ოდესღაც, მოსეს არყოფნით დაბნეულმა ადამიანებმა, პალოს დაარჭეს ხარის თავი და მის წინაშე დაიწყეს ლოცვა, რადგან მოსეს გარეშე რწმენის რეფლექსი კი შერჩათ, მაგრამ შინაარსი დაკარგეს... უმოსეოდ, ანუ უიდეოდ, ახლა ეს ხარის თავი აღმოჩნდა მათი ღმერთი.
მორწმუნეები იყვნენ ისინიც, ვინც წმინდა ნინომდე გაცს და გაიმს, არმაზის ღვთაებებს სწირავდნენ ცოცხალ მსხვერპლს.
ისიც რწმენაა, როცა ღმერთად და მეფედ მიიჩნევენ იმ მდუმარე კაცს, დრო და დრო დამპალ პომიდორს რომ ესვრის თავის მრევლს და ასანთის ღერებს ურიგებს სადარბაზოში "ვარდს გაეფურჩქნა კოკორის" სიმღერის ფონზე.
რწმენაა ისიც, როცა გჯერა, რომ ერთი ფილმის ნახვით შეიძლება მამათმავლად იქცეს ცდუნებული და ფიზიოლოგიურად მერყევი კინომაყურებელი.
რწმენაა, როცა გჯერა, რომ რომელიღაც სლავურსახელიანმა წმინდანმა, რომელსაც ისტორიულად არ უარსებია, მხოლოდ რუსეთის, საქართველოსა და, ჰა და ჰა, სერბეთის გადარჩენა იწინასწარმეტყველა, კანანიდან ახალ ზელანდიამდე კი ჭირსაც წაუღია ყველაფერიო.
რწმენაა (თუმცა მდარე პოპულიზმით აღსავსე), როცა გჯერა, რომ თუკი რომელიმე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ხარ და საჯაროდ იტყვი, რომ მაინც და მაინც ახლა უნდა ვეზიაროთ ყველა, ეს აუცილებლად მოგიტანს ასაკობრივად რისკ-ჯგუფში მყოფ ხუთპროცენტიანთა ხმებს უახლოეს (ან უშორეს) არჩევნებზე.
რწმენაა, როცა დავით აღმაშენებელს წმინდანად აღიარებ, მაგრამ ვერ ხვდები, არ იცი და დიდად არც გაინტერესებს, რა ჩაიდინა მან რუის-ურბნისის კრების შემდეგ (როცა ჯერ არა აღმაშენებელი, არამედ მხოლოდ დავით IV იყო): როცა პირდაპირი მნიშვნელობით (და რბილად რომ ვთქვათ), ტოტალური წმენდა ჩაატარა დღევანდელებზე ბევრად ღონიერ მღვდელმთავრებში...
რწმენაა, როცა საპატრიარქოს მტკიცედ სწამს, რომ სახელმწიფოში სახელმწიფო უნდა არსებობდეს მისი სახით - რომ სახელმწიფოს კანონი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს, მასზე კი - არა, ან არც ისე. და ეს რწმენა - რომ საპატრიარქო ამა თუ იმ ფორმით - აუცილებლად (!) უნდა დაუპირისპირდეს ქვეყნის ხელისუფლებას (ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში), 1991 წლიდან, ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაპირისპირებიდან იღებს სათავეს.
რწმენაა, როცა მორწმუნეს სჯერა, რომ ეკლესიაში ვირუსი არ შეეყრება - თუ მიიტანს საიდანმე, თორემ იქ არა.
რწმენაა, როცა რომელიმე ეპისკოპოსს ღრმად სწამს, რომ თუკი ახლა სახელმწიფოს ან „ეკლესიის მტრებს“ დაუთმობს თავის არაერთჯერად კოვზებს, ძალაუფლება შეუსუსტდება.
რწმენაა, როცა მღვდლისგან ისეთ პასუხს ითხოვს მორწმუნე, როგორიც მის ცრურწმენას სჭირდება და არა რწმენას. მაგალითად, თუნდაც ასეთს (ჩემთვის დაუვიწყარს): "მამაო, სააღდგომო კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა თუ შეიძლება?" და შვიდმაგი ვაი იმ მამაოს, ვინც დაუფიქრებლად ეტყვის, რომ ნაჭუჭი ნაგავში უნდა ჩაყაროს, რადგან მაშინ ასეთი მორწმუნე მას ცრუ-მამაოდ ჩათვლის და მეორედ აღარც კი მივა მასთან, ამიტომ ძალაუფლების მძევალმა მოძღვარმა პასუხად საჩქაროდ უნდა მოუფიქროს რაიმე მჩხიბავური ფოკუსი: "ნაჭუჭი მიწაში დაფლე, მერმე მიწას დააფურთხე, კისერზე შეიზილე და ვინეგრეტი არ ჭამო 43 დღის განმავლობაში".
რწმენაა ისიც, როცა თავს მორწმუნედ მიიჩნევ, მაგრამ იმის სიტყვების კი არ გწამს, ვინც ამბობს, რომ "ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა შაბათი და არა ადამიანი შაბათისათვის (ფორმალური, გარეგანი წესისთვის ანუ)". არ გწამს და არ გესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ის კი იცი, რომ სათნო მორწმუნე ხარ.
და რწმენაა ისიც, როცა გჯერა, რომ შენ შენი წესები გაქვს და კანონი კი მხოლოდ სხვებისთვის არსებობს... ჰოდა, ვინც კანონს იცავს, ის ურწმუნო ყოფილა და თუნდაც დაიღუპოს, ეს შენ არ გაღელვებს, რადგან შენ ჯიუტად, ისევ და ისევ რეფლექსის კარნახით ილოცებ პალოზე დარჭობილი ხარის თავის წინ!