Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსული თუ რუსეთის"?  აქტივისტი და  მშობლიური ენა სასამართლოს წინაშე რუსულ სასამართლო დარბაზში


ალექსეი ივანოვი
ალექსეი ივანოვი

რუსეთის კომის რეგიონში ახალგაზრდა კაცს, რომელიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების მიმართ პროტესტის გამო დააკავეს, ხმამაღალი დაპირისპირება ჰქონდა მოსამართლესთან თავისი უფლების დასაცავად - მშობლიურ ენაზე ეპასუხა მისი შეკითხვებისთვის.

კომის სასამართლო დარბაზში ენასთან დაკავშირებით დაპირისპირება რუსეთში პატარა ენების მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო დიდი უთანხმოების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

თებერვალში გამართული სასამართლო მოსმენა რუსეთის ჩრდილოეთის ქალაქ სიკტივკარში ერთი ჩვეულებრივი წინასწარი მოსმენის სხდომა უნდა ყოფილიყო. საქმე ეხებოდა ალექსეი ივანოვს, რომელსაც ბრალად ედება დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდასაჭერად გამართულ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობა.

მოვლენები საინტერესოდ განვითარდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას რუსულად დაუწყო შეკითხვების დასმა და ივანოვმა, რომელიც მშვენივრად ფლობს რუსულს, თავის მშობლიურ ენაზე, კომიზე, არჩია პასუხის გაცემა.

"ხომ რუსული პასპორტი გაქვთ?", - დაუყვირა მოსამართლემ მას რუსულად (კარგად ისმის სასამართლო მსვლელობის აუდიოჩანაწერში. - "თქვენ რუსეთში ცხოვრობთ! თქვენ რუსული სკოლა დაამთავრეთ!"

"ჩვენ კომის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. აქ ორი სახელმწიფო ენაა: კომი და რუსული", უპასუხებს ივანოვი კომის ენაზე.

შემდეგ მოსამართლე განკარგულებას გასცემს, რომ თარჯიმანი გამოიძახონ და ისმის, როგორ ჩაილაპარაკებს ის რუსულად: "დაიწყო ცირკი", "რუსეთის მოქალაქე..." ერთი მხრივ, 11 თებერვლის სასამართლო საქმის მოსმენა არაფრით იყო გამორჩეული: ივანოვი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც წვრილმან დანაშაულში წაუყენეს ბრალდება - ნავალნის გასათავისუფლებლად საპროტესტო მოწოდებებში მონაწილეობის მიღებისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლების კრიტიკისთვის.

იანვრის უკანასკნელ ორ შაბათ-კვირას ჩატარებული დემონსტრაციები ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, რაც კი რუსეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე გამართულა და რამდენიმე ადგილას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა სასტიკად ჩაახშეს გამოსვლები. მაგრამ მოსამართლის მიმართ ივანოვის დაუმორჩილებლობამ და მისმა დაჟინებულმა მოთხოვნამ, მხოლოდ კომის ენაზე ესაუბრა, გამოავლინა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დუღილის პროცესშია მთელი რუსეთის მასშტაბით, განსაკუთრებით, შორეულ რეგიონებში. არასლავურ ეთნიკურ თემებს და ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებს სულ უფრო მეტად აღიზიანებთ, მათი აღქმით, საზოგადოებაში შოვინისტური დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს "პირველ რიგში რუსულს" - ათობით სხვა ოფიციალური და არაოფიციალური ენის ფონზე.

რუსული თუ რუსეთის?

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირულ რედაქციასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს 25 წლის ივანოვმა განაცხადა, რომ მის მიმართ მოსამართლის სიბრაზის საფუძველი ცხადი იყო.

"იგი იმიტომ კი არ იყო გაბრაზებული, რომ მე უარი ვთქვი საუბარზე, არამედ იმიტომ, რომ მე კომის ენაზე დავიწყე მასთან საუბარი", განაცხადა მან ინტერვიუში 13 თებერვალს.

"დაიწყო "რუსულ" სკოლაზე და "რუსულ" პასპორტზე ლაპარაკი. არ მესმის, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი გაგება - "რუსული სკოლა, რუსული პასპორტი", თქვა მან.

მან აღნიშნა განსხვავება ორ სიტყვას შორის: რუსული ("რუსსკი"), რომელიც მოსამართლემ იხმარა და რომელიც ეთნიკურად რუს ადამიანს და რუსულ ენას შეიძლება აღნიშნავდეს, და "როსსიისკი", ანუ ქართულად - "რუსეთის“, რაც რუსეთის ნებისმიერი ეთნიკური კუთვნილების მოქალაქეს აღნიშნავს და წარმოადგენს ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების - რუსეთის ფედერაციის - ნაწილს. ინგლისურად, ორივე - "რუსსკი" და "როსსიისკი" არის "რაშენ", რაც, არსებითად, "რუსულს" ნიშნავს.

არადა, რუსეთის ფედერაციის არასლავი მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვენთვის რუსეთში ყველაფერი არაა რუსული, არამედ რუსეთისაა, ამბობს ალექსეი ივანოვი და აცხადებს, "მაქვს უფლება, ვილაპარაკო ჩემს მშობლიურ ენაზეო".

გადაშენების პირას მყოფი ენები?

რუსეთში, დაახლოებით, სამი ათეული ოფიციალური ან სახელმწიფო ენაა, რომელთაც ეს სტატუსი რუსულ ენასთან ერთად იმ რეგიონებში აქვთ, სადაც ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხის დიდი ჯგუფები ცხოვრობენ.

თათრულით დაწყებული, - თურქულ ენათა ჯგუფის ენით, რომელზეც ქვეყნის სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფი, თათრები, ლაპარაკობენ, - დამთავრებული ბურიატულით, მონღოლურის მონათესავე ენით, რომელზეც, უმეტესად, ბაიკალის ტბის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში ლაპარაკობენ, არსებობს ათობით სხვა ენა, რომელზეც მომცრო ეთნიკური ჯგუფები ლაპარაკობენ, მაგრამ მათ არ აქვთ სახელმწიფო ენის სტატუსი: მაგალითად, ევენკური, რომელზეც ევენკები ლაპარაკობენ. ეს თემები ციმბირშია მიმოფანტული.

თითქმის ყველა საჯარო სკოლაში სწავლება რუსულ ენაზეა, ისევე როგორც რუსულად ხდება სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობა, მაგრამ ისეთ რესპუბლიკებში, როგორიცაა თათრეთი, არსებობს თათრულენოვანი ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, აგრეთვე - ჟურნალ-გაზეთები.

არარუსულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის გაბნეული აქტივისტები სულ უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ხისტი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ხშირად შოვინისტი მეცნიერების მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარეობს ნაკლებად ცნობილი ენების დისკრიმინაცია და თემებს არ აქვთ დაფინანსება და მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ენები არ გაქრეს.

2017 წელს პუტინმა განაცხადა, რომ ბავშვებს არ უნდა დააძალონ იმ ენების სწავლა, რომლებიც მათთვის მშობლიური არ არის. ეს კომენტარი მოჰყვა საჩივარს ეთნიკური რუსების მხრიდან, რომლებიც ზოგიერთ მრავალრიცხოვანი არასლავური დასახლების რეგიონებში ცხოვრობენ, და უმცირესობათა აქტივისტების მიერ აღქმული იქნა, როგორც "კარტ ბლანში" რეგიონებში მოხელეებისთვის რუსულის გარდა სხვა ენების შესავიწროებლად.

მისი ბოლოდროინდელი გამონათქვამების მიუხედავად, სადაც ის აკრიტიკებდა ეთნიკური რუსების მიკერძოებულობას, აქტივისტები და რუსეთის ეთნიკური უმცირესობების დამცველები ჩივიან, რომ პუტინის რიტორიკა სულ უფრო მეტად ეხმიანება სლავურ ნაციონალისტურ თემებს და რომ ეს არასლავური ჯგუფებისა და კულტურების შემდგომ დისკრიმინაციას იწვევს.

2018 წელს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში მკვიდრი მოსახლეობის ენების სავალდებულო სწავლება გაუქმდა.

ეს შიშები გამწვავდა ნაწილობრივ ალბერტ რაზინის, სწავლულისა და უდმურტული ენის დამცველის, ამბის შემდეგ. უდმურტული შორეულად ენათესავება კომის ენას და მასზე უმეტესად უდმურტეთის ცენტრალურ, ვოლგისპირეთის, რეგიონში ლაპარაკობენ.

რაზინი 2019 წლის სექტემბერში გარდაიცვალა მას მერე, რაც პროტესტის ნიშნად ცეცხლი წაიკიდა იჟევსკის, უდმურტეთის დედაქალაქის, მერიის წინ, მისი მშობლიური ენის შევიწროების გამო.

სახელმწიფო მონაცემების მიხედვით, კომის რესპუბლიკაში, რომელიც ჩრდილოეთით, მოსკოვიდან 2000 კმ დაშორებით, მდებარეობს, კომის ენაზე, რომელიც ასევე შორეულად ენათესავება ფინურსა და უნგრულს, დაახლოებით, 130 000 ადამიანი ლაპარაკობს.

მოსახლეობის უკანასკნელი, 2010 წლის, აღწერის მიხედვით, ამ რეგიონის მოსახლეობის უმეტესობას - დაახლოებით, 60 პროცენტს - ეთნიკური რუსები შეადგენენ.

მოსამართლესთან კომის ენის გამო ივანოვის დაპირისპირება უკანასკნელი იყო ამ რეგიონში ენასთან დაკავშირებული მსგავსი შემთხვევების სერიიდან.

2019 წელს სასამართლომ სიკტივკარში, რესპუბლიკის დედაქალაქში, ინტერნეტჟურნალი "7x7" 20 000 რუბლით ($270) დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა გამოცემის საიტიდან კომის ენაზე გამოქვეყნებული ბლოგპოსტები წაეშალა.

მოგვიანებით ამ საიტმა გადაწყვეტილება მიიღო, შეეჩერებინა პოსტების პუბლიკაცია ყველა ენაზე, რუსულის გარდა.

თუმცა გამოცემის ვებგვერდის თანახმად, სიკტივკარის სხვა სასამართლომ შემდგომში ეს ჯარიმა გააუქმა.

"მე ყოველთვის ვცდილობ, ამ ენაზე ვილაპარაკო"

სიკტივკარის საქალაქო სასამართლოს 11 თებერვლის მოსმენის ჩანაწერში ისმის, რომ ივანოვი რამდენჯერმე ეკამათება მოსამართლეს, უმეტესად კომის ენაზე, მაგრამ ზოგჯერ რუსულ სიტყვებსაც ურევს და უარს ამბობს ხელი მოაწეროს სასამართლო ქაღალდებს იმის გამო, რომ ისინი კომის ენაზე არ არის დაწერილი.

ერთ მომენტში, როგორც ჩანს, მოსამართლე ივანოვს დაუყვირებს.

"თქვენი სახელი და გვარი ხომ რუსულია, არა კომური?" ეკითხება ის.
"მართლმადიდებლური, არა რუსული", უპასუხებს ის რუსულად, სანამ ისევ კომის ენაზე გადავა.

რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა ამ საქმესა და სასამართლო დარბაზში მოსამართლის შენიშვნებზე სიკტივკარის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც კომის რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებისკენ მიგვითითა.

"ჩვენთვის ცნობილია, როგორ არის საზოგადოებისთვის მიწოდებული ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში კომის რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების შელახვაზე საუბრის საჭიროება არ არსებობს", განაცხადა მთავარმა მოსამართლემ, ნადეჟდა სარვილინამ.

ივანოვის მშობლები, ისევე როგორც მისი ბებია და პაპა ორივე მხრიდან, ეთნიკური კომელები არიან.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც რუსულ ენაზე შედგა, ივანოვი, რომელიც ინჟინრად მუშაობს მობილური ტელეფონების სერვისცენტრში, იმეორებს, რომ უფლება აქვს ილაპარაკოს კომის ენაზე სასამართლო დარბაზშიც და სხვაგანაც.

"მე ყოველთვის ვცდილობ, ამ ენაზე ვილაპარაკო. მე მაქვს ამის უფლება და ამ უფლებას პატივი უნდა სცენ", თქვა მან. "თუკი მათ აქვთ კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავიდეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად მათი თანხმობის გარეშე, მაშინ მათ თავიანთი საკუთარი კანონი დაიცვან, რომელიც მათ ავალდებულებს მოემსახურონ ხალხს რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე".

ივანოვმა ასევე გააკრიტიკა კრემლის დამოკიდებულება ნაკლებად გავრცელებული ენების მიმართ და განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან უმცირესობათა კულტურებისა და მათი უფლებების მხარდაჭერა მოჩვენებითია და "მხოლოდ საჩვენებლად" არსებობს.

ტარდება მხოლოდ რაღაც კულტურული ღონისძიებები, სიმღერები და ცეკვები აკორდეონის თანხლებით და სულ ეგ არის. არ არსებობს ამ ენის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის საჭირო პირობები, თქვა მან. "მოსამართლე იმასაც კი ამბობს, რომ მე "რუსული" პასპორტი მაქვს და არა "რუსეთის". ეს უკვე ბევრის მთქმელია".

იმ ფაქტს, რომ ივანოვი ნავალნის მხარდასაჭერ არასანქცირებულ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს, ამ ვითარებაში ცოტა უცნაური მომენტი შემოაქვს, რადგან ნავალნი ადრე მხარს უჭერდა ეთნიკურ-რუსულ ნაციონალისტურ შეხედულებებს და ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც რასისტულად და უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულად აღიქმებოდა.

როცა ამ ფონის შესახებ ჰკითხეს, ივანოვს ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია და თქვა, რომ ეს მეორეხარისხოვანი იყო ნავალნის როლთან შედარებით, რომელიც მან დაახასიათა, როგორც რუსეთში "სისტემის შეცვლის იარაღი".

"ჩემი აზრით, ნავალნი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც რაღაცის შეცვლა ძალუძს რუსეთში, ის ყველაზე ახლოსაა ამ შესაძლებლობასთან", თქვა ივანოვმა. "მასთან ენების შესახებ კამათი ... მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა რუსეთში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება".

ავტორი: მაიკ ეკელი (რამაზან ალპაუტის რეპორტაჟის მიხედვით)

XS
SM
MD
LG