მთავრობები მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში დგანან რთული არჩევანის წინაშე. ერთი მხრივ, იმისთვის, რომ ეკონომიკამ ფუნქციონირება შეძლოს, იწყებენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი საკარანტინო ზომების შესუსტებას, მეორე მხრივ კი - ებრძვიან ვირუსის გავრცელებას, რისთვისაც სწორედ ასეთი მკაცრი ზომები არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება.
რაც უფრო მეტხანს დარჩება ხალხი სახლში და ბიზნესები დაკეტილი იქნება, მით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ეკონომიკა. ეს, თავის მხრივ, წარმოშობს სოციალურ პრობლემებს: კომპანიები დაიხურება, გაიზრდება უმუშევრობა, სულ უფრო მეტი ადამიანი გაღარიბდება.
მაგრამ ხალხის ნაჩქარევად სამსახურში დაბრუნება ძალზე სარისკოა - ვირუსით უფრო მეტი დაავადდება და დაიღუპება.
მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ აკრძალვების ნაადრევმა მოხსნამ შეიძლება პანდემიის მეორე ტალღის გაჩენა გამოიწვიოს.
მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ აკრძალვების ნაადრევმა მოხსნამ შეიძლება პანდემიის მეორე ტალღის გაჩენა გამოიწვიოს და წყალში ჩაყაროს მარტსა და აპრილში გაჭირვებით მიღწეული შედეგები.
ამას შორი პერსპექტივით კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური ქაოსი შეიძლება მოჰყვეს, თუკი ხელისუფლებები იძულებული გახდებიან, კიდევ ერთხელ დააწესონ მკაცრი აკრძალვები.
ფრთხილი გამოსვლა საკარანტინო ზომებიდან
აპრილის შუა რიცხვებში ბელგიელმა სამედიცინო ექსპერტებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციები, მათი თქმით, ამ საუკუნეში ჯანდაცვის სფეროს ყველაზე უფრო დიდი გამოწვევის - მკაცრი საკარანტინო ზომებიდან გამოსვლის სტრატეგიის შესახებ.
ეს სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება.
პირველი: სოციალური დისტანცირება უნდა შენარჩუნებულ იქნეს დაავადების გავრცელების შესაკავებლად ისეთ დონეზე, რომ საავადმყოფოებმა შეძლონ დაავადებულთა რაოდენობასთან გამკლავება.
მეორე: ჯანდაცვის სისტემამ „დიდად უნდა გაზარდოს“ დიაგნოსტიკის მასშტაბი როგორც ინფიცირებულთა, ისე იმუნიტეტის მქონეთა გამოსავლენად.
დაბოლოს, ხელისუფლებებმა მასობრივად უნდა აწარმოონ სისტემატური ტესტებისა და კონტაქტების კვალის დადგენის პროცესი.
„ეს ტესტები პირველ რიგში ჩაუტარდებათ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროების მუშაკებს“, როგორებიც არიან ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და სურსათით მომარაგების სფეროთა მუშაკები.
ბელგიელ ექსპერტთა თქმით, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მკაცრი ზომების შესუსტება იმის მიხედვით, თუ როგორია მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის როლი დაავადების გავრცელების პროცესში.
წინ ნორმალიზაციისკენ
როგორც იტალიელმა ვირუსოლოგმა, ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტის ლექტორმა ელისაბეტა გროპელიმ განუცხადა რადიო თავისუფლებას, მას სულაც არ უკვირს, რომ ქვეყნები საკარანტინო ზომების დასრულებას ცდილობენ კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე.
მისი სიტყვებით, ეს ზომები, ე.წ. ლოკდაუნები, „არ არის გრძელვადიანი გამოსავალი“.
გროპელის თქმით, ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად მცირდება პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებსა და ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებში.
„ვინაიდან ორივე ეს მაჩვენებელი იკლებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, გერმანია ან ესპანეთი, მართლა საჭიროა დავიწყოთ ფიქრი მკაცრი საკარანტინო ზომების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ. ახლა სწორედ კარგი დროა ამაზე ფიქრისთვის“, - ამბობს გროპელი.
იტალიის ნელი გზა
იტალია ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის დარტყმა იგემა და დღემდე არის მსოფლიოში პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა.
4 მაისს მან ფრთხილად დაიწყო თავისი ეკონომიკის გახსნა რვაკვირიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ. ეს ქვეყნის მასშტაბით გატარებული ამ ტიპის ზომების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო მთელ მსოფლიოში.
მაგრამ იტალიაში ზომების შემსუბუქება მხოლოდ დაიწყო და ის ეტაპობრივად მოხდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ამჟამად კვლავაც დაკეტილი რჩება სკოლები, მუზეუმები და აკრძალულია მომსახურება რესტორნების შიგნით.
მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები შენარჩუნებულია რესტორნების გარეთაც, სადაც იტალიელები რიგში დგანან შეკვეთილი კერძების წასაღებად.
მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები შენარჩუნებულია რესტორნების გარეთაც, სადაც იტალიელები რიგში დგანან შეკვეთილი კერძების წასაღებად.
მიუხედავად ამისა, ქვეყანას გამოცოცხლება ეტყობა. გაიზარდა ტრანსპორტის მიმოსვლა, მუშაობა დაიწყეს სამშენებლო კომპანიებმა, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელმა ფირმებმა, ბაზრებზე გამოჩნდნენ მეყვავილეები.
იხსნება პარკები და სასაფლაოები. ოღონდ ნებადართულია მცირე მასშტაბის სამგლოვიარო ცერემონიები.
ხალხს უფლება აქვს, მეტი ივარჯიშოს გარეთ და მოინახულოს მეგობრები. მაგრამ ჯერჯერობით არ არის მთლად ნათელი, ვის აქვს ამის უფლება და ვის - არა.
ესპანეთის ოთხსაფეხურიანი სტრატეგია
ესპანეთმა მრავალკვირიანი საკარანტინო ზომების შემდეგ მათი შემსუბუქების ოთხსაფეხურიანი გეგმა გამოაქვეყნა.
პირველი სტადია 4 მაისს დაიწყო და ის ერთ კვირას გაგრძელდება.
მასში მოცემულია განრიგი, როდის შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი სახლის გარეთ ყოფნა 5000-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ პუნქტებში.
ესპანეთში კვლავ ამუშავდა რესტორნები, მაგრამ მხოლოდ საჭმლის წაღების სერვისის უფლება აქვთ.
მანქანით მგზავრობა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს - მძღოლს.
მანქანით მგზავრობა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს - მძღოლს. ამის გაკეთებაც ნებადართულია სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის საყიდლად.
პირბადეების ხმარება სავალდებულოა ყველანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მგზავრებმა მკაცრად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. ნებადართულია ზოგი სავაჭრო ბიზნესის გახსნაც, თუ დაცული იქნება სოციალური დისტანცია.
ესპანეთში მკაცრი ზომების შესუსტების მეორე ეტაპის დაწყება გათვალისწინებულია ე.წ. განგაშის ვითარების ან საგანგებო ვითარების პერიოდის დასრულებისთვის, რაც 10 მაისს უნდა მომხდარიყო, მაგრამ პარლამენტმა ვადა 25 მაისამდე გააგრძელა.
შემდგომი შემსუბუქების ფაზები ორკვირიანი ინტერვალით მოჰყვება ამას - იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში როგორი შედეგი იქნება მიღწეული.
ესპანეთის ხელისუფლების თანახმად, გეგმის მიხედვით, 25 ივნისს შესაძლებელი იქნება ახალი ფაზის დაწყება, რომელსაც „ახალი ნორმალურობის“ ფაზას უწოდებენ. ბავშვების სკოლებში დაბრუნება სექტემბრამდე არ არის გათვალისწინებული.
ესპანეთის ყოველ რეგიონში ცალ-ცალკე უნდა დამტკიცდეს ყოველი მოცემული ფაზა, ვიდრე შემდეგზე გადავიდოდნენ და ამ გადაწყვეტილებას მადრიდი იღებს. საბოლოოდ, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს მოხდება საკარანტინო ზომების გაუქმება.
მერკელს აშინებს ზომების სწრაფი გაუქმება
გერმანიაში ძალაუფლების ფედერალური დაყოფა იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები ერთმანეთისგან განსხვავდება 16 მხარეში.
მიუხედავად ამისა, გერმანიაში პანდემიის თვალსაზრისით ბევრად უკეთესი ვითარებაა იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-სთან შედარებით.
აპრილის უკანასკნელ კვირაში კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკრიტიკა ცალკეული პოლიტიკოსები ზომების ძალიან სწრაფად შემსუბუქებისთვის.
მერკელის თქმით, ქვეყანა პანდემიის დასაწყისში იმყოფება და არა მის ფინალურ ფაზაში.
ნუ წავაგებთ იმას, რასაც მივაღწიეთ და ნუ გავრისკავთ ვითარების გაუარესებას.ანგელა მერკელი
„ნუ წავაგებთ იმას, რასაც მივაღწიეთ და ნუ გავრისკავთ ვითარების გაუარესებას“, განაცხადა მან.
4 მაისიდან კვლავ გაიხსნა სათამაშო მოედნები, მუზეუმები და ეკლესიები. ასევე ამუშავდა სილამაზის სალონები, რომლებიც მკაცრად იცავენ ჰიგიენურ მოთხოვნებს.
სწავლა განახლდა დაწყებით და საშუალო სკოლებში. პრიორიტეტი ენიჭებათ იმათ, ვინც გამოცდებისთვის ემზადება.
სხვა სკოლები 11 მაისს გაიხსნება სოციალური დისტანციის დაცვით.
საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები კვლავაც დაკეტილი რჩება. ასევე დაკეტილია ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები და კინოთეატრები.
მთელ ქვეყანაში მოქმედებს სოციალური დისტანცირების წესები. სახლის გარეთ ერთად ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ ორ ადამიანს ან უფრო დიდ ჯგუფს, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. საჭიროა 1,5-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
გერმანიის იმ მხარეებში, რომლებშიც ძალზე მცირეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, ნებადართულია ხუთ ადამიანამდე შეკრება.
სპორტის მინისტრი მხარს უჭერს საფეხბურთო სეზონის მაისში განახლებას, თუკი გუნდები ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.
80-მილიონიან გერმანიაში 6 მაისისთვის დადასტურებული იყო ინფიცირების 168 ათასზე მეტი შემთხვევა, რაც ევროპის ფარგლებში სიდიდით მეოთხე მაჩვენებელია.
მაგრამ გერმანიამ მოახერხა სიკვდილიანობის დაბალი დონის შენარჩუნება. 7000-მდე გარდაცვლილი დაახლოებით მეოთხედია მეზობელი ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სიკვდილიანობის სტატისტიკასთან შედარებით.
ამიტომაც მსოფლიო ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მოახდენს გერმანია მკაცრი ზომების ეტაპობრივ შემსუბუქებას, რაც შესაძლოა მისაბაძი მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვის.
ახალი ზელანდია სიფრთხილეს ინარჩუნებს
ახალი ზელანდია, რომელმაც პანდემიის პირველ ეტაპზე ქება დაიმსახურა დაავადების სწრაფად შეკავებისკენ მიმართული ზომების შემოღებისთვის, 28 არილს შეუდგა საკარანტინო ზომების გაუქმება.
ეს მაშინ მოხდა, როცა ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შეწყდა „ჯგუფის შიგნით“ ინფექციის გადაცემა. მთავრობამ კი პირობა დადო, რომ „ამოძირკვავს“ იმ „იზოლირებულ შემთხვევებს“, რომლებიც სავარაუდოდ იჩენს თავს ვაქცინის შექმნამდე.
რვა დღის შემდეგ, 4 მაისს, ახალ ზელანდიაში ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ნულამდე დაეცა - პირველად მას მერე, რაც ქვეყანაში დაავადებამ იჩინა თავი.
მთავრობამ 11 მაისისთვის უნდა გადაწყვიტოს, კიდევ უფრო შეამსუბუქებს თუ არა აკრძალვებს.
ამასობაში ახალ ზელანდიაში გრძელდება სოციალური დისტანცირების პოლიტიკა და დაკეტილი რჩება სავაჭრო ცენტრები, ლუდხანები, საპარიკმახეროები და სხვა საზოგადოებრივი სავაჭრო ადგილები.
მთავრობამ 11 მაისისთვის უნდა გადაწყვიტოს, კიდევ უფრო შეამსუბუქებს თუ არა აკრძალვებს.
„თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას რომ გავფლანგოთ აქამდე ჩატარებული კარგი მუშაობით მიღწეული, როცა საბოლოო მიზანი ასე ახლოს და ხელის გაწვდენაზეა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდენმა.
აშშ-ის ჯორჯიის შტატში ზომების შემსუბუქებას ინფექციის მატება მოჰყვა
ახალი ზელანდიისგან მკვეთრად განსხვავდება ვითარება აშშ-ის ჯორჯიის შტატში. ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა მას მერე, რაც აპრილის ბოლო კვირაში შეასუსტეს პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვები.
ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა მას მერე, რაც აპრილის ბოლო კვირაში შეასუსტეს პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვები.
აშშ-ში შტატების ადგილობრივი მთავრობები ვაშინგტონიდან მოქმედების ძირითად მიმართულებებს იღებენ და არა განკარგულებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ამიტომ სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ვითარებაა.
ჯორჯია ამერიკის პირველი შტატი იყო, სადაც აკრძალვების მოხსნა დაიწყეს.
24 აპრილს კვლავ გახსნეს ზოგიერთი არასასიცოცხლო მნიშვნელობის ტიპის ბიზნესი - სპორტული დარბაზები, ფიტნესკლუბები, საპარიკმახერო სალონები და კინოები.
ბარები და რესტორნები 29 აპრილიდან გაიხსნა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ ჯორჯიაში დღეში ინფიცირების ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 7 მაისის მონაცემებით, შტატში კორონავირუსით ინფიცირების 31380 დადასტურებული შემთხვევა იყო, გარდაცვლილია 1336 ადამიანი.
ახალი შემთხვევების უმრავლესობა დედაქალაქ ატლანტაში აღირიცხა.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აზრით, ატლანტაში ვითარების გაუარესება იმითაა გამოწვეული, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქება მანამდე დაიწყეს, სანამ კონტროლს დაექვემდებარებოდა „ჯგუფის შიგნით“ დაავადების გავრცელება.
მაგრამ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი ზოგჯერ ორ კვირას გრძელდება, სანამ COVID-19-ის სიმპტომები გამოვლინდებოდეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ჯორჯიაში საკარანტინო ზომების სწრაფად მოხსნის ნამდვილი შედეგები მხოლოდ მაისის შუა რიცხვებისთვის გვეცოდინება.
სამხრეთკორეული გაკვეთილი
სამხრეთი კორეა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის სერიოზული დარტყმა განიცადა ჩინეთის შემდეგ.
20 აპრილს ქვეყანამ გადაწყვიტა, ფრთხილად დაიწყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შემსუბუქება.
მაგრამ სამხრეთ კორეაში არასოდეს დაუწესებიათ იმგვარი მკაცრი ზომები, რის მომსწრენიც გავხდით სხვა ქვეყნებში.
იტალიისა და ესპანეთისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეას არ შემოუღია კომენდანტის საათი და ხალხისთვის არ აუკრძალავს სამსახურში სიარული.
ამით ქვეყანამ ქება დაიმსახურა, როგორც იმის მაგალითმა, თუ როგორ შეიძლება დაავადების კონტროლი ეკონომიკის შებოჭვის გარეშე.
კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან ერთ კვირაში მთავრობამ კორონავირუსის ტესტების მასობრივი წარმოების განკარგულება გასცა.
თებერვლის დამდეგს, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე იტალია ქვეყნის მასშტაბით მკაცრ საკარანტინო ზომებს გამოაცხადებდა, სამხრეთი კორეა დღეში 100 ათასზე მეტ სატესტო კომპლექტს აწარმოებდა.
ამან ქვეყანას საშუალება მისცა, სწრაფად გაეხსნა 600-ზე მეტი ცენტრი, რომლებმაც ტესტის გაკეთება იოლი და ადვილად ხელმისაწვდომი გახადა.
სამხრეთმა კორეამ ქება დაიმსახურა როგორც იმის მაგალითმა, თუ როგორ შეიძლება დაავადების კონტროლი ეკონომიკის შებოჭვის გარეშე.
შედეგმაც არ დაახანა. ხელისუფლებას ვირუსის გაკონტროლების და ინფიცირებულთა მკურნალობის საშუალება მიეცა მანამდე, ვიდრე ეპიდემია ისეთ კრიზისულ დონეს მიაღწევდა, როგორამდეც ევროპა და აშშ მივიდნენ მომდევნო თვეებში.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეაში მაინც შემოიღეს მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა აკრძალვები, რათა შეენელებინათ დაავადების გავრცელების ტემპი.
ამ აკრძალვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი სტაბილურად გახდა დღეში 20 ან უფრო ნაკლები შემთხვევა. 4 მაისს მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯერ გაიხსნა პარკები და გოლფის მოედნები.
უფრო ნელა გაიხსნა რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.
მაგრამ სამხრეთკორეელები საზოგადოებაში კვლავაც ატარებენ პირბადეებს და ემორჩილებიან სოციალური დისტანცირების წესებს.
მიღწეული წარმატებების შედეგად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სამხრეთი კორეა მზადაა, დაასრულოს კორონავირუსის შეკავებისკენ მიმართული ფართო მასშტაბის საკარანტინო ზომები.
9 აპრილს სწავლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა და ახალი სასწავლო წლის გახსნა ხუთი კვირით გადაიდო.
ახლა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ უფროსკლასელები 13 მაისისთვის შეიძლება დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს. უფრო უმცროსი ასაკის მოსწავლეების დაბრუნება ივნისისთვისაა დაგეგმილი.
მაგრამ განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლების გახსნა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ეპიდემია დასრულებულიყოს.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მოუწოდებენ, ფხიზლად იყვნენ, ვინაიდან ხელახლა გახსნილ სკოლებში კვლავაც რჩება ინფექციის გავრცელების შესაძლებლობა.
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადეების ხმარება, სიცხის გაზომვა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.
მთავრობა აცხადებს, რომ ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში ის მზად არის, კვლავ დახუროს სკოლები და ონლაინსწავლების რეჟიმს დაუბრუნდეს.
ჯანდაცვის სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი ინფექციის ახალმა კლასტერებმა. მით უმეტეს, რომ აპრილში ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა შუა პანდემიაში.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, შეინარჩუნონ „ყოველდღიური კარანტინი“ და „რუტინული დისტანცირება“, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფიცირების რისკი სამუშაო ადგილებზე, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეაში აკრძალვების შემსუბუქება გავრცელდა რელიგიურ შეკრებებსა და სპორტულ კომპლექსებზე.
სამხრეთკორეული კომპანიებიც ეტაპობრივად წყვეტენ შინიდან მუშაობის პოლიტიკას. მაგრამ ისინი თანამშრომლებს ავალდებულებენ, სამსახურში მისვლისას სიცხე გაიზომონ და სხვა თანამშრომლებისგან დისტანცია დაიცვან.