Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ნატოს სამიტზე ვაშინგტონში


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ახლოვდება ნატოს დიდი სამიტი ვაშინგტონში, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდება. რადიო თავისუფლება გამოყოფს ხუთ საკითხს, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც 32 მოკავშირე და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტუმარი შეიკრიბება ამერიკის დედაქალაქში.

მართლა უახლოვდება უკრაინა ალიანსს?

სამიტის დროს ერთ-ერთი მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის საბოლოო დეკლარაციაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების ფორმულირება. ამ რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტის შემუშავება ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავარი საკამათო საკითხია, თუ როგორ მოხდეს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით წინადადებების ფორმულირება. ერთი რამ ცხადია, ამჟამად უკრაინას გასაწევრიანებლად არ მიიწვევენ.

ნატოს პოზიცია მტკიცეა - გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ ქვეყანაში ომი მძვინვარებს, რადგან მის წევრებს არ სურთ რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში ჩათრევა. ასევე შეიძლება გამოვრიცხოთ ზოგიერთი კრეატიული, მაგრამ არარეალისტური იდეა, როგორიცაა ნატოს მე-5 მუხლის გავრცელება უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს, მაგრამ არა იმ ნაწილზე, რომელიც მოსკოვის მიერაა ოკუპირებული. ნატოს ოფიციალური პირები, რომლებიც კანონპროექტს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მთავარი ამოცანაა, წინ წაიწიონ გასულ წელს ლიეტუვის დედაქალაქში ჩატარებულ სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან. ვილნიუსის სიახლე კი იყო აღიარება, რომ უკრაინას არ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) - წევრობის წინაპირობა, სადაც ასახულია ქვეყნის მიერ გასატარებელი სხვადასხვა რეფორმა. ეს ნაბიჯი ისედაც მოძველდა, როდესაც ფინეთი ალიანსს რეკორდული სიჩქარით შეუერთდა 2023 წელს, ხოლო მას ერთი წლის შემდეგ შვედეთიც მიჰყვა. MAP-ი არცერთ ამ ქვეყანას არ დასჭირვებია.

თუმცა, აქ საქმე რეფორმაში არ გახლავთ. მთავარია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, თუ როდის შეეძლება უკრაინას გაწევრიანება და რა უნდა ითქვას მანამდე. ვილნიუსის დეკლარაციაში გაიმეორეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადება, რომ ნატო უკრაინას იწვევდა გასაწევრიანებლად და შემდეგ დაამატეს წინადადება, სადაც ნათქვამია, რომ „უკრაინა გახდება ნატოს წევრი“. ამჯერადაც რაიმე მსგავსს უნდა ველოდეთ - სავარაუდოდ, კონკრეტულ თარიღს არც ამჯერად დაასახელებენ.

ვილნიუსის ტექსტში ნათქვამია, რომ „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავუგზავნოთ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.

მეუბნებიან, რომ ტექსტში შეიძლება ორი ასპექტი შეიტანონ. აშშ-ის ოფიციალური პირები, - მაგალითად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, - ბოლო დროს უკრაინასა და ნატოზე საუბრისას იყენებენ ტერმინს „წევრობისკენ მიმავალი ხიდი“. ველით, რომ ეს ფრაზა ამა თუ იმ ფორმით მოხვდება საბოლოო კომუნიკეში, თუმცა გაუგებარია, რას გულისხმობს ეს ფრაზა. კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ასევე შეიძლება აქ შევიდეს, არის სიტყვა „შეუქცევადი“. ასე რომ, მიმართულება დასახულია, თუმცა ვადებზე ნურაფერს იკითხავთ.

რას მიიღებს უკრაინა?

უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია, რომ ბევრი მოკავშირე სამიტზე გამოაცხადებს უკრაინისათვის იარაღის ორმხრივი მიწოდების შესახებ. საკითხავი, როგორც ყოველთვის, ის იქნება, თუ რამდენად სწრაფად ჩააღწევს ეს იარაღი ბრძოლის ველზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, სამიტს დაესწრება და ნატოს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ არ განმეორდება ვილნიუსის სამიტის ვითარება, როდესაც მან შეხვედრის წინ „ტვიტერზე“ იმედგაცრუება გამოხატა იმით, რომ კიევს არ შესთავაზეს გაწევრიანების უფრო მკაფიო გრაფიკი. ამჯერად, ისინი აღნიშნავენ, რომ შეხვედრის დაწყებამდე უკეთ მართავენ მოლოდინებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ფრონტზე და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვე დარჩა.

ფაქტობრივად, სამიტზე გამოსაცხადებელი ორი მთავარი რამ მეტ-ნაკლებად უკვე შეთანხმებულია. პირველია უკრაინის დახმარებისა და სწავლების „ნატოიზაცია“.

არსებითად, სამხედრო ორგანიზაცია ახლა გადაიბარებს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების კოორდინაციას რამშტაინის ჯგუფისგან - აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი 50 ქვეყნის ერთობისგან, რომელიც თითქმის ყოველთვიურად იკრიბებოდა უკრაინისათვის იარაღის მისაწოდებლად მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. ახლა გერმანიის ქალაქი ვისბადენი გახდება დაგეგმვის ცენტრი, როგორც წვრთნებისთვის, ასევე მიწოდებისთვის ლოგისტიკური კვანძებით აღმოსავლეთ ალიანსის რამდენიმე ქვეყანაში. მასში ჩართული იქნება 700-მდე პერსონალი ნატოდან და პარტნიორი ქვეყნებიდან.

მეორე განცხადება უკრაინის სამხედრო დაფინანსებას ეხება. აქ სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველად განაცხადა წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი აშშ დოლარის შესახებ, ხუთი წლის განმავლობაში. ახლა, როგორც ჩანს, მოკავშირეები 40 მილიარდ აშშ დოლარს დასჯერდებიან რამდენიმე წლის განმავლობაში. 32 მოკავშირის წვლილი დაფუძნებული იქნება მათ მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ), თუმცა არც ესაა ბოლომდე გადაწყვეტილი. ეს, წესით, ახალი თანხებია, თუმცა ორი კითხვის ნიშანი მაინც რჩება: ხომ არ დაიწყებს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ბუღალტრულ მაქინაციებს? ზოგმა შეიძლება ამ თანხას უკვე განხორციელებული დახმარება მიამატოს, ან სამხედრო დახმარება ჰუმანიტარულს მიათვალოს. მეორეც, ეს დახმარების პირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებას რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ტრამპის სკეპტიციზმი

ამ საკითხს გვერდს ვერავინ აუვლის. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ (და შესაძლოა მომავალ) პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ყველაზე მეტს ილაპარაკებენ მიუხედავად იმისა, რომ სამიტს ის არ დაესწრება. რესპუბლიკელების ნაციონალური კონვენცია, სადაც ტრამპს ოფიციალურად წარადგენენ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად, სამიტიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ დაიწყება. ასეა თუ ისე, ნატოს სამიტი გახდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ერთგვარი ნაწილი. ბევრი გადაწყვეტილება და გზავნილი, რომელიც სამიტზე გაჟღერდება, იქნება პასუხი მის სკეპტიციზმზე ალიანსისადმი და უკრაინის ომის მცდელობისადმი მის გულგრილ მხარდაჭერაზე. ზემოთ ნახსენები ზომები, როგორიცაა კიევის მყარი ფინანსური საფუძვლის უზრუნველყოფა მომავალი წლებისთვის და წვრთნისა და სამხედრო მიწოდების ინსტიტუციონალიზაცია, ალიანსის ოფიციალურმა პირებმა დაახასიათეს, როგორც „თავის დაზღვევა ტრამპისგან“ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდება და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას შეეცდება.

შემდეგი საკითხია ევროპელი მოკავშირეების სამხედრო ხარჯები, რაზეც ტრამპი ხშირად ლაპარაკობდა. ის აკრიტიკებდა ქვეყნებს, რომლებიც მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდნენ თავდაცვაზე და ისიც კი თქვა, რუსეთს ნებას მივცემდი თავს დაესხას მათ, ვინც თავის წილს არ იხდისო და ამით ეჭვქვეშ დააყენა ნატოს ფუნდამენტური პრინციპი. ამის საპასუხოდ თქვენ მოისმენთ უამრავ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენად გაძლიერდნენ მოკავშირეები ბოლო წლებში. 2014 წელს გაჟღერდა პირობა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ყველა წევრი მიაღწევდა 2%-იან სამიზნეს. ეს დაპირება სრულად არ შესრულებულა, რადგან დღეს 32-დან 23 სახელმწიფო ხარჯავს ამდენს ან უფრო მეტს თავდაცვაზე. თუმცა, ნატოში აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი „მოძველდა“ და, რომ ევროპამ და კანადამ მას შემდეგ 640 მილიარდზე მეტი დაამატეს თავდაცვის ხარჯებს. ასევე მოისმენთ, რომ 2024 წელს სამხედრო ხარჯები 18%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით - ეს ყველაზე დიდი წლიური ზრდაა ათწლეულების განმავლობაში.

ვიხსენებთ ვილნიუსს

ნატო-უკრაინის საბჭოს გარდა, სამიტზე კიდევ ორი სრული სამუშაო სესია ჩატარდება. პირველი განიხილავს ალიანსის მიმდინარე საკითხებს - არსებითად იმას, თუ რამდენად კარგად არის მომზადებული ნატო მასზე თავდასხმის შემთხვევაში. აქ შეკითხვები დღემდე არსებობს. შარშან ვილნიუსში მიიღეს რეგიონული თავდაცვის გეგმები ნატოს ტერიტორიის „ყოველი სანტიმეტრის“ დასაცავად. ახლა ლაპარაკია იმის შემოწმებაზე, რეალურად მუშაობს თუ არა ეს გეგმები. ნატოს 500 000 ჯარისკაცი ჰყავს მაღალ მზადყოფნაში და ახორციელებს წვრთნებს ცივი ომის შემდეგ არნახული მასშტაბით. მაგრამ ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ გეგმები „ფუნქციურია“, მაგრამ ფრთხილად დასძინა: „თუ ნატოს დღეს თავს დაესხმებიან, ისინი იმუშავებს, მაგრამ ხარვეზები ჯერაც არსებობს“. მისი თქმით, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს აკლია საჰაერო თავდაცვა და ბლოკს ასევე ესაჭიროება მეტი შორი დისტანციის რაკეტები, ტანკები და აუცილებელია ლოგისტიკური მხარის გაძლიერება.

მეორე სესია ჩინეთს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ჯერ კიდევ ორიენტირებულია ატლანტიკურ თეატრზე, ცხადია, რომ იგი ფხიზლად ადევნებს თვალს წყნარ ოკეანეში განვითარებულ მოვლენებს და იქ ჩინეთის გავლენას - ეს დიდწილად ნაკარნახევია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ბოლო ორი სამიტის მსგავსად, შეხვედრას ნატოს ოთხი „აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორის“ ლიდერი - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და სამხრეთი კორეა დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ გაფორმდება თანამშრომლობის არაერთი შეთანხმება ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერთავდაცვა და საზღვაო უსაფრთხოება.

რა გველის მომავალში?

რა თქმა უნდა, ყველას ყურადღება შეხვედრის მასპინძლისაკენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისკენ იქნება მიმართული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ცუდად ჩაატარა დებატები ტრამპთან დაპირისპირებაში. საკითხავია, თუ რამდენჯერ გამოჩნდება ის მედიის წინ კვირის განმავლობაში. რაღაც დროს ის, წესით, პრესას უნდა შეხვდეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან ვილნიუსის სამიტზეც არ ჩაატარა ბრიფინგი, რაც უჩვეულოა ამერიკის პრეზიდენტებისთვის და არც ლიდერების ვახშამს დასწრებია. აქ ის უფრო აქტიური უნდა იყოს. ბაიდენი ტრამპს ჩამორჩება რამდენიმე საკვანძო შტატში ჩატარებულ გამოკითხვებში და მისი მრჩევლები ეცდებიან სამიტი საგულდაგულოდ დაგეგმონ, რათა თავიდან აიცილოს უხერხული მომენტები. თუმცა, ბაიდენი ერთადერთი დიდი დასავლური ქვეყნის ერთადერთი ლიდერი არ გახლავთ, რომელიც პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში ჩავა იმ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც მისი ცენტრისტული ალიანსი ყველაზე დიდი ჯგუფიდან მესამე ძალამდე დაეცა და ახლა მას სულ რაღაც 100 პარლამენტარიღა დარჩა.

მაკრონი, რომლის მანდატი 2027 წელს იწურება, ახლა ფრთებმოკვეთილი იქნება და მნიშვნელოვანი კანონმდებლობის ამოქმედებისთვის საფრანგეთში როგორც მემარცხენე, ისე ულტრამემარჯვენებთან ბრძოლა მოუწევს. გერმანიაში, ოლაფ შოლცს და მისმა კოალიციასაც ცუდი პირი უჩანთ მომავალი წლის არჩევნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინი, პარიზი და ვაშინგტონი პოლიტიკურად სუსტი ლიდერებით იქნებიან წარმოდგენილნი. სამაგიეროდ დიდ ბრიტანეთს ეყოლება ახალი პრემიერ მინისტრი, კირ სტარმერი, ლეიბორისტების პირველი ლიდერი დაუნინგ სტრიტზე 2010 წლიდან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს მომავალ გენერალურ მდივანს მარკ რუტეს, რომელიც ოფიციალურად იენს სტოლტენბერგს ამ შემოდგომაზე შეცვლის, ბევრი საქმე იქნება.

სტოლტენბერგს, ნატოს ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც ბლოკს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უდგას სათავეში, ბევრი აფასებდა სწორედ ლიდერებთან კარგი ურთიერთობის დამყარებისა და კონსენსუსის მიღწევის უნარით. ამ თვალსაზრისით, რუტე მისი ბუნებრივი მემკვიდრე იქნება. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ის რეკორდული 14 წლის განმავლობაში იკავებდა და ისიც კოალიციების შექმნითაა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე შრომისმოყვარეა და უყვარს პროცესები და წესები, რაც ყოველთვის კარგია სამხედრო ორგანიზაციაში. როგორც ჩანს, მან გამოასწორა ურთიერთობები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და თურქეთის ლიდერ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ის უყვართ დიდ დედაქალაქებში, განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში და, როგორც ჩანს, ტრამპისგანაც პატივისცემით სარგებლობს. მას მოუწევს თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა მშობლიურ ჰააგაში, რომელიც ნატოს მომავალ დიდ სამიტს 2025 წელს უმასპინძლებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG