Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიზებისთვის ღამის თევა აღარ იქნება საჭირო


თბილისში, ბესიკის 4 ნომერში, რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. ეს იქნება ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც რუსეთის ვიზებისთვის დოკუმენტების წარსადგენად უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ. რუსეთის ოფიციალურ სავიზო ცენტრს საქართველოში წარმოადგენს კომპანია Travel Assistance Services. ალექსეი ჩესნაკოვი, კომპანიის საოპერაციო დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 17 აგვისტოდან საქართველოში ვიზების გაფორმების პროცედურა გამარტივდება და დაჩქარდება:

„რუსეთის ინტერესების სექციაში არსებობდა კონკრეტული პრობლემა დოკუმენტების მისაღებად განკუთვნილ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. ეს საკითხი, პირველ რიგში, აღელვებდა თავად ინტერესების სექციას. დღევანდელი დღიდან ცენტრმა დაიწყო მუშაობა. ცენტრალურ დარბაზში იფუნქციონირებს 12 ფანჯარა, პრემიუმ დარბაზში კი - 4, ანუ ჩვენ ყოველდღე მივიღებთ 300 ადამიანს. ჩვენი გათვლებით, ეს რაოდენობა სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს იმ მოქალაქეების მოთხოვნას, რომლებსაც სურთ რუსეთის ვიზების მიღება“.

ცენტრისავე ინფორმააციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეეძლებათ როგორც ონლაინ, სპეციალურად შექმნილი ვებსაიტის დახმარებით, ისე ფოსტით. რუსეთის სავიზო ცენტრის თანახმად, დოკუმენტების ჩასაბარებლად მომსახურების მოსაკრებელი 30 დოლარს შეადგენს, ხოლო საკონსულო მოსაკრებელი (ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში) 60 დოლარია. თანხა იზრდება ვიზების გამოყენების სიხშირის მიხედვით და დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში. რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ინფორმაციით, მოსაკრებლების გადახდა ხდება „სავიზო ცენტრში ქართულ ლარში, გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად“.

რუსეთის ვიზების მისაღებად ახალი გზა გამოჩნდა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:25 0:00

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სავიზო ცენტრის ამოქმედებამდე რუსეთის ვიზები გაიცემოდა ი. ჭავჭავაძის 75 ნომერში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ ვიზის მისაღებად ქრთამის გადახდა და რიგში ღამეების გათენება უწევდათ. სწორედ ასეთ ვითარებაში ცდილობდა რუსეთის ვიზის აღებას ლევან კიკალიშვილი. განაცხადი ვიზის მისაღებად მან აპრილში შეიტანა, თუმცა მისი რიგის მოსვლის თარიღად 9 ოქტომბერი გაიწერა. 17 აგვისტოს მან რუსეთის სავიზო ცენტრს მიაკითხა:

ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს პროცედურები იყოს მოწესრიგებული. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი და ბმა არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან.
დავით ზალკალიანი

„იქ ჩაწერილი ვიყავი 9 ოქტომბერს. აქ კი მეუბნებიან, რომ აგვისტოში შესაძლებელი იქნება შესვლა. იქ მეუბნებოდნენ, თუ გაქვს ფული, 300 დოლარი, შეხვალო. ბოლოს ხელიც კი ჩავიქნიე, არ მქონდა ამდენი ფული“.

როგორც ალექსეი ჩესნაკოვმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, ვიზები ი. ჭავჭავაძის 75-ში 17 აგვისტოდან მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გაიცემა:

„რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების სექცია გააგრძელებს დოკუმენტების მიღებას რთულ და გადაუდებელ სიტუაციაში, თუმცა განმცხადებლების ძირითადი ნაწილი ჩვენთან მოვა“.

17 აგვისტოს ჭავჭავაძის 75-ში ისევ იდგა რუსეთის ვიზის მომლოდინეთა რიგი. დაცვის სამსახურის ცნობით, რიგში მხოლოდ ის მოქალაქეები დგანან, რომლებმაც ვიზის მისაღებად განაცხადი 15 აგვისტომდე შეიტანეს.

რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 17 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მან მცირე განმარტება გააკეთა:

„ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა იმისთვის, რომ ეს პროცედურები იყოს მოწესრიგებული. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი და ბმა არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თბილისში გვაქვს არა რუსეთის საელჩო, არამედ რუსეთის ინტერესების სექცია, ბუნებრივია, მათ აქვთ ყველანაირი უფლება, რომ მსგავსი სახის მომსახურების ცენტრი გახსნან“.

2015 წლის 23 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციის ვიზები გაიცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისა და იურიდიული პირების მოწვევის საფუძველზე, რომლებიც ფორმდება საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიულ და სტრუქტურულ დანაყოფებში.

არსებობს მოწვევის ორი ფორმა - ელექტრონული და ქაღალდის ბლანკზე შედგენილი. მოწვევა ფორმდება შუამდგომლობის ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღეში. აუცილებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (მძიმე ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება და ა.შ) შესაძლებელია მოწვევა გაფორმდეს 5 სამუშაო დღეშიც.

აღსანიშნავია, რომ თუ მიწვეული პირი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს დაარღვევს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დაწესებულ მგზავრობის /ყოფნის წესებს, ან თუ მიწვეული პირის მიერ წარდგენილი იქნება არასწორი ან არასრული ინფორმაცია საელჩოში, მიმწვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.

XS
SM
MD
LG