Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობა - ორი „9 აპრილის“ პირმშო


9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა პირდაპირ არის დაკავშირებული 1989 წლის 9 აპრილთან, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ქორიძემ, ისტორიული გზაგასაყარი უწოდა, რადგანაც ამ დღიდან მოყოლებული ქართველი კაცი უკვე აღარ იყო „ახალი ანთროპოლოგიური“ ტიპი - ჰომო სოვეტიკუსი.

ორი „9 აპრილის“ სიმბოლურ კავშირს გაუსვა ხაზი 1991 წლის ისტორიულ დღეს ზვიად გამსახურდიამაც - საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - თქვა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი:

„1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.

კენჭისყრის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს საქართველოს უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, რომელთა შორის იყო საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გოგი ხოშტარია:

„მახსოვს ის ატმოსფერო, რაც სრულად იყო დაცლილი თეატრალურობისგან. იყო გულწრფელი ემოციები და იმის შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ჩვენც თანამონაწილენი ვართ საქართველოს ბედის მშენებლობით - ეს განცდა ნამდვილად იყო ძალიან ძლიერი და მძაფრი. და, რა თქმა უნდა, ყოველივე ამას სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია და სწორედ მისი ინიციატივა იყო დამოუკიდებლობის აღდგენა და არა, უბრალოდ, გამოცხადება. ამით ხაზი გავუსვით, რომ აღვადგინეთ დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინდელი კონსტიტუციის საფუძველზე“.

გოგი ხოშტარია
გოგი ხოშტარია

გოგი ხოშტარია და ეროვნული მთავრობის წევრები მიზანმიმართულად მიდიოდნენ დამოუკიდებლობის აღდგენის დღისკენ. ჯერ კიდევ რეფერენდუმის ჩატარებამდე, 1991 წლის იანვარში, ავსტრიაში სტუმრობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს რესპუბლიკას არ აქვს განზრახული ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებული პირობებით:

„საქართველო დაჟინებით მოითხოვს მისცენ მას სრული დამოუკიდებლობა და აბსოლუტური უფლება იმის გადაწყვეტისა, შევიდეს თუ არა საბჭოთა კავშირში“.

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესვე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ შემდეგი სიტყვებით მიმართა მსოფლიოს ხალხებს:

„მას შემდეგ, რაც 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ საქართველოში დაემხო კომუნისტური რეჟიმი, კრემლმა აშკარა ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ერს, რაც გამოიხატა ხელოვნურად ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების გაღვივებაში, ეკონომიკურ ბლოკადაში თუ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ამ მიმართვას მალევე მოჰყვა შედეგი აღიარებების სახით.საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს: 1991 წლის 27 აგვისტოს - რუმინეთი და მოლდოვა, 30 აგვისტოს - აზერბაიჯანი, 13 სექტემბერს - სომხეთი, 12 დეკემბერს - უკრაინა, 16 დეკემბერს - თურქეთი, 20 დეკემბერს - ლიტვა და მონღოლეთი, 25 დეკემბერს - აშშ, კანადა და ირანი, 26 დეკემბერს - ინდოეთი, ბრაზილია, კუბა, ტაილანდი, 27 დეკემბერს - ჩინეთი, ბელორუსია, სლოვენია, ვიეტნამი, ეგვიპტე, ალჟირი, 28 დეკემბერს - ხორვატია, იორდანია, 30 დეკემბერს - ლიბანი, 31 დეკემბერს - პაკისტანი, 1992 წლის 2 იანვარს - ერაყი, ეთიოპია, ლაოსი დაა.შ.

საქართველო დღეს საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი და ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა. საქართველო ასევე ესწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ეს ყველაფერი 9 აპრილის დამსახურებით, 1991 წლის 9 აპრილისა, რომელიც, თავის მხრივ, ვერ იქნებოდა, რომ არა 1989 წლის 9 აპრილი, რადგანაც საქართველოში არ ჩატარდებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არ გაიმართებოდა 31 მარტის რეფერენდუმი და, შესაბამისად, არ იქნებოდა 1991 წლის 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აღდგენა!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG