ვიდეოჩანაწერები და ფოტოები, რომლებზეც მოსკოვის ქუჩებში მომხდარი აღიბეჭდა, საკმაოდ ნაცნობი იყო: სპეცრაზმელები შავი ჩაფხუტებით, შავ-ლურჯი კამუფლაჟით, საბრძოლო ფეხსაცმლით ურტყამენ დემონსტრანტებს, სხვებს პოლიციის დაჯავშნილ ავტომანქანებში სხამენ ძალით. დემონსტრანტები მსუბუქად არიან ჩაცმული, მაისურებით, მოკლე შარვლებით, ზოგს ბეისბოლის ქუდი ხურავს. არაერთი მათგანი მობილურით იღებს, რა ხდება. გაისმის დამცინავი თუ მოწოდების ლოზუნგები.
რაღაც განსხვავებული მოხდა 27 ივლისს მოსკოვში, მაგრამ ზუსტად რა? რატომ მოხდა ახლა და რა იქნება ხვალ?
1400-მდე ადამიანი დააკავეს მოსკოვის დედაქალაქში გამართული დემონსტრაციის დროს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნა იყო დაეშვათ ლიბერალი პოლიტიკური აქტივისტები მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებზე, რომელიც 8 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ზოგიერთი ლოზუნგის ავტორი უფრო შორს მიდიოდა და გაიძახოდა: „რუსეთი პუტინის გარეშე“, „რუსეთი თავისუფალი იქნება“. კვირების განმავლობაში მრავალი რამ ადასტურებდა იმას, რომ საარჩევნო უწყება იყენებდა ყველა მიზეზს, ხშირად აბსურდულს, რათა არ დაეშვა არჩევნებზე ოპოზიციურად თუ ლიბერალურად განწყობილი ან, უბრალოდ, დამოუკიდებელი კანდიდატები.
ოპოზიციის ცნობილი კანდიდატები - ალექსეი ნავალნი, ლეონიდ ვოლკოვი, ლიუბოვ სობოლი და ილია იაშინი ( მათი ნაწილი რომ დავასახელოთ მხოლოდ) - შეეცადნენ მღელვარება საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატვისკენ წარემართათ, ქალაქის მერიასთან არასანქცირებული აქციის სახით. მოსკოვის ხელისუფლება მათ პირდაპირ და ცხადად აფრთხილებდა, ნუ იზამთ ამასო.
და ზოგმა თავი დაკარგა, ზოგიერთს თავი გაუტეხეს.
ეს იყო რუსეთში 2011-2012 წლების საპროტესტო ტალღის შემდეგ ყველაზე უფრო ძალადობრივი პოლიტიკური საპროტესტო გამოსვლა. მაშინ ეს მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებში აშკარა დარღვევების გამოაშკარავებას და შეშფოთებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გეგმის გამო, დაბრუნებულიყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. საპროტესტო გამოსვლების ერთი ნაწილი მოეწყო ბოლოტნაიას მოედანზე, რის გამოც ეწოდა მას „ბოლოტნაის საქმე“.
რუსეთის პოლიტიკური ანალიტიკოსები, ვინც სწავლობს კრემლის ბუნებას, აცხადებენ, რომ მთავრობის რეაქცია დემონსტრაციების მიმართ გვიჩვენებს, სადაა კრემლის ზღვარი. მათ რიგებშია ლილია შევცოვა. მისი აზრით, კრემლის ამ ზღვარის ფესვები უნდა ვეძებოთ საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის, 1980-იანი წლების გადაწყვეტილებებსა და წარმოდგენაში, რომ მისმა პოლიტიკამ მოიტანა სახელმწიფოს დაშლა. შევცოვა წერს: „კრემლს კარგად ახსოვს გორბაჩოვის ხანა. ფანჯარა ოდნავ შეუღე და მერე კარის ფართოდ გაღებას მოითხოვენ... და მერე დაიწყება“...
მოსკოვის ამასწინანდელ გამოსვლებში, სხვადასხვა წყაროს თანახმად, სხვადასხვა რაოდენობის დემონსტრანტი მონაწილეობდა. მონაცემი სამ-ნახევარი ათასიდან ოც ათასამდეა, გააჩნია, ვის წყაროს ეფუძნება ის - მთავრობისას თუ ოპოზიციისას.
პეტერბურგის უნივერსიტეტის პედაგოგია ვლადიმირ გერმანი, პოლიტოლოგი. ის ფიქრობს, რომ მონაწილეთა რაოდენობა მოულოდნელად დიდი იყო და მთავრობის რეაქციამ ცხადყო, რომ არ მოელოდა ასეთ მასშტაბებს.
შევცოვა შენიშნავს, რომ საქმე ის კი არაა, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვის დუმის არჩევნებში, ან აქვს თუ არა პოლიციას უფლება გამოიყენოს ძალა და დემონსტრანტებს თავები დაუმტვრიოს, ან აქვთ თუ არა რუსებს უფლება შეიკრიბონ. არა, საქმე, შევცოვას აზრით, ეხება პუტინს, როგორც ქვეყნის გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურას, მის თითქმის 20-წლიან მმართველობას და იმას, თუ რა მოხდება მისი მმართველობის შემდეგ, 2024 წელს, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება.
გაურკვევლობის საფრთხე
გაურკვეველი ისაა, შეეცდება თუ არა პუტინი ხელისუფლების სათავეში დარჩეს და, თუ აპირებს, როგორ, ხოლო თუ არა, ვინ შეცვლის მას.
პუტინი 2018 წელს დიდმა უმრავლესობამ აირჩია, რაშიც როლი ითამაშა კრემლის მხრიდან მედიის კონტროლმა. მის პოპულარობას საფუძველს ურყევს ხელფასების სტაგნაცია, საპენსიო ასაკის ზრდა, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთისა“ და პოლიტიკური პროცესის მიმართ უკმაყოფილება - განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე.
ეს ართულებს პუტინის მემკვიდრეობაზე ფიქრს, მისი შემდგომი პერიოდის დაგეგმვას. სპეცრაზმელების მიერ დემონსტრანტების ცემა კი უფრო კომპლექსურს ხდის ამ საქმეს.
ვითარებას აუარესებს ის, რომ ნავალნი და სხვა ოპოზიციური ფიგურები ახერხებენ თავიანთ მესიჯები მიიტანონ მასამდე, მიუხედავად კრემლის მხრიდან მედიის კონტროლისა.
ტატიანა სტანოვაიას, ანალიტიკოსს რომელიც საკონსულტაციაო ფირმა „R.Politik“-ს განაგებს, პოლიციის ქმედება დემონსტრანტების წინააღმდეგ აფიქრებინებს, რომ კრემლმა არ იცის, რა მოიმოქმედოს ოპოზიციის მიმართ. სტანოვაია, შევცოვას მსგავსად, ფიქრობს, რომ მომავალ პოლიტიკურ დემონსტრაციებზე რეაქცია მკაცრი იქნება. მისი აზრით, მთავრობა დაბნეულია, რაც იმის ნიშანია, რომ არ არის იოლი ამჟამინდელი კრიზისიდან გამოსვლა. რუსეთი სერიოზული გაურკვევლობის ფაზაში შედის, წერს მოსკოვის კარნეგის ცენტრში გამოქვეყნებულ კომენტარში სტანოვაია.
27 ივლისის საპროტესტო გამოსვლის გამოძახილი გრძელდება: ოპოზიციური ძალები ცდილობენ მხარდაჭერის მობილიზებას სამომავლო გამოსვლებისთვის. მთავრობა აგრძელებს დაკავებულთა სასამართლო პროცესებს, მაგრამ ქალაქის მერიიდან კრემლამდე არავის გამოუთქვამს მითითება, სწორად მოექცნენ თუ არა დემონსტრანტებს, ან რა მოხდება, თუ კვლავ გაიმართება ამგვარი აქციები შაბათ-კვირას, როგორც ოპოზიცია იმუქრება. ნავალნი 30 დღით ჩასვეს, იაშინი ათი დღითაა ჩამოშორებული აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობს და სხვა ფიგურებიც, ასევე, დროებით იზოლირებული არიან.
გერმანი, რომელიც ჰელსინკიში, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ფინურ ცენტრში ასწავლის, წინასწარმეტყველებდა, რომ ოპოზიციური ჯგუფები არ იქნებოდნენ დაშინებული დაკავებებით, ან დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კრიტიკული მომენტი დადგება, თუ ოპოზიცია მოახერხებს 50 ათასი ადამიანის გაყვანას ქუჩაში. ამ რაოდენობას სპეცრაზმი თუ ეროვნული გვარდია ვერ გაუმკლავდება სისხლის ღვრის გარეშე. ამიტომ, დაასკვნის გერმანი, მთავრობა ყველანაირად შეეცდება დააშინოს ხალხი და მიმართავს სხვადასხვა მეთოდს იმისათვის, რომ კრიტიკული მასა ქუჩაში ვერ გავიდეს.
ისეთი ფიგურების იზოლირებამ, როგორიცაა ნავალნი, ვერ მოიტანა შედეგი და ვერ დააშინა მომხრეეები თუ მიმდევრები. ამას მოჰყვა სპეკულაციები, რომ მთავრობამ შეიძლება სხვა მეთოდებს მიმართოს, მაგალითად - მოწამვლას. ნავალნის საპატიმროში ჯერ დაუდგენელი მიზეზით ალერგიული რეაქციის სიმპტომები გამოაჩნდა და მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ ის მოწამლეს. „მოველი რეპრესიების ახალ ტალღას, მაგრამ ეს წინააღმდეგობას ვერ შეამცირებსო“, - თქვა გერმანმა. - „პირიქით, ამას მოჰყვება ოპოზიციის ზრდაო“.