ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელიც 28 მაისს შედგა. სხვათა შორის მან უპასუხა შეკითხვას “როგორია ენდშპილი უკრაინაში და როგორი იქნება იქ მშვიდობა?”
„მშვიდობა იქნება იმის გარანტია, რომ რუსეთი არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს [ოთხჯერ გაიმეორა] მოახდენს უკრაინის ოკუპაციას. აი, ასე გამოიყურება მშვიდობა”, - უპასუხა ბაიდენმა. “და ეს არ ნიშნავს ნატოს, რომ ისინი ნატოს ნაწილი იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობები, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისეთი, რომ მათ ვაწვდით იარაღს, რათა მომავალში შეძლონ თავის დაცვა”.
„სწორედ მე ვიყავი ის, ვინც ვთქვი, რომ არ ვარ მზად უკრაინის ნატოიზაციისთვის-მეთქი“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ნატოიზაციაში“ მან ნატოს სრულუფლებიანი წევრობა იგულისხმა.
უკრაინა დიდი ხანია ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ეს ალიანსის სხვა წევრების გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება.
შარშან ზაფხულში ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე მიიღეს კომუნიკე, რომელმაც იმედები გაუცრუა უკრაინის ხელმძღვანელობას. მასში ნათქვამი იყო: „უკრაინის მომავალი ნატოშია […] ჩვენ შევძლებთ, უკრაინას გავუგზავნოთ მოწვევა, რომ შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ კავშირს, როცა ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდებიან და როცა შესრულდება პირობები“.
უკრაინის წინააღმდეგ ომის მზადების პერიოდში რუსეთმა 2021 წელს აშშ-სა და ნატოს წაუყენა ულტიმატუმი, რომელშიც ითხოვდა გარანტიებს, რომ უკრაინა, ასევე საქართველო, არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ იმეორებენ, რომ უარს არ ამბობენ ამ მოთხოვნებზე.
ფორუმი