ხოლო მიშუსტინის პრესსამსახურმა, იმ პერიოდში გამოიყენა ე.წ. კონსერვები, ანუ წინასწარ ჩაწერილი სიუჟეტები, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა.
ამას ადასტურებს ცენტრი „დოსიე“, რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის (FSO) ოფიცრის მონათხრობზე დაყრდნობით.
კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამ სპეცსამსახურში რუსეთის პრეზიდენტისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ გაიქცა და პუტინს "ომის დამნაშავე" უწოდა.
Altay Village Teletskoe - კრემლის საიდუმლო კურორტი ალთაიში
რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცრის თანახმად, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის დასასვენებლად გასული წლის აგვისტოში 8-დან 14 აგვისტომდე მთლიანად იქნა გამოსყიდული ალთაის მხარეში მდებარე კურორტი Altay Village Teletskoe, სადაც ერთი კოტეჯის დაქირავების ფასი ერთი დღე-ღამით 300 ათას რუსულ რუბლს შეადგენს. კაპიტანი კარაკულოვი ამტკიცებს, რომ მიშუსტინის „ამალასთან“ ერთად ამ პერიოდში თავადაც იმყოფებოდა ალთაიში.
მაგრამ უცნობია, თუ ვინ დაფარა ამ ძვირადღირებული დასვენების საფასური, რომელიც, სავარაუდოდ, 20 მილიონ რუბლს აღემატება.
ცენტრმა „დოსიემ“ სერვის Flightradar2-ის საშუალებით, შეამოწმა ყოფილი ოფიცრის მტკიცება. გაირკვა, რომ თვითმფრინავი ტუ-214 ნომრით RA-64522, რომელსაც მოგზაურობის დროს იყენებს მიხაილ მიშუსტინი, 8 აგვისტოს მოსკოვიდან ალთაისკენ გაფრინდა, ხოლო 15 აგვისტოს ალთაიდან იაკუტსკში, სადაც რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩავიდა.
იუწყებოდნენ, რომ 12 აგვისტოს მიშუსტინმა მთიან ალთაიში ორი ღონისძიება ჩაატარა. მთელი დანარჩენი დრო, 8-დან 15 აგვისტომდე, შვებულებაში იმყოფებოდა. ამასთან, 9-11 აგვისტომდე რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აქვეყნებდა მასალებს, მიშუსტინის მიერ თითქოსდა მოსკოვში გამართული სამუშაო შეხვედრების თაობაზე.
დმიტრი პესკოვი, ტატიანა ნავკა და სხვები
იმისთვის, რათა 16 კოტეჯისგან შემდგარი მთელი კურორტი გამოესყიდათ მიშუსტინისა და მისი ამალისთვის, დღეში საჭირო იყო 3 მილიონი რუბლი, კვირის განმავლობაში კი - 21 მილიონი რუბლი (დაახლოებით 250 ათასი დოლარი). კაპიტან გლებ კარაკულოვის თქმით, შვეულმფრენების, ნავების, კვადროციკლების, სპაცენტრის დაქირავებაზე, რესტორნებში სიარულსა და არტისტების გამოსვლებზე დაახლოებით კიდევ 20 მილიონი რუბლი დაიხარჯებოდა.
არ არსებობს არანაირი ცნობა იმაზე, რომ ამ დასვენებისთვის მიშუსტინმა ხარჯი საკუთარი ჯიბიდან დაფარა.
ცენტრი „დოსიე“ საეჭვოდ მიიჩნევს, რომ ყველა ეს ხარჯი თავად მიშუსტინმა გადაიხადა. გამომძიებელი რეპორტიორების თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის მთლიანმა შემოსავალმა 2021 წელს 82 მილიონი რუბლი შეადგინა, 2020 წელს - 84 მილიონი რუბლი.
შესაბამისად, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დასვენების ხარჯი ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა, ან, როგორც კარაკულოვი ვარაუდობს, შესაძლოა ეს ყოფილიყო საჩუქარი მდიდრული კურორტის რეალური მფლობელების მხრიდან. როგორც ცენტრი „დოსიე“ ამტკიცებს, ეს კურორტი ერთ-ერთ უმდიდრეს რუსი ოლიგარქსა და რუსეთის სათათბიროს წევრ სულეიმან კერიმოვთან დაახლოებული სტრუქტურების კუთვნილებაა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცენტრმა „დოსიემ“ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ადრე ამავე კურორტზე ისვენებდნენ კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, მეუღლე ტატიანა ნავკა; როგორც ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების მიერ ახლახან ჩატარებულ გამოკვლევაში წერია, ტატიანა ნავკასთან ერთად ალთაიში ისვენებდა თავად დმიტრი პესკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი.
„პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს“
რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის (FSO) კაპიტანი გლებ კარაკულოვი, რომელიც დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა, საზღვარგარეთ წავიდა და დაგმო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი.
კარაკულოვმა პუტინს უწოდა "ომის დამნაშავე", რომლის სამსახურში ყოფნა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
ოქტომბერში კარაკულოვი მივლინებით გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც ჩავიდა მისი ცოლ-შვილიც. მივლინების ბოლო დღეს, ის და მისი ოჯახის წევრები იქიდან სამსახურებრივი პასპორტით სტამბოლში გადაფრინდნენ.
ცენტრ „დოსიესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ოფიცერი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაცვის სამსახური.
ამ სპეციალურ სამსახურს მან უწოდა "ძალიან დამოუკიდებელი ორგანიზაცია". ვლადიმირ პუტინი, მისი თქმით, არ იყენებს არც მობილურ ტელეფონსა და არც ინტერნეტს. "ყველა ინფორმაციას ის იღებს მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან უშუალოდ არიან დაახლოებული. ის ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს", - ამბობს სპეციალური კომუნიკაციების ოფიცერი. მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებსაც პუტინთან ერთად უწევთ ოთახში ყოფნა, კვლავ გადიან ორკვირიან კარანტინს. კარაკულოვის თქმით, მან არ იცის რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს FSO-ს ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
კაპიტანი გლებ კარაკულოვი ფედერალური დაცვის სამსახურის პირველი ოფიცერი არ არის, ვინც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისადმი პროტესტის ნიშნად რუსეთს ტოვებს.
2023 წლის მარტში ბარნაულის სასამართლომ 6,5 წელი მიუსაჯა სახელმწიფო ფედერალური დაცვის სამსახურის მაიორ მიხაილ ჟილინს, რომელიც უკრაინაში ომის გამო ყაზახეთში გაიქცა.
მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ დეკემბერში უკან რუსეთში დააბრუნეს.
- 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
- სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
- 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანისა და მოსამართლეების წინააღმდეგ.