Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყეს


რუსთავის მერიის ფოიეში გამოკრული საინფორმაციო პლაკატები
რუსთავის მერიის ფოიეში გამოკრული საინფორმაციო პლაკატები

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, დავით ბეგაშვილმა, 26 თებერვალს მერიის შენობაში მიწვეულ ქალაქის ტერიტორიული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორ ეკა ხუციშვილს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვა სთხოვა.

საინფორმაციო მასალა უკვე დავარიგეთ საბავშვო ბაღებში, სადაც ისინი თვალსაჩინო ადგილზე უნდა გაიკრას. ასევე, ჩვენი თხოვნაა, გამკაცრდეს ბავშვებში პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელ-პირის დაბანა, მათ შორის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. პედაგოგ-აღმზრდელებს მოვუწოდებ მაქსიმალურად შეინარჩუნონ დაწესებულებების ინვენტარის სისუფთავე“, თქვა დავით ბეგაშვილმა.

დავით ბეგაშვილი
დავით ბეგაშვილი

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ტერიტორიული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს სთხოვა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საცხოვრებლად თუ სტუმრად ჩამოსული ჩინელებისა და ირანელების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ და ჯანდაცვის სამსახურს მიაწოდონ.

„საქართველოს ყველა შემოსასვლელ პუნქტში, საჰაერო იქნება თუ სახმელეთო, ხდება კონტროლი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ მოზრდილია, შეიძლება არ დაფიქსირდეს არანაირი საეჭვო ნიშანი: ჩამოსულს საზღვარზე არ აღმოაჩნდეს სიცხე, არ აცემინებდეს, არ ახველებდეს, მაგრამ შემოსვლიდან სამ დღეში, ხუთ დღეში რაღაც ნიშნები გამოვლინდეს. რუსთავში ჩინელები კომპაქტურად არ ცხოვრობენ, თუმცა არიან არაორგანიზებულად მცხოვრებლები. თუკი თქვენს სამოქმედო ტერიტორიაზე გექნებათ ინფორმაცია, რომ ჩამოვიდა საცხოვრებლად, ან ვიზუალურად დაინახავთ ჩინეთის ან ირანის მოქალაქეს, - არანაირ კონტაქტს არ გთხოვთ ამ ადამიანებთან, - გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავში კომპაქტურად ცხოვრობენ ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტები. მათ ქვეყნებში, საბედნიეროდ, კორონავირუსი გავრცელებული არ არის, თუმცა, ბეგაშვილის სიტყვებით, „ისინი კონტროლზე გვყავს აყვანილი, ვაკვირდებით მათ გასვლა-შემოსვლას“.

მისივე თქმით, ინფორმაციის შემდეგ ჩინელებსაც და ირანელებსაც ჯერ გაესაუბრებიან, შემდეგ მათ შეამოწმებს სპეციალურად აღჭურვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. „თუ საეჭვო სიმპტომები გამოვლინდა“, ამ ადამიანებს კონტროლზე აიყვანენ და საბოლოო გამოკვლევამდე კარანტინში მოაქცევენ.

დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავში კომპაქტურად ცხოვრობენ ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტები. მათ ქვეყნებში, საბედნიეროდ, კორონავირუსი გავრცელებული არ არის, თუმცა, ბეგაშვილის სიტყვებით, „ისინი კონტროლზე გვყავს აყვანილი, ვაკვირდებით მათ გასვლა-შემოსვლას“.

ამავე დროს, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსმა დასძინა, რომ „საპანიკო არაფერია“.

საინფორმაციო ბროშურა
საინფორმაციო ბროშურა

შეხვედრის შემდეგ დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ანალოგიური პრევენციული ღონისძიებები ტარდება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში.

„ხვალ, 27 თებერვალს, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების ხელმძღვანელები რუსთავში სპეციალურ თათბირს ჩავატარებთ, მხარის მერები და გამგებლები კი 27 თებერვალსვე პრევენციული ღონისძიებების კოორდინაციისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდებიან “, თქვა დავით ბეგაშვილმა.

რუსთავის მერიაში უკვე გამოაკრეს კორონავირუსთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი საინფორმაციო პლაკატები.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG