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სიცოცხლის მარში" აბორტის აკრძალვის მოთხოვნით


"სიცოცხლის მარში"
"სიცოცხლის მარში"

აიკრძალოს აბორტი, სამშვილიანი ოჯახი ჩაითვალოს მრავალშვილიანად, სავალდებულო გახდეს კერძო თუ საჯარო დამსაქმებლისათვის 6 თვემდე დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფომ აიღოს - ამ მოთხოვნებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინერ ჯორჯია - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“ 4 მაისს ქუთაისში ქალაქის ცენტრალური მოედნიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა გამართა, სახელწოდებით „სიცოცხლის მარში“, და პარლამენტს მოთხოვნების მანიფესტი წარუდგინა. „ინერ ჯორჯიას“ წარმომადგენლის, ექსპერტ-მეთოდისტ ნინო ჟღენტის განცხადებით, „სიცოცხლის მარში“ ქუთაისში ტრადიციად იქცა და მეექვსედ გაიმართა, წელს მარშის მთავარი გზავნილი კი ჩასახული სიცოცხლის დაბადების აუცილებლობაა.

გადმოწერა

ექსპერტ-მეთოდისტ ნინო ჟღენტის თქმით, ორგანიზაციის მანიფესტი საზოგადოებაში მომწიფებული აზრის გახმოვანებაა. იგი იმედოვნებს, რომ მანიფესტი საკანონმდებლო წინადადების სახეს მიიღებს. არასამთავრობო ორგანიზაციის „წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“ წარმომადგენლის, ნანა ნებიერიძის, განცხადებით, აბორტის აკრძალვის მოთხოვნა განპირობებულია ბოლო წლებში საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რიცხვის ზრდით. ამასთან, სავარაუდოდ, ეს რიცხვი მეტია, რადგან სპეციალისტები ეჭვობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში აბორტების ნაწილი ოფიციალურად არ რეგისტრირდება. ნანა ნებიერიძისავე განცხადებით, 40 ათასამდე რეგისტრირებული აბორტი ქვეყანაში ადამიანების ცოდნისა და ცნობიერების დაბალი დონის მანიშნებელია.

"სიცოცხლის მარში"
"სიცოცხლის მარში"

„სიცოცხლის მარშის“ მონაწილის, ციცო კოვზაძის, თქმით, ის აქცია-მსვლელობას შეუერთდა იმის გამო, რომ მანისფესტის მოთხოვნებს იზიარებს და როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს ოჯახის დაგეგმვაში, დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფასა და სხვა საკითხებში.

„სიცოცხლის მარშის“ მონაწილეებმა აქცია დღეს დღის 2 საათზე დაიწყეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ქალაქის რამდენიმე მთავარი გამზირისა და ქუჩის გავლის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან დაასრულეს. „სიცოცხლის მარშის“ ორგანიზატორები ტრანსპარანტების საშუალებით აცნობდნენ საზოგადოებას იმ მანიფესტის მოთხოვნებს, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს.

XS
SM
MD
LG