Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნეტა თუ მოგვიბოდიშებენ?!” - როგორ გაეპარა რუსულ “მატჩ ტევეს” ეთერში ქართველი ქომაგების “პუტინ ხ**ლო”


ქართველი ქომაგების შეძახილები რუსეთში გაიგონეს
ქართველი ქომაგების შეძახილები რუსეთში გაიგონეს

რუსეთის მთავარმა სპორტულმა არხმა “მატჩ ტევემ” ვლადიმირ პუტინის გინება ჯერ პირდაპირ ეთერში აჩვენა, შემდეგ კი ამოჭრა. რუსეთის პრეზიდენტს ქართველი ქომაგები ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთთან თამაშის დროს აგინებდნენ.

ვლადიმირ პუტინის გინება “მატჩ ტევეს” ეთერში სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა. საქართველო-თურქეთის თამაშის 39-ე წუთზე გაისმა ქართველი ქომაგების შეძახილი “პუტინ ხ**ლო”.

ეს საფეხბურთო სიმღერა პირველად უკრაინელმა ქომაგებმა 2014 წელს შეასრულეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. სიმღერა მალევე ინტერნეტმიმად იქცა და იგი კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსებმა მთელ მსოფლიოში აიტაცეს.

რუსმა კომენტატორმა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისას პრეზიდენტის გინება არ შეიმჩნია. მოგვიანებით კი, “მატჩ ტევემ” თამაშის ჩანაწერიდან ეს ეპიზოდი ამოჭრა. 38:49 წუთიდან ჩანაწერი პირდაპირ 39:00-ზე გადადის.

ეპიზოდის დაცენზურებას ყურადღება რამდენიმე რუსულმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ მიაქცია.

არხის გენერალურმა დირექტორმა თინა კანდელაკმა ქართველ გულშემატკივრებს “ექსტრემისტები”, პუტინის გინებას კი დასავლეთის მოწყობილი “პროვოკაცია” უწოდა.

“როგორც ქართველი გიპასუხებთ. თქვენ უჭკუო ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საზარბაზნე ხორცად გიყენებენ, როგორც ეს ისტორიაში უკვე არაერთხელ მომხდარა, რათა საქართველოს გადარჩენის გზები ჩაუხერგონ", - დაწერა კანდელაკმა საკუთარ ტელეგრამარხზე.

“მატჩ-ტვ” რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტის, “გაზპრომის” მედიაჰოლდინგის წევრი და ქვეყნის უმსხვილესი სპორტული არხია. მისი გახსნის ბრძანებას 2015 წელს თავად ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.

არხი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და დღეში საშუალოდ 7.7 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ფრთხილად გამოეხმაურნენ კრემლის სხვა პროპაგანდისტებიც.

“რამდენიმე ათეულმა იდიოტმა, რომლებიც ყვირიან ყველაფერს, რაც მოეპრიანებათ, თამაშისგან მიღებული შთაბეჭდილებები არ უნდა გაგვიფუჭონ", - დაწერა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა “ბრიფმა“. ცოტა ხნის წინ “ბრიფი“ წერდა, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას განიხილავსო.

“ტრანსლაცია გაწმინდეს, ხმა ამოჭრეს. მაგრამ ის რუსები, რომლებმაც [გინება] პირდაპირ ეთერში ნახეს, საფუძვლიანად გამო***დნენ. ნეტა თუ მოგვიბოდიშებენ მაინც?” - დაწერა უკრაინაში ომის მხარდამჭერმა არხმა, რომელსაც თითქმის ნახევარმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

ამბავი არც ოპოზიციურად განწყობილ არხებს გამოჰპარვიათ.

“მიდი და არ გაგიჟდე, როდესაც პროპაგანდა შენდება ძლიერი და თავდაჯერებული ლიდერის ხატის გარშემო… მთელ სამყაროს კი ის ხ**ლო ჰგონია”, - დაწერა არხმა, რომელსაც “სოლოვიოვის [კრემლის პროპაგანდისტი] სკლინტი” ჰქვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG