Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა


საილუსტრაციო ფოტო - აშშ-ის დროშა
საილუსტრაციო ფოტო - აშშ-ის დროშა

აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადება დღეს, 16 სექტემბერს, გავრცელდა.

"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში", - წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

მათი განმარტებით, ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესდათ, რადგან "მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში".

განცხადებაში ლაპარაკია ე.წ. აგენტების კანონის მიღების პროცესში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამართულ საპროტესტო აქციებზე და ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე, აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძალებმა იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს.

"ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური", - წერია განცხადებაში.

2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო დაუწესდათ სანქციები კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

"კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანია "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი, რომელსაც დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად იყენებდა. 2021 და 2023 წლების ივლისში იგი მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე. ასევე ხელმძღვანელობდა ასობით პირს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც პოლიციაც ადგილზე იყო.

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში", - წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონსტანტინე მორგოშიამ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე თქვა, რომ ეს მისთვის "დიდი პატივია".

"ჩემთვის დიდი პატივია. მოგონილი რაღაცა მუხლია. ისედაც არ ვაპირებდი ამერიკაში წასვლას. 2011 წლიდან არ მაქვს საბანკო ანგარიშები, არც ზურა მახარაძეს არ აქვს ანგარიშები. ნაღდ ფულს ვიყენებ, თუ [პოსლეზე]... არ მაქვს ანგარიშები", - თქვა მან.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში აშშ-ში არსებული ყველა ქონება. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომლებშიც 50% ან მეტი წილი აქვთ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე დასანქცირებული პირი "გლობალურ მაგნიტსკის სიაში" დაამატეს.

მაგნიტსკის სია შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.

დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, "რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით".

დეპარტამენტი განმარტავს, რომ მათ შორის არიან კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG