ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპის რეგიონში ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა, რჩება ცალკეული ქვეყანა, რომელსაც ეს ტენდენცია არ შეეხო:
„12 აპრილის შემდეგ, თითქმის 4 კვირაში ევროპის რეგიონში ყოველდღიურად აღრიცხული შემთხვევების კლების მოწმეები ვართ. ნელა, მაგრამ დანამდვილებით ვხედავთ დადებით ნიშნებს. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია იმავეს თქმა ყველა ქვეყანაზე. რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავაც შემაშფოთებელია: ბელარუსში, ყაზახეთში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ბოლო კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა იზრდება. მიმდინარე კვირაში ექსპერტთა მისია გვყავს გაგზავნილი ტაჯიკეთში. ისინი მუშაობენ ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მიმწოდებლებთან ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაზე საპასუხოდ.
მიმდინარე პანდემიის დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 60-ზე მეტი მისია განახორციელა ევროპის რეგიონში, რომლის დროსაც ქვეყნებს ვთავაზობთ ინსტრუქციებს ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის: ლაბორატორიულ კვლევებზე, დაავადების მონიტორინგზე, მოქმედებების დაგეგმვაზე, საავადმყოფოების მომზადებაზე და, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ დახმარებას“.
ჰანს კლუგემ აგრეთვე განაცხადა, რომ COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად ევროპის რეგიონის 43 ქვეყანაში დაწესდა სხვადასხვა სახისა და მასშტაბის შეზღუდვა და მათგან 32-მა დაიწყო ზომების შემსუბუქება. WHO-ს წარმომადგენელი გამოდის გაფრთხილებით:
„ვითარება კვლავაც ძალიან მოწყვლადია და შეიძლება სწრაფად გაუარესდეს, თუკი ძირითადი ზომები არ იქნება თანაზომადი, არ გაგრძელდება კვლევა და თუკი არ იქნება სწორად, ფრთხილად დაგეგმილი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა“.