Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს


„ალტ-ინფოს“ ბოლო ეთერი.
„ალტ-ინფოს“ ბოლო ეთერი.

პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ“, - თქვა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.

მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ქარდავამ ბოლო გადაცემაში თქვა, რომ ჯერ არ იციან, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას.

„თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით - პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს და თანამებრძოლებს მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა.

მომავალში რა ფორმით დავბრუნდებით და როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს“, - თქვა მან.

გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად.

უფრო ადრე, არჩევნებამდე 40 დღით ადრე აშშ-მა „ალტ-ინფოს“ ორ დამფუძნებელს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.

„ალტ-ინფო“ არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების მიერ დაფუძნებული არხი, რომელიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა ქუჩაში მოქალაქეებს გამოსვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG