საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის“ მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული 18 ადამიანი 28 თებერვალს კორონავირუსზე შესამოწმებლად სოფელ ბედიანში გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომუშავე კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა.
წყარომ განაცხადა, რომ 18-ვე საქართველოს მოქალაქეა და აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდნენ.
„ყველა მათგანს პასპორტში ირანის მესაზღვრეთა ბეჭედი ერტყა“, განაცხადა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავემ. წყარომ დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, ბედიანში საკარანტინო ზონა გახსნეს.
„წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე სოფლებიდან მომუშავე ტაქსის მძღოლებმა, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 18 ადამიანს შორის მათი თანასოფლელებიც არიან. ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ ის იცნობს ბედიანში ერთ-ერთი გადაყვანილის მშობელს, რომელიც მისი თანასოფლელია.
„მამამისმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ბედიანში გადაუყვანიათო“, - თქვა რესპონდენტმა. - „ჩვენი სოფლებიდან აზერბაიჯანშიც მუშაობენ და ირანშიც, ზოგი ხალიჩებით ვაჭრობს“.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის“ მონაკვეთზე გამკაცრებულია რეჟიმი. ადგილობრივი თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ შემომსვლელ-გამსვლელებთან, დადიან სპეციალური დამცავი სათვალით, ხელთათმანებითა და პირბადეებით. ექიმთა ბრიგადები ამოწმებენ აზერბაიჯანიდან შემოსულებს, თუმცა რამდენიმემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექიმები მას მხოლოდ ვიზუალურად დააკვირდნენ. სხვებმა განაცხადეს, რომ სპეციალური აპარატით სიცხე შეუმოწმეს.
„წითელი ხიდის“ მიმდებარედ ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. გახსნილია პატარა მაღაზიები, ვაჭრობენ ღია სივრცეშიც.
სავაჭრო ტერიტორიაზე გამკაცრებული რეჟიმი არ შეინიშნება. ერთ-ერთ ჯიხურში, სადაც ჩაის და ყავას ამზადებენ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულები მათაც აკითხავენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მათთან გასაუბრება არ ჰქონიათ კორონავირუსის პრევენციის შესახებ. საზღვრის სიახლოვეს ბევრი უდოლბანდოდ დადის, თუმცა მოძრაობენ დოლბანდაკრულებიც.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე გამოკრულია საინფორმაციო პლაკატები, აზერბაიჯანულზე - არა.
აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მხარეს მსგავსი ინფორმაცია გამოკრული არ არის.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ადამიანი, მარნეულის მკვიდრი, რომელიც ირანში იმყოფებოდა, „წითელი ხიდის“ გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.