Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რწყილი და ჭიანჭველა


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ხან ხუან პრესიადო მწერს, ხან - ჯონათან მარდუკასი, ხან - საშკა ჩერქეზი. სხვაც ბევრი. ამ სახელების მიღმა ერთი და იგივე კაცი დგას ხოლმე - მორჩილაძე აკაკი, იგივე ახვლედიანი გივარგი.

ჩვენ ასე ვიცით, ვისი სახელით აღარ შევძახებთ ერთმანეთს. უსტარის ბოლოში სახელებს მივაწერთ ხოლმე კინოდან, წიგნიდან, ცხოვრებიდან, საიდან აღარ. მეც ხან ალონზო მოზლი ვარ, ხან - იური ლაკობა, ხან - იგორ კიო.

ძლიერ ახლობლის გარდა, ვისთან უნდა გქონდეს კაცს მსგავსი თამაშები? თამაშობა ხომ ფუჭი ფუსფუსობაა, რომლის მუღამიც თვითონ პროცესშია და არა შედეგში.

ჩემ თავად კაი ხანია ბერლინში ვარ. და ეს ბურთივით მრგვალი კაცი ერთადერთია, ვინც მესტუმრება ხოლმე სამუსაიფოდ. ასეთები ძველად ხდებოდა. ისიც წიგნებში. თან როგორ მესტუმრება. ბერლინში ყოფნისას კი არ შემოირეკება, სულ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან იცის შემოძახება, ევროპებში ვარ, მოვდივარ და დამიხვდიო.

განა ბევრი იცი, ექსპრესის ან ჰაეროპლანის ბილეთზე რომ დაიხარჯება შენთან ჩაის შესასმელად? ან რა ჩაია ისეთი, მაინცდამაინც ცხრა მთას იქით რომ დაილევა? განა ერთგზის ჩამოსულა ან ორგზის. მრავალგზის. მოგორავს და მოგორავს შიგადაშიგ ხვნეშით, ტორტმანით, ჭრიალით, როგორც ძველი გემი. მეორე დილით უკანვე გაუყვება ხოლმე.

ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა
ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა

მგზავრობის ხარჯის გარდა, აქ მგზავრობის დროც გასათვალისწინებელია, ორივე მიმართულებით. თან როცა მწეველზეა საუბარი. როგორია სადგურიდან-სადგურამდე თმენა უპაპიროზოდ. ერთხელაც ასე რომ მოიწევდა, მგზავრობისას ვეღარ მოუთმენია და კუპეშივე მოუქაჩავს და მოუქაჩავს ჩუმ-ჩუმად ელექტრული. ისე, ამოტოლა კაცმა ჩუმ-ჩუმად როგორ უნდა გააკეთოს საერთოდ რამე? მაშინ იმავე კუპეში მჯდარ ვიღაც ჯეილს შეუცხადებია, აქ არ ეწევიანო, რაზეც ამას მიუგია, კაცო, მე მოვწევ ცოტას და შენ თუ გინდა, დაუძახე პრავადნიკსო. ჯეილს აღარ დაუძახნია, თორემ ამას გამზადებული ჰქონია საჯარიმო თანხა.

ცალკე ამბავია სასტუმროს ხარჯიც. როგორ არ შევაძლევ ხოლმე ჩემთან თავისუფალ ვოთახს, შეგორდი და იძინე, რაოდენიც გინდა-მეთქი, არაფრით იზამს. მადლობა დიდი, მაგრამ ხვნეშები ვიცი ღამითო. ჰოდა, დგება ყოველ ჯერზე ამოტოლა კაცი სასტუმროში. ბევრი იცი, ასე ეჯავრებოდეს სხვისი შეწუხება? წარმომიდგენია, როგორ იღელვებდა ამ დღეებში, როცა მტერი და მოყვარე შეაწუხა უნებურად.

ერთხელ, დიდნიღბიანობისას, შენიღბულები მივუყვებოდით შპრეკანალს. წვალობდა ძლიერ, აიწევდა ოდნავ ნიღაბს, მოქაჩავდა პაპიროზს ღრმად და უცებ ისევ მოირგებდა პირზე იმ ნიღაბს, იმის ქვემოდან რომ ეფრქვია მერე კვამლები. დრო იყო მოჟამული, უნიღბოდ არ გაისვლებოდა. ინზელბრუკეზე გადავდიოდით, კაცი წამოგვეწია, ქართული მომეყურა და მინდა მოგესალმოთო. ჩვენც მივესალმეთ. ხელიც მინდა ჩამოგრთვათო, გამოიწია. დიდი ბოდიში, მაგრამ ხელს ვეღარ ჩამოგართმევთ, წამალი მისვია-მეთქი. დუმილი ჩამოწვა. მე მიჩვეული ვარ ასეთებს, როცა მავანი რაღაცას მოითხოვს ჩემგან. ეს ბურთივით კაცი კი უცებ ისე აღელდა, უცნობს უთხრა, სამაგიეროდ მე ჩამოგართმევთ ორჯერო.

მის თავისებურ თანადგომაზე კიდევ არის მოსაყოლები, მაგრამ არცერთია ისე თვალსაჩინო, როგორც ამონაგლეჯი ერთი მისეული მონაწერიდან, რომელიც მიყვარს განსაკუთრებით:

„ეგებ გეგეცინოს და დემესიზმრე. ვიდექით და რაცხა ხალხი გვემართლებოდა (რა თქმა უნდა, უფრო შენა, მარა მეც იქა ვღელამდი). თუმცა, კარგა დამთავრდა.

ტრადიციულად, დაუდექ წუთისოფელსა!“

როგორ მინდა, მე მიმეწერა ახლა მისთვის ეს სიტყვები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG