Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავგეგმოთ ახალი წელი?


ახალი წლის ილუმინაცია - საილუსტრაციო ფოტო
ახალი წლის ილუმინაცია - საილუსტრაციო ფოტო

ახალი წელი ბევრისთვის მიზეზია, დროის თავიდან ათვლა დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი პირობითია, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყებად მაინც კარგ შანსს იძლევა. 

დაუგეგმავად არ გამოვა?

ჯერ ერთი, ეს სახალისოა, მეორეც, ასე საკუთარ თავსა და საკუთარ მიზნებზე ბევრ რამეს შეიტყობთ. როდესაც რაღაცას დეტალურად აღწერ, მის მნიშვნელობასაც ადვილად ხვდები და იმასაც, როგორ უნდა მიაღწიო მიზანს. გაითვალისწინეთ, თუ რამის დაგეგმვა დაგეზარათ, დიდი ალბათობით, მისი გაკეთებაც დაგეზარებათ.

ზაფხული დაუგეგმავად არ დადგება?

მართალია, ბევრ რამეს კალენდარი თავად გვიკარნახებს. არ იცვლება დღესასწაულები, დაბადების დღეები, არდადეგები, სეზონები და, რა თქმა უნდა, არც თქვენ გამოგივათ შობის ზაფხულში აღნიშვნა.

თუ კერძო მეწარმე ხართ, აქაც კალენდარი გაიძულებთ, რომ წლის ბოლოს შემოსავალ-გასავალი დააჯამოთ, შემდეგ კი მომავალი წელი დაგეგმოთ.

მაგრამ გეგმა რომ გქონდეთ, ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მეწარმე იყოთ. გეგმა ყველასთვისაა, მისტიკური არსებებისთვისაც კი. მაგალითად, მულტფილმებში სანტა კლაუსიც კი დავთრით ხელში დადის და ინიშნავს, ვის რა აჩუქოს.

დაგეგმეთ საკუთარი თავისთვის

აი, აქ კი ცოტა ხანი მშვიდად უნდა დაჯდე და ჩაუფიქრდე, რისი მიღწევა გინდა ცხოვრებაში და კონკრეტულად ამ წელს. გეგმაში იწერება ის, რაც ნამდვილად გინდათ და არა მხოლოდ ის, რაც უნდა გააკეთოთ. რა გინდათ თქვენ? რაზე ოცნებობთ? რის შეუსრულებლობას ინანებთ სიკვდილის წინ? რაზე დაგწყდებათ გული? აი, ეს უნდა ჩამოწეროთ.

ჩამოყარეთ ახალი იდეები და განსაზღვრეთ პრიორიტეტები, თქვენი დრო და ფული ყველაფერს არ ეყოფა.

როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებით, თქვენს მიზნებზე ხმამაღლა ილაპარაკეთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, მიზნები ჯობია წარმოიდგინოთ კიდეცო: დახატოთ, აღწეროთ, იოცნებოთ. ყველა დიდი საქმე ოცნებით იწყება.

გამოყოლებული საშემოდგომო

თუ მიზნები წინა წელსაც ჩამოწერეთ, იმის ალბათობაც არსებობს, რომ წლის ბოლოს რომელიმე მიუღწეველი დარჩა. ამ წლის მიზნებში მექანიკურად არ გადმოიტანოთ, კარგად დაფიქრდით, რატომ ვერ მიაღწიეთ მას შარშან და რა უნდა შეცვალოთ იმისთვის, რომ წელს გამოგივიდეთ. და საერთოდ კიდევ გინდათ მისი მიღწევა?

განსაზღვრეთ თქვენი ტვირთი

ერთბაშად მთის გადადგმას ნუ მოინდომებთ, ჯერ ერთი, მიწისძვრას გამოიწვევს და მეორეც, თუ არ გამოგივიდათ, გულგატეხილი დარჩებით. მიზნად ისეთი რამ დაისახეთ, რაც თან გამოწვევა იქნება და თან მიღწევადიც. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

როდესაც მიზნებს განსაზღვრავთ, ჩამოწერეთ კიდეც. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს შედეგიანია.

ამის შემდეგ ამ მიზნების განხორციელების გზები უნდა დაგეგმოთ. კარგად გათვალეთ დაბრკოლებები. და ისიც ჩამოწერეთ, ამ დაბრკოლებებს გვერდს როგორ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ დალაგდება. იყავით მოქნილი, ბევრი რამის შეცვლა გზადაგზა მოგიწევთ.

დღიური შენი მეგობარია

ჩაინიშნეთ თქვენი მიღწევები და ისიც, თუ ფეხი სად რას წამოკარით. როდესაც წარმატებას მიაღწევთ, საკუთარი თავი დაასაჩუქრეთ. სხვათა შორის, საჩუქარი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს. არ იფიქროთ, რომ რადგან საკუთარი თავია, გაპატიებთ. თქვენ ხომ მას ყველაზე კარგად იცნობთ და იცით, როგორი ჭირვეული ხასიათი აქვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG