Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იწყებოდა ცვლილებები პოლონეთში? ერთი თარიღის გახსენება


„მრგვალი მაგიდა“. ვარშავა, 1989 წელი
„მრგვალი მაგიდა“. ვარშავა, 1989 წელი

ყოველი წლის 13 დეკემბერს პოლონეთში აღინიშნება 1980 წელს გენერალ ვოიცეხ იარუზელსკის ბრძანებით შემოღებული სამხედრო მდგომარეობა, რასაც 42 წლის წინ პოლონეთში არაერთი მსხვერპლი და სასტიკი რეპრესიები მოჰყვა.

1981 წელს პოლონელმა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ ბოლო მოეღოთ პროფკავშირული მოძრაობა „სოლიდარობისთვის“, რომელიც ერთი წლის წინ თავად გამოაცხადეს ლეგალურად.

მაგრამ, როდესაც დაინახა ოპოზიციის ძალა, პოლონეთის ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა. თავის მასშტაბით მაშინდელი მოვლენები, ერთგვარ მსგავსებას პოულობს 2020 წლის ზაფხულში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ დრამატულ მოვლენებთან, ასე ფიქრობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი დმიტრი ჰურნევიჩი.

„1980 წელს პოლონეთში შეიქმნა პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარობა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეხ ვალენსა, 10 წლის შემდეგ ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი პრეზიდენტი. 1980-იან წლებში იყო ე.წ. „სოლიდარობის კარნავალი“, როდესაც მილიონობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში, საპროტესტო აქციებზე, ისინი კარნახობდნენ კომუნისტურ ხელისუფლებას თავიანთ წესებს. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე, მაქსიმუმ ერთი წელი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ჩაახშო. გენერალმა, ვოიცეხ იარუზელსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და შემდგომი 8 წელი ქვეყანა ცხოვრობდა საშინელ რეპრესიებში, მილიონობით ადამიანი გაიქცა პოლონეთიდან, ათასობით ადამიანი იმყოფებოდა ციხეში, იყვნენ მოკლულებიც. მთელი ოპოზიციური საქმიანობა პოლონეთში მხოლოდ იატაკქვეშეთში იყო შესაძლებელი. ზუსტად იგივე, ერთი-ერთში ხდება ამჟამად ბელორუსში“, - ამბობს ჰურნევიჩი.

"სოლიდარობის" ლიდერი ლეხ ვალესა მუშების დემონსტრაციაზე 1988 წლის 13 დეკემბერს. გდანსკი.
"სოლიდარობის" ლიდერი ლეხ ვალესა მუშების დემონსტრაციაზე 1988 წლის 13 დეკემბერს. გდანსკი.

„იარუზელსკის, ლუკაშენკასგან განსხვავებით, არ მოუხდენია პოლონეთის რუსიფიცირება“

რეპრესიების შემდეგ მთლიანად სპეცსამსახურის წარმომადგენლებით დაიწყეს პოლონეთში ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების დაკომპლექტება. პარტიულ აპარატში ხელმძღვანელ თანამდებობებზე პოლონეთის არმიის 32 ოფიცერი დაინიშნა. სახელმწიფო თანამდებობებზე - 88 ოფიცერი. მათ შორის იყო 11 მინისტრი, მინისტრის მოადგილე და 13 გუბერნატორი.

როგორც ლუკაშენკას ბელარუსში, 40 წლის წინ პოლონეთში დაიწყეს სახელმწიფო აპარატიდან იმ მოხელეების წმენდა, რომლებიც ოპოზიციასთან კავშირში იყვნენ შემჩნეული. ადგილი ჰქონდა ისეთ ინციდენტებსაც, როგორიც იყო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ტელეგრამის არხ „გუბაზიკომის“ (GUBAZICOM) გატეხა.

1986 წელს პოლონეთის დაზვერვამ გატეხა კოდი, რომლის საშუალებითაც „სოლიდარობა“ დასავლეთში თავის წარმომადგენლებს უკავშირდებოდა.

მსგავსებამ საგარეო პოლიტიკაშიც იჩინა თავი. პოლონეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შედეგს წარმოადგენდა პოლონეთის მზარდი დამოკიდებულება სსრკ-ზე. სანქციების შედეგად, 1982 წელს პოლონეთში ნედლეულის იმპორტის შემცირდა 40%-ით.

„იყო, რა თქმა უნდა, განსხვავებაც, გენერალ იარუზელსკის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასგან განსხვავებით, არ მოუხდენია პოლონეთის რუსიფიცირება და არ სურდა მისი რომელიმე ქვეყნის კოლონიად გადაქცევა. იარუზელსკი პოლონელი იყო, ლუკაშენკა კი არ არის ბოლომდე ბელარუსელი. ალბათ მას „ბელარუსი“, მხოლოდ პასპორტში უწერია", - ამბობს ჰურნევიჩი.

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერისგან განსხვავებით, პოლონეთის ხელისუფლებაც სამხედრო მდგომარეობის შემოღების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გაურბოდა ოპოზიციასთან დიალოგს, რადგან თვლიდა, რომ პოლონეთის ოპოზიცია რეპრესიების შედეგად ძალიან დასუსტებული იყო წერს, - პოლონელი ისტორიკოსი, პროფესორი ანტონი დუდეკი წიგნში „რევოლუციის რეგულირება“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს პოლონეთში მიმდინარე ცვლილებათა ანატომიაზე.

1982 წლის შემოდგომიდან მოყოლებული პოლონეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში დემონსტრაციებისა და იატაკქვეშა პოლიტიკური საქმიანობის კლებაზე მიუთითებდნენ. 1984 წელს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ იატაკქვეშა სტრუქტურებს არ ძალუძთ გაუძღვნენ მოქალაქეებს მმართველი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ.

ასეთ ვითარებაში პოლონეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა არ თვლიდა ოპოზიციასთან დიალოგს სავალდებულოდ. როგორც ისტორიკოსი დუდეკი წერს, ერთადერთი დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეიძლებოდა მხოლოდ იმაზე ყოფილიყო, რომ ოპოზიციას დაეტოვებინა ქვეყანა ან გამოსულიყო იატაკქვეშა მდგომარეობიდან.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვოიცეხ იარუზელსკი და მიხეილ გორბაჩოვის შეხვედრა ვარშავაში. 1995 წელი.
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვოიცეხ იარუზელსკი და მიხეილ გორბაჩოვის შეხვედრა ვარშავაში. 1995 წელი.

ხელსაყრელი ფაქტორების მოლოდინში

მაგრამ პოლონეთის ხელისუფლება 1986-1988 წლებში ნელ-ნელა შეურიგდა ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის იდეას. 1980-იან წლებში ცვლილებების განმსაზღვრელი გახდა ორი ფაქტორი - საშინაო პოლიტიკაში, ეკონომიკური სიძნელეები, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკაში სსრკ-ში მომხდარი ცვლილებები.

1986 წლის ივლისში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე საბჭოთა ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა, ღიად განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემები სსრკ-ს აღარ აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი მხრებით ზიდოს „ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები“.

ასეთი ფაქტორების თანხვედრის შემთხვევაში დმიტრი ჰურნევიჩი ბელარუსშიც ვარაუდობს პოლიტიკური ოპოზიციის გააქტიურებას.

„არის ორი ფაქტორი - საშინაო და საგარეო. პირველი, საშინაო ფაქტორი, ეს არის თავად ხელისუფლების ქმედება, მის მიერ დაშვებული გარკვეული შეცდომა, რომელიც კვლავ გამოიწვევს ამბოხსა და აჯანყებას, რადგან 2020 წელსაც პრინციპში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების შეცდომას, რაც მათ საქციელში გამოიხატა. მათ ლუკაშენკასთვის 83%-ის ნაცვლად 60% რომ დაეწერეთ და რომ არ დაეხოცათ ქუჩაში გამოსული ადამიანები, შესაძლოა არც არაფერი არ მომხდარიყო, არანაირი დიდი პროცესი არ დაწყებულიყო. მეორეა - საგარეო ფაქტორი, ეს არის, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის შედეგი. ამაში მე ვგულისხმობ ომში უკრაინის გამარჯვებას. ის ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური იქნება ბელარუსისთვის“, - ამბობს ჰურნევიჩი.

1986 წლის სექტემბერში პოლონეთში ამნისტიის მიღების შემდეგ, ლეხ ვალენსამ „სოლიდარობის დროებითი საბჭოს“ შექმნის შესახებ განაცხადა. ერთი თვის შემდეგ კი ვალენსამ და ოპოზიციონერი ინტელექტუალების ჯგუფმა ვაშინგტონს პოლონეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

1987 წელს პოლონეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. პოლონელები უკმაყოფილოები იყვნენ თავიანთი ცხოვრებით. 1988 წელს კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და სიგარეტის ფასი 40%-ით გაიზარდა. გაძვირდა კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტი. 1988 წელს კი პოლონეთში მასობრივი გაფიცვები დაიწყო. გაფიცვების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახდა პროფკავშირული მოძრაობა „სოლიდარობის“ ლეგალიზება. ლეხ ვალენსამ კი ხელისუფლებას კვლავ მოუწოდა მოლაპარაკების გამართვისკენ.

1988 წლის ზაფხულში ვოიცეხ იარუზელსკიმ პირველად ახსენა „მრგვალი მაგიდა“, რომლის იდეასაც, თავდაპირველად, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა მონაწილეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ კანონის განხილვა წარმოადგენდა.

1988 წლის 31 აგვისტოს, „სოლიდარობის კარნავალიდან“ 8 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართა ლეხ ვალენსასა და შინაგან საქმეთა მინისტრ, ჩესლავ კიშჩაკს შორის. შეხვედრის პირობა იყო ქვეყანაში გაფიცვების შეწყვეტა. პოლონეთში მიმდინარე პროცესს აკვირდებოდა მიხაილ გორბაჩოვი, რომელმაც ისტორიკოს დუდეკის თანახმად, ვოიცეხ იარუზელსკის საკითხების პოლიტიკური მეთოდებით გადაწყვეტისკენ მოუწოდებდა.

მაგრამ პუტინი დღეს ალიაქსანდ ლუკაშენკას პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისადმი შემწყნარებლობის გამოჩენისკენ არ მოუწოდებს და არც ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს აქვს ოპონენტებთან „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მოლაპარაკების გამართვის სურვილი.

„ბელარუსში არის ბევრი ლიდერი, რომელთა უმრავლესობა ახლა საპყრობილეში იმყოფება. რა თქმა უნდა, ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა თავად იყო პროფკავშირების წევრი. ამიტომ ასი პროცენტით მისი მსგავსი ადამიანი ამჟამად არ არსებობს ბელარუსში, მაგრამ ლიდერები არიან, მაგალითად, მიკოლა სტატკევიჩი, ყოფილი სამხედრო, არის სიარჰეი ციხანოუსკი, სვიატლანა ციხანოუსკაიას ქმარი, რომელიც ციხეში იმყოფება. ასევე საზღვარგარეთ იმყოფებიან ლიდერები, მაგალითად, ზენონ პოზნიაკი. ბევრნი არიან. მაგრამ საზღვარგარეთიდან გავლენა შეუძლებელია, რომ ასეთი მძლავრი იყოს. ვალენსა თავის დროზე პოლონეთში იმყოფებოდა და ის ციხეში არავის ჩაუსვამს გამოსვლებიდან რამდენიმე თვის თავზე. იგი მთელი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პოლონეთში, ბელარუსში კი ეს შეუძლებელია. თუ ვინმე ხელისუფლების წინააღმდეგ საჯაროდ გამოვა, მას დაუყოვნებლად ჩასვამენ ციხეში“, - ამბობს დმიტრი ჰურნევიჩი.

სპეცრაზმელი ხელკეტით სცემს სტუდენტს 1988 წლის 13 დეკემბერს ვარშავაში საგანგებო მდგომარეობის მე-7 წლისთავის აღსანიშნავი აქციის დროს.
სპეცრაზმელი ხელკეტით სცემს სტუდენტს 1988 წლის 13 დეკემბერს ვარშავაში საგანგებო მდგომარეობის მე-7 წლისთავის აღსანიშნავი აქციის დროს.

ბუში არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა იარუზელსკის

პოლონეთში „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში შეხვედრა 1989 წლის 6 თებერვალს გაიმართა. მასში შეიქმნა სამი: ეკონომიკის, პოლიტიკური რეფორმების და პროფკავშირების კომისია. „მრგვალი მაგიდის“ შეთანხმების უმთავრესი საგანი კი გახდა არჩევნების ჩატარება.

სენატის არჩევნები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად თავისუფალი. ხოლო სეიმში ხელისუფლებას უნდა მიეღო ადგილების 65%, ხოლო ოპოზიციას კი 35%.

მხარეები შეთანხმდნენ ასევე პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომელიც სეიმისა და სენატის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა აერჩია. ანუ იმთავითვე აშკარად ჩანდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის პოსტს ვოიცეხ იარუზელსკი დაიკავებდა.

1898 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც კი მოუწოდებდა ვოიცეხ იარუზელსკის, რომ კენჭი ეყარა პრეზიდენტის არჩევნებში. ამერიკელები მიიჩნევდნენ, რომ მის უარს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

თადეუშ მაზოვეცკი
თადეუშ მაზოვეცკი

1989 წლის ივნისში პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სენატში პოლონელმა კომუნისტებმა 100-დან მხოლოდ 1 ადგილი მიიღეს. პრემიერ-მინისტრი ყოფილი ოპოზიციონერი თადეუშ მაზოვეცკი გახდა. ამ არჩევნებს მოჰყვა არაერთი მშვიდობიანი ანტიკომუნისტური რევოლუცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ვოიცეხ იარუზელსკი ერთადერთი კანდიდატი იყო პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც კომუნისტმა გენერალმა ოპოზიციის 7 ხმის წყალობით გაიმარჯვა. ასეთი იყო ის დათმობა, რომლის გამოც „სოლიდარობა“ კინაღამ დაიშალა.

იმ დროისთვის ვოიცეხ იარუზელსკის რეიტინგი დაახლოებით 16%-ს შეადგენდა. ამიტომ რამდენიმე თვის შემდეგ სეიმმა შეამცირა მისი საპრეზიდენტო ვადა და მიიღო კანონი პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების თაობაზე, რომელიც მომდევნო წელს გაიმართა და მასში ლეხ ვალენსამ გაიმარჯვა.

უამრავი პოლონელი 1980-იანი წლების ბოლოს მომხდარ ცვლილებებს მიიჩნევს მაშინდელი ელიტების შეთქმულებად, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების ახალი დაყოფა და ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების გარანტიის შექმნა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილი კომუნისტები, ოღონდ სოციალ-დემოკრატების სახელით, პოლონეთის ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ.

ისინი მთლიანად აკონტროლებდნენ პრეზიდენტისა და მთავრობის ოფისებს და სწორედ მათ მიიყვანეს პოლონეთი ევროკავშირამდე და ნატომდე.

გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი ლეხ ვალენსას საავადმყოფოში სტუმრობს. 2011 წელი
გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი ლეხ ვალენსას საავადმყოფოში სტუმრობს. 2011 წელი

რაც შეეხება გენერალ ვოიცეხ იარუზელსკის, ვიდრე ის ცოცხალი იყო, მის სახლთან ყოველი წლის 13 დეკემბერს იკრიბებოდნენ ადამიანები, რათა პატივი მიეგოთ სამხედრო მდგომარეობის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი. 2014 წელს იარუზელსკის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტრადიციული შეკრება შეწყდა, მაგრამ მილიონობით პოლონელი დღემდე ვერ პატიობს ვოიცეხ იარუზელსკის სამხედრო მდგომარეობის შემოღებას, ოპონენტების დევნასა და რეპრესიებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG