22 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" მთავარი პროკურორის არჩევის წესის სასწრაფოდ შეცვლის საჭიროებაზე ილაპარაკეს ალეკო ცქიტიშვილმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა და ლაშა ტუღუშმა, "ლიბერალური აკადემია თბილისის" ხელძღვანელმა. ისინი არიან აგრეთვე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები. ალეკო ცქიტიშვილი და ლაშა ტუღუში, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან და "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილთან ერთად არიან ავტორები და ინიციატორები კანონპროექტისა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს "პროკურატურის შესახებ" კანონში. "საქართველოს ეროვნული პლატფორმა" პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ცვლილებების "მაქსიმალურად სწრაფად" განხილვისა და მხარდაჭერის თხოვნით იმისათვის, რომ შეიცვალოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი. მანამდე კი, არასამთავრობოების თხოვნაა, პარლამენტმა შეაჩეროს მთავარი პროკურორის არჩევის მიმდინარე პროცესი, რომელიც ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ დაიწყო.