Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებას აინტერესებს არა მარტო იმაზე საუბარი, რა არის ცუდად ქვეყანაში, არამედ რა არის პარტიის რეალური გეგმა პრობლემების გადასაჭრელად"


ნინო ჯაფარიძე, Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი
ნინო ჯაფარიძე, Edison Research-ის ვიცეპრეზიდენტი

კომპანია "ედისონ რისერჩის" ბოლო გამოკვლევით, საქართველოში გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განთავსების იდეას. ამ ექსკლუზიური ინფორმაციის გარდა კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას უზიარებს მე-5 გამოკვლევის არაერთ სხვა შედეგსა და ნიუანსს.

„გავაკეთებთ ამ ეგზიტ პოლს ისე, როგორც ვაკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნდობა ჩვენი ეგზიტ პოლის მიმართ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი, რადგან რა შედეგიც უნდა დაიდოს, ჩვენ მას ვიტყვით და გავაანალიზებთ“, - აცხადებს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნინო ჯაფარიძე, „ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ვიცეპრეზიდენტი. ეს კომპანია 2004 წლიდან ექსკლუზიურად ატარებს ეგზიტ პოლებს აშშ-ის ყველა არჩევნებზე აშშ-ის წამყვანი ტელეკომპანიების დაკვეთით (CNN, NBC, CBS, ABC). საქართველოში კი მისი დამკვეთია ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა ბოლო გამოკითხვის (25 სექტემბერი-7 ოქტომბერი) შედეგები.

ეგზიტ პოლამდე, ანუ 31 ოქტომბრამდე კი „ედისონ რისერჩი“ მე-6 კვლევასაც გამოაქვეყნებს. შედეგები გასაჯაროვდება ძალიან ახლოს არჩევნების დღესთან:

„ახალ სურათს დავინახავთ, მაგრამ არჩევნების დღეს გავიგებთ რეალურად მოსახლეობის რა პროცენტი მივა არჩევნებზე და რა გადაწყვეტილებას მიიღებს“.

რაც შეეხება მე-5 გამოკვლევის შედეგებში ასახულ ზოგად განწყობებს, ნინო ჯაფარიძე ინტერვიუში რამდენიმე მონაცემზე ამახვილებს ყურადღებას:

„47%-ია მოსახლეობის, რომელმაც თქვა, რომ გასული წლის განმავლობაში ჰქონიათ მომენტი, როცა ვერ იყიდეს პროდუქტი, ე.ი. სიღარიბეა საოცრად ძლიერი.

საგრძნობლად გაიზარდა პროცენტი იმ მოსახლეობის, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. ამ კონტექსტში, რასაც ხაზი გავუსვი, შესაძლებელია, ძალიან დიდი ოპტიმიზმით იყვნენ აღჭურვილი ოპოზიციური ძალები და იფიქრონ, რომ გარანტირებული აქვთ გამარჯვება, მაგრამ ვხედავთ, რომ კონკრეტულ კითხვაზე - დღეს რომ იყოს არჩევნები, ვის მისცემდით, ხმას? – 36% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, 24% ჯერ კიდევ გაურკვეველია“.

ნინო ჯაფარიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს ამომრჩეველი გაიზარდა და გადაწყვეტილების მიღებისას დიდწილად ითვალისწინებს იმას, თუ პრობლემების გადაჭრის რა გზებს სთავაზობს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, როგორია მათი პროგრამები:

„საზოგადოებას აინტერესებს არა მარტო იმაზე საუბარი, თუ რა არის ცუდად ქვეყანაში, არამედ რა არის პარტიის რეალური გეგმა ამ პრობლემების გადასაჭრელად. შარშანდელთან შედარებით პროგრამების მნიშვნელობა გაიზარდა. ლიდერის მნიშვნელობაც საკმაოდ დიდია, მაგრამ არ არის გაზრდილი.

ძალიან მომთხოვნი გახდა საქართველოს ამომრჩეველი. პოლიტიკური კულტურა ნამდვილად გაზრდილია.

პარტიების მიმართ ნდობა დარჩა ისევ დაბალ დონეზე: პარტიები, ბანკები და პრეზიდენტი ისევ რჩებიან ყველაზე ნაკლებად ნდობად ორგანიზაციებად“.

„ედისონ რისერჩის“ ვიცეპრეზიდენტი რადიო თავისუფლებისთვის მიცემული უწინდელი ინტერვიუს მსგავსად, არც ახლა ასახელებს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას:

„არ ვასახელებ განგებ, რადგან ყოფილა მცდელობა ზეწოლის და აბსოლუტურად ვცდილობთ, რომ ასეთი არაჯანსაღი ზეწოლისგან ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები იყვნენ დაცულნი. ვიდრე საქართველოში ჯანსაღი გარემო ჩამოყალიბდება, მართლა დემოკრატია იქნება...თქვენს კითხვაზე, ასეთივე პასუხი გვექნება“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG