ეროვნულმა კინოცენტრმა ჯერ გოეთეს ინსტიტუტი დაადანაშაულა ცრუ ამბების გავრცელებაში, შემდეგ, მედიის მკვლევართა შეფასებით, პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი სახე, თავად კინოცენტრიდან გამოსული ინფორმაციით, ოფის-მენეჯერად დანიშნა, ბოლოს კი რეორგანიზაცია გამოცხადდა - თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ შესაძლოა მათი შტატები ერთი თვის ვადაში გაუქმდეს.
კინოცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ კინოცენტრის დროებით მმართველად მინისტრმა კობა ხუბუნაია დანიშნა. ხუბუნაია ადრე სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა.
კინოცენტრის დირექტორის მოვალეობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილე, კარლო კახა სიხარულიძე ასრულებდა.
ცენტრის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ კინოს სფეროში ერთადერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც აფინანსებს ფილმებს, წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ატარებს სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს სახელმწიფო დონეზე, თავად მინისტრი, თეა წულუკიანი მართავს და საკადრო თუ სტრუქტურული ცვლილებებით კინოს სფეროს წარმომადგენლებს განსხვავებული აზრისთვის სჯის.
კანონის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრი, იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, თავის საქმიანობას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.
- რატომ გაჩნდა კინოცენტრში რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა?
- ვინ არის კობა ხუბუნაია, რომელიც მინისტრმა კინოცენტრის ხელმძღვანელად დანიშნა?
- უქმნის თუ არა ეს პროცესი საფრთხეს დამოუკიდებელ კინოს?
- როგორ აგრძელებს კინოცენტრში დაწყებული პროცესი მინისტრ წულუკიანის პოლიტიკას?
კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს. რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ - ეს წერილი 5 ივნისს კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. გვერდის ადმინისტრირების უფლება ჩამოერთვათ მოქმედ თანამშრომლებს.
“დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც, რა თქმა უნდა, განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია”, - დაწერა ნინო კუხალაშვილმა, ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რომელმაც მისი შტატის გაუქმების შესახებ შეტყობინება ასევე 11 ივნისს მიიღო. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა კოლეგებთან ერთად განიხილავს ბრძოლის ყველა შესაძლო გზას, მათ შორის კოლექტიურ სამართლებრივ დავასაც კინოცენტრის წინააღმდეგ.
“რეალურად ყველამ ვიცით, რის გამოც არის ეს რეორგანიზაცია. ჩვენ მოვითხოვეთ დამოუკიდებლობა, გამოვხატეთ ჩვენი აზრი და ეს არის მისი რეაქცია ჩვენს “თავნებობაზე”. მას შემდეგ, რაც კინოცენტრის ხელმძღვანელად მინისტრის მოადგილე დაინიშნა, ჩვენ ვხედავდით, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა არა ცენტრში, არამედ სამინისტროში მინისტრთან შეთანხმებით. ის არც იცნობდა თანამშრომლებს, აქ თითქმის არ დადიოდა, ჩვენამდე მოდიოდა მხოლოდ მითითებები”, - ამბობს ნინო კუხალაშვილი და ამატებს, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ნინო კუხალაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრში წინ უსწრებდა სამი ახალი თანამშრომლის, კობა ხუბუნაიას, გიორგი ცხვედიანისა და ბაჩო ოდიშარიას დანიშვნა. ეს უკანასკნელი, POST TV-ის, მედიის მკვლევართა შეფასებით, პროპაგანდისტული მედიის, ერთ-ერთი სახეა და კინოცენტრში ოფის- მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა, კობა ხუბუნაია კი, რომელიც კინოცენტრში დანიშვნამდე კულტურის სამინისტროში ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იუსტიციის სისტემიდან წამოსული კადრია, რომელიც სახელოვნებო უწყებებამდე დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა.
კობა ხუბუნაია არ არის პირველი კადრი, რომელიც თეა წულუკიანმა იუსტიციის სისტემიდან კულტურის სფეროში წამოიყვანა.
ასე დაინიშნა:
- მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ჯერ ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელად, შემდეგ კი სამინისტროში კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
- საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, ნიკა ახალბედაშვილი ხელოვნების მუზეუმის დირექტორად და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილედ.
- ყოფილი პროკურორი, ზურა ჟვანიას საქმის გამომძიებელი კახაბერ ჭუმბაძე ეროვნულ მუზეუმში კოლექციების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად
- საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია კულტურის მინისტრის მოადგილედ.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი ჯერ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის უფროსად, შემდეგ კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად.
კობა ხუბუნაიას, დასაქმების საიტზე გამოქვეყნებულ cv-ში, რომელიც სავარაუდოდ კულტურის სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე აქვს გამოქვეყნებული, მითითებული აქვს, რომ:
- შეუძლია მუშაობა ფინანსების, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და შესყიდვების მიმართულებით, ასევე "TOP მენეჯმენტში."
- სასურველი ხელფასის მინიმალური ზღვარია 4000 ლარი;
- რუსულ ენას ფლობს დამაკმაყოფილებლად, ინგლისურს ცუდად.
- საჯარო სამსახურში პირველი უწყება, სადაც ის მუშაობდა 2001-2004 წლებში, კონტროლის პალატა იყო.
- 2004 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში.
“წარმოდგენაც კი მიჭირს, ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება და იმ ადამიანებს, ვისაც იოტისოდენა იმედი მაინც გაქვთ შემორჩენილი, რომ თქვენი სიჩუმის ან ნიჭის ხარჯზე დაფინანსებას აიღებთ, ძალიან ცდებით. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გემსახურებიან (ფორმალურად მაინც), ახლა თქვენს იმედზე არიან. თუ კინოცენტრს დავთმობთ, ჩათვალეთ, რომ ეს ორგანიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა და გახდება უბრალოდ კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი”, - ეს კინოცენტრის კიდევ ერთი თანამშრომლის, ლევან აბდუშელიშვილის ფეისბუკსტატუსია, რომელიც ასევე 11 ივნისს გამოქვეყნდა. ლევანი ერთ-ერთი იყო იმ სამ ადამიანს შორის, ვინც ცენტრის მოქმედი თანამშრომლებიდან გაემიჯნა ორგანიზაციის განცხადებას, რომელშიც კინოცენტრი გოეთეს ინსტიტუტს ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებდა. ამ განცხადების მიზანი კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის დისკრედიტაცია იყო. განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაგა ჩხეიძე გერმანიამ გოეთეს მედლით დააჯილდოვა კულტურის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის. კინოცენტრმა, გაგა ჩხეიძის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ღიად გააფრთხილა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის დირექტორიც ჩხეიძეა, რომ განიხილებოდა მათი დაფინანსების შეწყვეტის საკითხი.
კინოცენტრის თანამშრომლები ახლა ითხოვენ, შეწყდეს რეორგანიზაცია, სანამ ცენტრს არჩეული დირექტორი არ ეყოლება, რომელსაც სექტორისგან არჩეული კომისია შეარჩევს. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, კინოცენტრის თანამშრომლები ღიად ამბობენ, რომ კინოცენტრში მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესი არის კინოს პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევის მცდელობა.
“ქართული კულტურა კვდება და ამ კულტურის დიდი ნაწილია კინო. ცვლილებას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ უნდა იყოს კონსტრუქციული ცვლილება და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. რეორგანიზაცია თავის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას ემსახურება ეს რეორგანიზაცია და ვინ ხელმძღვანელობს მას. კინოცენტრის ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა იყოს არჩეული და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხედვა აქვს, როგორ იცნობს ამ სფეროს, სექტორის პრობლემას. დღეს ხედვა არ არსებობს, რაც ძალიან დიდ გაურკვევლობას იწვევს და შეუძლებელს ხდის საერთაშორისო თანამშრომლობას. მე პირადად წლებია განვითარებას ვერ ვხედავ და ქართული ფილმების პოპულარიზაცია წლიდან წლამდე თითო ოროლა ადამიანის ხარჯზე ხდება და ეს ძალიან სამწუხაროა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პროდიუსერი, ქეთი დანელია, რომელიც თვლის, რომ საქართველოსთვის საავტორო კინოს წარმოება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
კინომწარმოებლები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საერთაშორისო კოპროდუქციების გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი მწირი დაფინანსებით, დამოუკიდებელი, საავტორო კინოს წარმოება შეუძლებელია. მათ თეა წულუკიანს მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან მალევე ღია წერილით კინოწარმოებისთვის დაფინანსების გაზრდაც სთხოვეს 10 მილიონ ლარამდე.
კინოცენტრს კოპროდუქციების კონკურსი მესამე წელია არ გამოუცხადებია. მეტიც, აირია და ბუნდოვანი გახდა არსებული კონკურსების ჩატარების პროცედურები. მაგალითად, გასულ წელს მოულოდნელად გაუქმდა სადებიუტო კინოს საკონკურსო კომისია და ის სამინისტროს მიერ შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ასევე, ფილმწარმოების 5-მილიონიან ბიუჯეტს მოულოდნელად დაემატა 3 მილიონი ლარი, რომლითაც სამი მხატვრული მრავალსერიანი ფილმი დაფინანსდა. კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტიდან ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერისთვის არის განკუთვნილი, ტელევიზიისთვის, რომელიც სახელმწიფოსგან ისედაც იღებს 80 მილიონზე მეტ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
“კინო რთული ხელოვნების ფორმაა, წარმოებას ფული ჭირდება და მთელი საერთაშორისო თანაწარმოება დამოკიდებულია ადგილობრივ დაფინანსებაზე. თუ აქ კონკურსები არ იქნება გამჭვირვალე და ჩვენ ვერ მოვიპოვებთ ადგილობრივ დაფინანსებას, ვერც საერთაშორისო დაფინანსებას მოვიპოვებთ და ეს ავტომატურად უქმნის საფრთხეს მთელ ინდუსტრიას. ამ მეტ-ნაკლებად გამართული სისტემის გაუქმება არის ახალი სივრცე ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის, არასწორი თანამშრომლობის ფორმებისთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დოკუმენტალისტი, პროდიუსერი, ანა ძიაპშიპა. ის შიშობს, რომ რეორგანიზაციის პროცესის პარალელურად შეიცვლება ფილმების დაფინანსების წესებიც, რომელიც შეიძლება უფრო გაუმჭვირვალე გახდეს და დამოუკიდებელი კინოს წარმოება კიდევ უფრო გაართულოს ქართველი რეჟისორებისთვის.
ეროვნული კინოცენტრი პირველი სახელოვნებო სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის, სადაც რეორგანიზაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. რეორგანიზაციას ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ათობით გამოცდილი კადრის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა - გათავისუფლებულთა ნაწილი მათ მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომასა და განსხვავებული აზრის გამო დევნას სასამართლოში ასაჩივრებს.