ახალციხეში მცხოვრები არტურ დილბარიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ერევანში განვითარებულ მოვლენებს დადებითად აფასებს. ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება სომხეთის განვითარებას, ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ პროსომხური კურსი უნდა აირჩიოს, თუ სურს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
,,მთელი სომხეთი წავიდა რუსეთში, იმიტომ რომ ცხოვრება არ არის აქ"არტურ დილბარიანი
არტურ დილბარიანის მსგავსად, სომხეთში განვითარებული მოვლენებით კმაყოფილნი არიან რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც. აქაურები აქცენტს ძირითადად დიქტატურის დამარცხებასა და ოფიციალური ერევნის პრორუსულ კურსზე აკეთებენ. სერჟ სარგსიანის მმართველობის დროს ქვეყანა კორუფციისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ბევრმა მოქალაქემ დატოვაო, აცხადებენ ისინი და იმედოვნებენ, რომ, სომეხი ხალხის ერთიანობისა და ახალგაზრდობის შემართების შედეგად, მსოფლიო უკეთეს სომხეთს იხილავს.
მმართველობის შეცვლის შემდეგ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მიაჩნია მედიაანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს ახალციხეში. ედუარდ აივაზიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცვლილებით სომხეთმა ევროპული გზა აირჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონის ორი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ერთმანეთს. ედუარდ აივაზიანი სერჟ სარგსიანის რუსულ პოლიტიკას იწუნებს და ყოფილ მმართველს ემიგრანტების გაზრდილი რაოდენობის გამო აკრიტიკებს.
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მსგავსად, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატიც მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე დადებითად აისახება, რადგან ორ მოძმე სახელმწიფოს შორის მუდამ კარგი ურთიერთობა უნდა იყოს. გიორგი კოპაძის აზრით, მთავარი მაინც სომხეთში მშვიდობიანად განვითარებული მოვლენებია.
სამცხე–ჯავახეთში ფიქრობენ, რომ სერჟ სარგსიანს ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე პრემიერ–მინისტრობით უნდოდა, რაც არ გამოუვიდა. შვიდდღიანი პრემიერ–მინისტრობის შემდეგ სომეხმა ხალხმა მისი დამარცხება შეძლო.