Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შევარჩიოთ მთავარი პროკურორი


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა, რადგანაც პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის მოქმედი მოდელი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს. არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე მოითხოვენ პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, მათი თქმით, არ უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს წევრი და არ უნდა ჰქონდეს მთავარი პროკურორის კანდიდატების დასახელების უფლებამოსილება.

4 ივნისს სრულდება საპროკურორო საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარსადგენი პროკურორობის კანდიდატების დასახელების ვადა. საბჭოს ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 15 კანდიდატია წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე. თუმცა, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატების როგორც რაოდენობას, ასევე გვარ-სახელებს.

„მთავარია, სისტემა იყოს გამართული, რადგანაც ცუდი სისტემის პირობებში კარგი ადამიანებიც ხდებიან ცუდი მენეჯერები და ცუდი პროკურორები. მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ, როცა სისტემა გამართულია, შესაძლებელია უვარგისმა კანდიდატებმაც კი უკეთესი შედეგი მოიტანონ, ვიდრე ცუდი სისტემის პირობებში კარგმა კანდიდატებმა“, - უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი მშვენიერაძე მთავარი პროკურორის არჩევის წესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, სარალიძის საქმის გამოუძიებლობამ, რასაც მოჰყვა მთავარი პროკურორის გადადგომა, კიდევ უფრო შეამცირა ნდობა მთავარი პროკურატურისა და პროკურატურის სისტემისადმი.

სოფო ვერძეული, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მოქმედი წესებით პროკურორის შერჩევა ვერ უზრუნველყოფს თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატის შერჩევას.

„ის, რომ კანდიდატი უნდა დაასახელოს აუცილებლად იუსტიციის მინისტრმა, მიუთითებს იმაზე, რომ მაღალია ამ პროცესში პოლიტიკური მონაწილეობა, რაც ჯერ კიდევ 2015 წელს ვენეციის კომისიის მიერ იქნა გაკრიტიკებული“, - ამბობს სოფო ვერძეული, - „ამასთან მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს რამდენიმე თვეში, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ. სწორედ ამ პროცესს უკავშირდება პროკურატურის სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება“.

საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პროკურატურა მთლიანად უნდა მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს, ასევე უნდა შეიცვალოს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა, იუსტიციის მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები აღარ უნდა იყვნენ საბჭოს წევრები და სწორედ ასეთმა საბჭომ უნდა შეარჩიოს ახალი პროკურორი.

სოფო ვერძეული მთავარი პროკურორის არჩევის წესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

„კანდიდატის დასახელება უნდა მოახდინოს კოლეგიურმა, პროფესიულმა ორგანომ - საპროკურორო საბჭომ. ეს არის რადიკალური ცვლილება მოქმედ მოდელთან შედარებით და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ცუდი წესით ახლა ავირჩიოთ 6 წლით მთავარი პროკურორი და რამდენიმე თვეში ამოქმედდეს სრულიად ახალი კონსტიტუციური ნორმები, რომლებსაც რეალურად ამ პროცესზე გავლენა ვეღარ ექნება“, - უთხრა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უნდა მიენდოს იმ სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევანის გაკეთებაზე.

დავით მათიკაშვილი მთავარი პროკურორის არჩევის წესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

კანდიდატებს შორის დასახელებულია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოსტს იკავებდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ დაუშვებელია მთავარი პროკურორის პოსტზე ისეთი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდთან.

„ყველასთვის ცნობილია თადუმაძის კავშირები მმართველ პარტიასთან და შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა ისეთ ადამიანს მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში, რომელსაც არანაირი კავშირები პოლიტიკურ პარტიასთან არ ექნებოდა, თუმცა დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ კანდიდატებზე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, რომელიც დღეის მდგომარეობით არასწორია. კანონი გასამართი და შესაცვლელია და შესაბამისად აჩქარება ნამდვილად არ არის საჭირო. მოქმედი კანონი ყველა შემთხვევაში შესაცვლელია ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, ამიტომ უმჯობესია, მთავარი პროკურორი დაინიშნოს ახალი წესის შესაბამისად“, განაცხადა ეკა გიგაურმა.

რისი მანიშნებელი იქნება, თუკი ხელისუფლებამ ყურად არ იღო სამოქალაქო სექტორის მოწოდება, შეაჩეროს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ეს იქნება უარი იმ სისტემის შეცვლაზე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მთავარი პროკურორის გამჭვირვალედ და ეფექტიანად შერჩევას.

სულხან სალაძე მთავარი პროკურორის არჩევის წესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG