ვინ აძლევს ფულს პარტიებს, რამდენად გამჭვირვალეა ამ ფულის მოძრაობა და ხარჯავს თუ არა მიზანმიმართულად ამ ფინანსებს ესა თუ ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა? რას ნიშნავს კრიპტოვალუტის გამოყენება პოლიტიკაში, როგორ უნდა გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოებამ ამ ფინანსების წარმომავლობა და ისჯება თუ არა ვინმე იმ დარღვევებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში ფულის მოძრაობას თან ახლავს? ამ საკითხებზე დაიწყო მსჯელობა 26 ივნისს სასტუმრო „რედისონში“, ორდღიან კონფერენციაზე - „ფული პოლიტიკაში“. მასში 10 ქვეყნის ასზე მეტი წარმომადგენელი უზიარებს ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას.
პოლიტიკაში ფულის გამჭვირვალედ მოძრაობა, როგორც წესი, აქტუალური ხდება ხოლმე არჩევნების წინ. ქვეყნის მთავარი აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი არც ახლა გამორიცხავს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების წინ დარღვევებმა მოიმატოს, გაჩნდეს აღურიცხავი და არალეგალური შემოწირულებები პარტიებისათვის, მათ შორის კრიპტოვალუტაც, რომლის წარმომავლობის კონტროლი საკმაოდ რთულია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორ ხარჯავს პარტია ბიუჯეტის, ანუ „ყველას ფულს“, ან ვინ დგას პარტიის უკან, თუ ის კერძო ფულით ფინანსდება. ხშირად ხდება ისეც, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები აუდიტის სამსახურს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან. ხშირია ე.წ. საეჭვო შემოწირულებებიც, როდესაც პირი პარტიას არა საკუთარ, არამედ სხვის ფულს ურიცხავს. ვინ დგას ამ ფულის უკან, ხშირად უცნობი რჩება:
წლებია, პარტიების დაფინანსების საკითხს სწავლობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომლის პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი „პოლიტიკური ფულის“ მიმოქცევის თვალსაზრისით ყველაზე დიდ პრობლემად იმ დიდ განსხვავებას მიიჩნევს, რომელიც მმართველი პოლიტიკური გუნდის დაფინანსებასა და სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიებს დაფინანსებას შორის არსებობს. ეს განსხვავება, მისი სიტყვებით, პოლიტიკურ ასპარეზზე არაჯანსაღი კონკურენციის მიზეზი ხდება. ხშირად მმართველი პარტიის შემწირველი მომგებიანი გარიგების სქემის ნაწილიცაა.
ლევან ნატროშვილს კიდევ ერთი, ბოლო დროს გახმაურებული, უკანონო სქემის მაგალითიც მოჰყავს, რომელშიც ახალი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა როგორც მესამე პირის მეშვეობით პარტიისათვის ფულის გადამრიცხველი (საუბარია 2012 წელს მამუკა ბახტაძის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“ 20 000 ლარის გადარიცხვაზე).
პოლიტიკაში ფინანსების გამჭვირვალობის საკითხზე საუბრისას საკუთარი ქვეყნის მაგალითებზე 26 ივნისს სხვა ექსპერტებმაც ისაუბრეს. მათ შორის იყო იგორ ფრეშენკოც, ანალიტიკოსი უკრაინული სამოქალაქო მოძრაობისა „ჩესნო“, რომელმაც პარტიებისათვის თანხის გადარიცხვის სქემის ერთი მაგალითი მოიყვანა. ამ მაგალითის მიხედვით, პოლიტიკური პარტია იყენებდა ათობით მასწავლებლის მონაცემს, როგორც პარტიისათვის თანხის გადამრიცხველისა ისე, რომ ამ მასწავლებლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ:
აუდიტის სამსახურში კი აცხადებენ, რომ „პოლიტიკური ფულის“ მოძრაობის თვალსაზრისით, პრობლემები მხოლოდ საქართველოს არა აქვს და რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება საქართველოს მხოლოდ დაეხმარება გამჭვირვალობის მიღწევასა და მონიტორინგის დახვეწის პროცესში. ამ საკითხებზე კონფერენციაზე მსჯელობა 27 ივნისსაც გაგრძელდება.