Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხამსობა თუ პატრიოტულ-პოლიტიკური სლოგანი?


ანდრეი დეშჩიცა
ანდრეი დეშჩიცა
ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინაში ხშირად ისმის ერთი უხამსი გამოთქმა - მეზობელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოხსენიება მამაკაცის გარკვეული ორგანოს სახელწოდებასთან ერთად. ბოლო დღეებში კი ამ სიტყვათშეხამებამ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა - მას შემდეგ, რაც ის წარმოთქვა ანდრეი დეშჩიცამ, უკრაინის საგარეო უწყების - ამასობაში უკვე ყოფილმა -ხელმძღვანელმა.

გამონათქვამი, რომელმაც უკრაინელ პროფესიონალ დიპლომატს ანდრეი დეშჩიცას მინისტრის პოსტი დააკარგვინა, უკრაინაში კარგა ხანია გასცდა რიგითი უხამსი გამონათქვამის მასშტაბებს. ჩვენი კორესპონდენტი, დეიზი სინდელარი, რომელმაც ამ სიუჟეტისათვის მასალა მოაგროვა, ფიქრობს, რომ „პუტინ ხუილო“ შეიძლება შევადაროთ პატრიოტულ-პოლიტიკურ სლოგანებს, როგორიც არის, მაგალითად, შეერთებულ შტატებში „Yes we can” ან საფრანგეთში „Vive la Revolution”. უკრაინაში წარწერას „პუტინ ხუილო“ შეხვდებით ტრანსპარანტებსა და გრაფიტით მოხატულ კედლებზე, მოისმენთ როგორც რუსეთის აგრესიით გაჯავრებული უკრაინელების შეძახილებს. სიმღერაც კი არსებობს, რომელიც არამარტო კიევში, მაიდანზე ისმის...

14 ივნისის შემდეგ პუტინის შეურაცხმყოფელმა გამონათქვამმა უკვე საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. იმ დღეს ანდრეი დეშჩიცა (საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი) ცდილობდა დაეწყნარებინა კიევში რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც აპროტესტებდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში 49 ადამიანის დაღუპვას. ეს მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებას. საელჩოსთან დაძაბულობის განმუხტვის მცდელობისას, მინისტრმა თვითონაც წარმოთქვა უხამსი ფრაზა...

დეშჩიცას საუბედუროდ, დემონსტრანტებთან საუბრის ეს მონაკვეთი ვიდეოზე დაფიქსირდა, ინტერნეტში გავრცელდა და აღშფოთება გამოიწვია რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში.

განსაკუთრებით აქტიურობს მაინცდამაინც ის ხალხი, ვინც თვითონ, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩევა ეტიკეტის ერთგულებით. მაგალითად, ულტრანაციონალისტების ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რომელიც ამას წინათ - არც მეტი, არც ნაკლები - გაუპატიურებით ემუქრებოდა ორსულ ჟურნალისტს, გამოაცხადა, რომ დეშჩიცას გაუგზავნის სპეციალურ ლიტერატურას „ინტელექტის, კულტურისა და დიპლომატიური კომპეტენციის“ დასახვეწად.

უკრაინელი მინისტრის უცენზურობამ აღაშფოთა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც: მან დეშჩიცას ურჩია, დაჩოქილმა სთხოვოს პატიება ვლადიმირ პუტინს. ეს ის კადიროვია, რომელმაც ამას წინათ გროზნოს სტადიონზე, რომ იტყვიან, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი.

ისე, ცნობილია, რომ არც თავად ვლადიმირ პუტინი მიეკუთვნება ზედმიწევნით კორექტული მოღვაწეების რიცხვს. ჩვენს მსმენელს ყველაზე უკეთ, ალბათ, ის ახსოვს, როგორ დაიმუქრა რუსეთის პრეზიდენტი საჯაროდ: კვერცხებით დავკიდებ სააკაშვილსო. სხვათა შორის, გასულ თვეში პუტინის ხელმოწერით ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთში უხამსი სიტყვების გამოყენებას ფილმებში, ტელეეთერში, თეატრში, მედიაში.

ცნობილი არ არის, რა რეაქცია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს მის მიმართ უკრაინელი დიპლომატის დამოკიდებულების არცთუ კორექტულ ფორმულირებაზე, მაგრამ შეგვიძლია გავეცნოთ რიგითი უკრაინელების შეფასებებს:

კიეველი მამაკაცი: „დეშჩიცას თავისი აღშფოთება და ემოციები არ გამოუხატავს სამუშაო საათებში. ეს არ იყო სამუშაო დღე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისათვის, გასაგებია მისი პოზიცია“.

კიეველი ქალი: „ის, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებენ, ეს ნამდვილად ასეა. ალბათ, ვინმე უნდა მოიძებნოს - უფრო ძლიერი, უფრო განათლებული“.

19 ივნისიდან უკრაინას საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს. ანდრეი დეშჩიცა შეცვალა პავლო კლიმკინმა, რომელიც აქამდე გერმანიაში უკრაინის ელჩი იყო.
XS
SM
MD
LG