ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა თბილისში განაცხადა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში ეს პროდუქცია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.
დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად და მუშაობა მიმდინარეობს კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დასახვეწად.
პრიორიტეტული სია
38 დასახელების ელექტრონული საქონლის სია საჯაროა და ის ევროკავშირმა ახლახან დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის მიღებისთანავე გამოაქვეყნა. ჰარმონიზებული კოდებით, პროდუქცია ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი.
ამ პროდუქციის დიდი ნაწილი ჩანს საქსტატის ოფიციალურ ბაზებში - როგორც იმპორტირებული, ასევე ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში, მათ შორის - 2023 წლის იანვარ-მაისშიც.
ჩამონათვალშია ელექტრონული სქემები, პროცესორები, მონაცემთა დამუშავების ციფრული ბლოკები, ხელსაწყოები და ინსტრუმენტები აერონავიგაციისა თუ კოსმოსური ნავიგაციისათვის, რადიონავიგაციური აპარატურა, აპარატურა ხმის, გამოსახულების თუ სხვა მონაცემების გადაცემა-მიღებისთვის.
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით [2023 წლის იანვარ-მაისში], ამ პროდუქციის საექსპორტო მარშრუტებს შორისაა, მაგალითად:
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- ყაზახეთი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- თურქმენეთი
- უზბეკეთი
- თურქეთი
- დასავლეთის ქვეყნებიდან: ნიდერლანდი, უნგრეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი
და არ არის რუსეთი.
ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდოდა, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩანს „საქართველოს გავლით ელექტრონული ნივთების რუსეთში ტრანზიტის მატება“ და ბიზნესებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამაში, უნდა გაიაზრონ, რომ „ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა“.
ოდნავ უფრო ადრე, ივნისის დასაწყისში - საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, სანქციების გვერდის ავლაზე საუბრისას, ო'ბრაიენმა საქართველო - თურქეთთან, ყაზახეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სომხეთთან ერთად ახსენა.
28 ივნისს, უკვე თბილისში, ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, რომ მუშაობა მიმდინარეობს „რუსეთის მეზობლებთან“ და „რუსეთის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან“.
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიმ ო’ბრაიენმა თქვა, რომ "ზოგიერთ გლობალურ კომპანიას", რუსეთის ნაცვლად საქონელი საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში ჩამოაქვს და ახლა, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ "ეს საქონელი არ მოხვდეს რუსეთში".
- 2023 წლის იანვარ-მაისში, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 33.8%-ით გაიზარდა: 2022 წელს საერთო მოცულობა იყო - 210 266.4 ათასი დოლარი; ხოლო 2023 წელს - 281 346.0 ათასი დოლარი [მესამე ადგილი სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ].
- 2023 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 40.2%-ით: 2022 წელს - 555 448.5 ათასი დოლარი; 2023 წელს - 778 580.9 ათასი დოლარი [მეორე ადგილი - თურქეთის შემდეგ].
კიდევ ერთი კრიტიკული სია და პრაქტიკა
38 დასახელების პროდუქცია აკრძალული ელექტროსაქონლის სრულ სიას არ წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ დამტკიცებული # 833/2014 რეგულაციები, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გაფართოვდა.
სანქციების მე-11 პაკეტის შემოღებასთან ერთად, ივნისში, ევროკავშირმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ნუსხა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით კრიტიკულ პროდუქციას აერთიანებს.
„ევროკავშირიდან და დანარჩენი მსოფლიოდან ამ პროდუქციის იმპორტი მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა [რუსეთის უკრაინაში] შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ, რაც აირეკლება ექსპორტის ზრდაში იმავე მესამე ქვეყნებიდან რუსეთში“, - წერია ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში.
აქ შედის მიკროტალღური ღუმლები, სხვადასხვა სახის მაცივრები, შიგაწვის ძრავების საწვავისა და ზეთების გასაფილტრი მოწყობილობები, სადენიანი კავშირის სატელეფონო აპარატები უსადენო ყურმილით, ყავის ან ჩაის მოსამზადებელი ელექტროხელსაწყოები, მოწყობილობები ჰაერის კონდინცირებისათვის [კედლისა ან ფანჯრის ტიპის] და სხვა არაერთი პროდუქცია, რომლებთან დაკავშირებითაც [ექსპორტისა თუ იმპორტის ზრდის მაჩვენებლების გამო] ეჭვები არაერთხელ გამოთქმულა, ხომ არ უვლის რუსეთი სანქციებს გვერდს საქართველოს გამოყენებით.
რასაც საქართველოს ხელისუფლება ყოველ ჯერზე კატეგორიულად უარყოფს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ივნისში გამოქვეყნებულ თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტვირთი ყურადღებით კონტროლდება.
„ჩვენ ვართ პირნათელი, არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს... ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული, ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 ივლისს პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას, რამდენიმე დღეში მას შემდეგ - რაც საქართველოს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ.
„მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს ამ რისკებს“, - თქვა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ საქართველო "იქეთ ეხმარება" ევროპის ქვეყნებს სანქციების აღსრულებაში:
- „ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული - ფინანსთა სამინისტროს“.
- „ჩვენ ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპულ სახელმწიფოებს, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოემართებოდა, მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია".
- "არცერთი ფაქტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არცერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენს მიმართ, რომ საქართველო ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა".
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციებზე თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება კონტროლის საკითხს, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად, შექმნილია ეფექტიანი სისტემა და მუშაობა მიმდინარეობს კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დასახვეწად და გასაღრმავებლად. კონკრეტული ფაქტები მათ არ დაუსახელებიათ.
„მოხარული ვიქნებოდი, შემეძლოს იმის თქმა, რომ სადმე [რომელიმე ქვეყანაში] არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა“, - თქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რამდენიმე დღის წინ, „დოიჩე ველეს“ სიუჟეტში მოხვდა რამდენიმე დეტალი, რომლებმაც ისევ აღძრა ეჭვები:
- საოკუპაციო ხაზზე (ოკუპირებული აფხაზეთის მომიჯნავედ) კადრში მოხვდა ნაგვის მწვანე ავტომანქანა, რომელმაც გადამღები ჯგუფის იქ ყოფნის დროს არაერთხელ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, ისე, რომ მას არავინ ამოწმებდა.
- გადამღები ჯგუფი შეუთანხმდა დილერს, რომ მერსედესის მარკის ძვირფას ავტომობილს რუსეთში გააგზავნიდა [ძვირფასი ავტომობილების შეტანა რუსეთში ომის დასაწყისშივე აკრძალეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილებს რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზეც იყენებს].
- ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საეჭვო მარშრუტებს შორის, სიუჟეტში აღწერილია საქონლის სავარაუდო გატანა საქართველოდან რუსეთში - აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და სომხეთის გავლით.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გამოქვეყნებისას საქსტატი ყოველ ჯერზე აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ მოიცავს არაორგანიზებულ ვაჭრობას და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 28 ივნისს განაცხადა, რომ „სანქციებისგან თავის არიდება, უმეტესად, სახმელეთო გზით ხდება“ და ახლა ახალი მექანიზმები გაამკაცრებს „საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლსა და მონიტორინგს“. ხოლო რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის ფონზე, მისი თქმით, საჰაერო გზები იქნება კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც კონტროლი დასჭირდება.