რუსეთთან გამოუცხადებელი ომის პირობებში მყოფი უკრაინისათვის 12 ივნისი თამამად შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული დღე ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში.
ამ დღეს უკრაინამ ორი მნიშვნელოვანი სიგნალი მიიღო: პირველი შეეხება 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში აშშ-ისგან მიიღებს.
მეორე და არანაკლებმნიშვნელოვანია უკრაინისათვის ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის (EOP) მინიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატუსი წინასწარ არ განსაზღვრავს არავითარ გადაწყვეტილებას, ნატოში ქვეყნის გაწევრიანების თვალსაზრისით, ალიანსის ეს ნაბიჯი უკრაინას შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტად გახადოს მისი არმია ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და იხეიროს ურთიერთქმედების პროგრამებსა და წვრთნებზე უფრო ფართო წვდომის შედეგად.
მაგრამ მეტს უკრაინამაც უფრო მეტით უნდა უპასუხოს.
პირველ რიგში ეს შეეხება შეიარაღებულ ძალებში კორუფციის აღმოფხვრას და არმიაზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებას, რაც, საერთო აზრით, არა მხოლოდ უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ მთელი უკრაინის ისტებლიშმენტის პრობლემად რჩება.
რას აძლევს EOP-ის სტატუსი ქვეყანას?
12 ივნისს უკრაინა გახდა მეექვსე ქვეყანა, რომელსაც ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი მიენიჭა.
მანამდე ამ სტატუსს უკვე ფლობდნენ ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო და შვედეთი.
„საქართველოს მაგალითზე, რომელმაც EOP-ის სტატუსი 2014 უელსის სამიტზე მიიღო, ეს ნიშნავს, რომ ამ სტატუსის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან თავსებადი ალიანსთან საკუთარი შეიარაღებული ძალებით. ეს სტატუსი საშუალებას იძლევა ნატოსთან უფრო ფართო თანამშრომლობის, ალიანსის სამხედრო ოპერაციებში პარტნიორების მეტი მონაწილეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ფართო პოლიტიკური კონსულტაციებისათვის,“ - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი.
უფრო ზუსტად, ნატოს პარტნიორი ქვეყანა „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსთან ერთად ღებულობს წვდომას ალიანსის ოპერატიულ ინფორმაციებზე, უფრო ფართოდ მონაწილეობს ერთობლივ წვრთნებში, კონსულტაციებისა და სერტიფიცირების პროცესში, ოპერატიულ დადეგმარებისა და ვითარების შეფასების სამზადისში.
„გარდა ამისა, ჩვენთვის შესაძლებელი გახდება ალიანსის სადაზვერვო მონაცემებზე წვდომა, ხოლო უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ ნატოს ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობაში“, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანდრეი ზაგოროდნიუკი, რომელიც საგანგებო სტატიით გამოეხმაურა უკრაინისათვის ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის მინიჭებას.
უკრაინელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კიდევ უფრო დაახლოებით მოიგებს ალიანსიც, რომელიც თავის ოპერაციებში შეძლებს ჩააბას ის უკრაინული ქვედანაყოფები და სამხედრო სპეციალისტები, რომლებმაც „უნიკალური საბრძოლო გამოცდილება მიიღეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ჯერ ანტიტერორისტულ, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერაციებში“,- აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
კომპენსაცია ნატოსკენ სწრაფვის სანაცვლოდ?
როგორც თავის დროზე საქართველოს შემთხვევაში იყო, ამ სტატუსის მინიჭებას მოჰყვება უკრაინა-ნატოს შორის კონსულტაციების გამართვა იმ დეტალური გეგმის განსახილველად, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ახალი შესაძლებლობები.
როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც უარყოფენ მოსაზრებას, თითქოს, EOP-ი, რაკი მასში ავსტრალია და იორდანიაც იმყოფება, შესაძლებელია იყოს მაქსიმუმი იმისა, რასაც ნატო შესთავაზებს მის რიგებში გაწევრიანების მსურველ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.
„ეს აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას. „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსს არც უკრაინა და არც ნატო არ განიხილავენ როგორც გაწევრიანების სამოქმედო პროგრამიდან და ალიანსში გაწევრიანებიდან უკრაინის ყურადღების გადატანას. უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, - დარწმუნებულია ოლგა სტეპანიშინა, ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი.
არსებობს ვარაუდი, რომ მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ ალიანსი დიდხანს აღარ გაფართოვდება. „ნატოს წარმომადგენლებმა შესაძლოა ღიად კომპლიმენტები უთხრან ბოსნიას, საქართველოსა და უკრაინას, მაგრამ პირად საუბრებში ისინი გამორიცხავენ ალიანსში ამ ტრიოს მალე მიღებას“, - წერს რადიო თავისუფლების მიმომხილველი რიკარდ იოზვიაკი.
მაგრამ უკრაინელი ექსპერტები ვარაუდებისა და გრძელვადიანი პროგნოზებისგან თავს იკავებენ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ არ გამოსულა კორონავირუსის ეპიდემიის შოკიდან. არავინ იცის, თუ როდის დადგება ნატოს გაფართოების საკითხი ალიანსის დღის წესრიგში.
თანაც, უკრაინაში სჯერათ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და რომ EOP-ის მიღება უფრო დააახლოებს უკრაინას ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სივრცესთან.
„ერთი მხრივ, ცხადია, ეს არის პლუსი, რადგან EOP-ი უკრაინას აძლევს სიგნალს, რომ იგი სწორი მიმართულებით მოძრაობს და, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ ქვეყნის შიგნით კლებულობს მხარდაჭერა, ეს სიგნალი მოწმობს, რომ არსებობს ევროატლანტიკური ვექტორის რეალიზების შანსი, ხოლო რეფორმები, რომლებიც სამხედრო სფეროში ხორციელდება, არის საკმაოდ წარმატებული.
მეორე მხრივ, პრობლემაა ის, რომ უკრაინამ რეალურად უნდა განავითაროს საკუთარი ინტერესები და უნდა მიაღწიოს, საქართველოსთან ერთად, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), რომელსაც ჩვენ 2008 წლიდან ველოდებით“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ევჰენ მაგდამ, „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
დაბრკოლების ლოდი
სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინა ბევრად უფრო ადრე მიიღებდა „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსს, რომ არა უნგრეთის წინააღმდეგობა, რაც 2017 წელს განათლებისა და უკრაინული ენის - როგორც სახელმწიფო ენის - შესახებ კანონების მიღებას მოჰყვა. ახალი კანონით ერთადერთ სახელმწიფო ენად ქვეყანაში გამოცხადდა უკრაინული.
ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ კანონი ლახავს 150 ათასი ეთნიკური უნგრელის უფლებას, რომლებიც იმიერკარპატებში ცხოვრობენ, და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეთნიკურ უნგრელებს შეუნარჩუნდეთ სკოლებში საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, რასაც მხარს ვენეციის კომისიაც უჭერს.
დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ 2019 წლის ოქტომბერში უნგრეთმა დაბლოკა უკრაინის შესახებ ნატოს წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება.
კიევი პირობას დებს, რომ უკრაინა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების დაცვას, ხოლო ენის შესახებ კანონი აფართოებს მათ შესაძლებლობებს, რომ უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ უკრაინის საზოგადოებაში.
საბოლოოდ ნატოში, სადაც ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ყველა ქვეყანამ - ცხადია, უნგრეთმაც - ერთხმად დაუჭირა უკრაინისათვის „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის მინიჭებას.
ამას წინ უძღოდა მაისის ბოლოს ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოსა, და მისი უკრაინელი კოლეგის, დმიტრი კულებას, შეხვედრა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ სიიარტომ განაცხადა, რომ ესწრაფვის მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელთაც უნგრეთი მიმართავს უკრაინისადმი ნატოსა და ევროკავშირში.
მაგრამ ასე იქნება თუ არა ეს მომავალშიც, ეს ჯერ დაზუსტებით არავინ იცის.
„უკრაინის მთავარი შიდა პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს დისკუსიები იმაზე, ხომ არ მოხდა დათმობა უნგრეთთან, რომელიც ბლოკავს ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დაახლოებას“, - აცხადებს ევჰენ მაგდა.
ექსპერტს მხედველობაში აქვს ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში მომძლავრებული ანტიდასავლური რიტორიკა, რომელზეც ამ დღეებში ხაზგასმით ილაპარაკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრი კულებამ „შემაშფოთებელი“ უწოდა უკრაინული მედიით გავრცელებულ ცნობებს უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალში ანტიდასავლური განწყობების შესახებ.
„ჩვენ აბსოლუტურად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინამ უნდა განაგრძოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზით სიარული და მე ვერ ვხედავ მინიშნებასაც კი ამ კურსიდან უკან დახევაზე ან მისგან გადახვევაზე“, - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა შეუერთდა იმ ხუთი ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც „მსოფლიოში ნატოს ალიანსის უახლოეს პარტნიორად ითვლება“.