გაფიცულები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის კომპანიის საწარმოს შესასვლელთან 8 დღეა ლურჯი ტენტის ქვეშ იკრიბებიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. ერთ-ერთი გაფიცული, შაკო ქობალია, 7 წელია კომპანიაში ოპერატორად მუშაობს. ის რადიო თავისუფლებას უზიარებს გაფიცულთა მოთხოვნებს:
- ხელფასის 30%-ით გაზრდა;
- შრომის ანაზღაურების ყოველწლიური ინდექსაცია; ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებლის მიხედვით;
- უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო პირობები;
- კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
„7 საათში უნდა ჩამოვასხა 20 ათასი ბოთლი, უნდა ვიდგე მთელი დღე ფეხზე და 20 ათასი ბოთლი უნდა ჩავაწყო ყუთებში. წყალი არის 4 გრადუსამდე გამთბარი, გარედან შუშაც ცივია, საწარმოშიც აუტანელი სიცივეა და ცივ ადგილზე ცივ ბოთლებს ვაწყობ მთელი დღის განმავლობაში“.
ქობალიას თქმით ასე საწარმოში, სპეციფიკურ და რთულ სამუშაოს გაუმართავ დანადგარებსა და მოუწესრიგებელ გარემოში ასრულებენ კვირის გარდა ყოველდღე, სამ ცვლაში, 8 საათიანი გრაფიკით. გაუმართავი ტექნიკის შეკეთებაც ოპერატორებს უწევთ, რაც მათი მოვალეობა არ არის:
„ორჯერ დამარტყა დენმა და დირექტორს როცა მივმართე, გაეკეთებინათ, ამის გამო გააჩერე აპარატიო?“
საწარმოს თანამშრომლები სხვა მძიმე პირობებზეც საუბრობენ - ტუალეტს კარი არ აქვს და არც წყალი მოდის, არ არის სამედიცინო ყუთი და მედიკამენტები, წნევის საზომი აპარატი თავად იყიდეს.
ქობალიას შრომის ანაზღაურება დღეში 44 ლარია - ამას აკლდება საპენსიო დანაზოგის და საშემოსავლო გადასახადის თანხა. ამასთან, თუ თანამშრომლებისგან დამოუკიდებელი მიზეზით საწარმოს მუშაობა შეფერხდა, დასაქმებულებს იმ დღის ხელფასი არ უნაზღაურდებათ:
„ცუდი გზის გამო როდესაც ვერ მოძრაობს სატვირთო მანქანები, ან 15–20 კილომეტრიდან წყალი არ მოგვეწოდება და იმ დროს ქარხანა არ მუშაობს, იძულებითი მოცდენა ხდება და მაგალითად, გაფიცვის დაწყებამდე, ერთ კვირაში ორჯერ მოუწიათ მუშაობა და ხელფასი 88 ლარი გამოვიდა“.
მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურება 17 თებერვალს უნდა დარიცხოდათ, თუმცა გაფიცვის გამო, კომპანიაში უარს ეუბნებიან ხელფასის მიცემაზე, ეს კი დამატებითი პრობლემებია: ვერ გადაიხდიან ბანკის კრედიტის თანხას და კომუნალურ გადასახადებს.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს უფლებების დაცვაში ეხმარება აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“. მისი ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, საწარმოს ყველა თანამშრომელი გაფიცული, ქარხანა კი პარალიზებულია:
„საწარმოში დაცვის, დირექტორის და იურისტის გარდა არავინ იმყოფება. გაფიცვის პირველ ეტაპზე, კომპანიამ დაიწყო დასაქმებულების ჩანაცვლება სხვადასხვა სამსახურიდან, ოღონდ ემუშავათ და მეტ ხელფასს აძლევდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ გაფიცულების გარეშეც მუშაობს ქარხანა. ორი დღის განმავლობაში იმუშავა საწარმომ დატვირთვის 10 %-ით. შემდეგ ამ ადამიანებს გავესაუბრეთ და ავუხსენით რატომ ვიდექით გარეთ და სოლიდარობის ნიშნად დატოვეს სამუშაო“.
საწარმოს 30–ზე მეტი თანამშრომლის გაფიცვას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის უშედეგო პროცესი, რომელშიც ჩართული იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. გიორგი დიასამიძის თქმით, დამსაქმებლის "ცინიკური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების" გამო მოლაპარაკება ვერ შედგა:
„დამსაქმებელი აცხადებს, რომ 1500 ლარია საშუალო ხელფასი და სახელფასო ბიუჯეტი 80%-ით გაიზარდა, თუმცა ხელფასის ზრდა შეეხო მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს. დასაქმებულები იღებენ 750-დან 900 ლარამდე ხელფასს“.
პროფკავშირების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფიცვა მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება და კვირას გაიმართება მრავალრიცხოვანი აქცია, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ კურორტის სხვა კომპანიებში დასაქმებულები.
კითხვებს გაფიცვასთან დაკავშირებით „საირმე მინერალ ვოთერსმა" არ უპასუხა. კომპანიამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა მხოლოდ წერილობითი განცხადება, სადაც წერია, რომ გაფიცულთა უფლებების დამცველი მიზანმიმართულად უშლის ხელს გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან კონსტრუქციულ დიალოგში:
„კომპანიის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე გააგზავნა წინადადება, რომელსაც გაფიცულთა მხრიდან რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობასთან საუბარი ულტიმატუმის ენით განაგრძეს. მათი მხრიდან, მედიაციის პერიოდში, რამდენჯერმე შეიცვალა მოთხოვნები და გაიზარდა რაოდენობა, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი დიასამიძეს არ სურს საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა, მიზანმიმართულად აჭიანურებს პროცესს, რაც ბუნებრივად იწვევს ბრენდის რეპუტაციისა და იმიჯისთვის ზიანის მიყენებას, რეგიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებლის საწარმოო პროცესის შეჩერებას და 62 თანამშრომლის სამსახურის გარეშე დატოვებას“.
„საირმე მინერალ ვოთერსში“ ირწმუნებიან, რომ გაფიცულია თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი და საწარმო მუშაობას განაგრძობს. კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.