Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იხდის პენსიონერი სესხზე 30%-ზე მეტს და შეიცვლება რამე?


2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 783,7 ათასი ასაკით პენსიონერია და მათი დიდი ნაწილი საპენსიო სესხით სარგებლობს. პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის გაცემა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განხილვის ერთადერთი საკითხი იყო. თითქმის ორსაათიანი კითხვა-პასუხით გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება. პროცენტის შესამცირებლად რისკის დაზღვევაა საჭირო, რომლის საკუთარ თავზე აღება არც სახელმწიფოს სურს და არც კერძო კომპანიას, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული.

საქართველოში „საპენსიო სესხი“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საბანკო მომსახურებაა. პენსიონერს, რომლის ერთადერთი შემოსავალი, ხშირად, მხოლოდ თვის განმავლობაში ერთხელ დარიცხული 240 ლარია, მათზე ბევრად უფრო მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებზე ძვირად სთავაზობს ბანკი სერვისს. მიზეზებს განიხილავდნენ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ მოთხოვნით.

კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

მოხსენება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დაიწყო. პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, რომ ეს საკითხი მათი რეგულირების სფეროს სცდებოდა და თუ პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის დაწევა გადაწყდებოდა, ეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და კერძო ბანკს - „ლიბერთის“ შორის ხელშეკრულებაში უნდა ასახულიყო.

„ეროვნული ბანკი მხარე არ არის... იმ შემთხვევაში, თუ რამე არის შესაცვლელი, იმ ხელშეკრულების ნაწილი შეიძლება იყოს“, - თქვა გვენეტაძემ.

„ლიბერთი ბანკი“, რომელიც ქვეყანაში სოციალურ დახმარებებსა და პენსიებს გასცემს, „საპენსიო სესხს“ 30,65 პროცენტში სთავაზობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმავე რისკის მქონე არაპენსიონერებისთვის ეს მაჩვენებელი, სხვა ბანკებში, დაახლოებით, 26 პროცენტია.

„წარმოდგენილი ინფორმაციიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ, რომ არის შესაბამისობაში, რაც უჯდება მას ამ სესხები დარიგება... თუ ძალიან ექსტრემალური მდგომარეობა იქნება, შეიძლება პენსიონერმა სესხი საერთოდ ვერ აიღოს. ესეც არასწორი იქნება“, - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი

საკითხის განხილვის ინიციატორები პარტია „მოქალაქეებიდან“, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, მიიჩნევენ, რომ თუ პენსიების განაწილების სქემაში სხვა კომერციული ბანკებიც ჩაერთვებიან და პენსიონერს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ვისი სერვისით ისარგებლოს, ეს კონკურენციას გაზრდის. კონკურენციის გაზრდა კი სერვისებზე ღირებულებას შეამცირებს.

დეპუტატების საპასუხოდ "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა თქვა, რომ ისინი პენსიონერებს ბაზარზე არსებული პირობებით სთავაზობენ სესხებს. მან ამის დასტურად თქვა, რომ მათთან სესხის მქონე ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს სხვა ბანკებში 4-ჯერ მეტი ფინანსური ვალდებულება აქვთ - 1,5 მილიარდ ლარზეა საუბარი.

ვასილ ხოდელი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი
ვასილ ხოდელი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი

მისი თქმით, პენსიონერები მათთან იღებენ იმ ტიპის სამომხმარებლო სესხს, რომელიც არის არაუზრუნველყოფილი და მცირე მოცულობის (1000-დან 2000 ლარამდე), მასში გათვალისწინებულია დაზღვევა, რაც მის ღირებულებას აძვირებს. „ლიბერთის“ დირექტორი ამბობს, რომ რისკებს გარდაცვალების მაჩვენებელი ზრდის - რაც 60 წელს გადაცილებულებს შორის 5,4 პროცენტია, ნაკლები ასაკის პირებში კი - 0,4 პროცენტი, 14-ჯერ ნაკლები.

„[საპენსიო სესხი] ერთადერთი წყარო ამ სესხის დაფარვის არის კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც ამით სარგებლობს და თუ ეს ადამიანი ამ ცხოვრებიდან მიდის, ამ სესხის გადახდა არც მისი და არც მისი ოჯახის წევრების ვალდებულება არ ხდება“, - თქვა მან.

კომიტეტის სხდომაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, გიორგი კაპანაძემ თქვა, რომ 1000 ლარამდე სესხები ბანკებისთვის აღიქმება „მაღალრისკიან სესხად“ და თანხის მოცემულობიდან გამომდინარე ამ მიზეზით ხვდება ამ კატეგორიაში „საპენსიო სესხებიც“.

„საპენსიო სესხი არ არის მაღალრისკიანი, თუ არ ჩავთვლით გარდაცვალებას. იქ არ არსებობს რისკი გადაუხდელობის“, - თქვა მან.

გიორგი კაკაურიძე
გიორგი კაკაურიძე

ყველაზე ხანმოკლე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის გამოსვლა გამოდგა. იმაზე, რასაც კომიტეტის სხდომაზე თითქმის ორი საათი განიხილავდნენ, მან მიანიშნა, რომ „არ გამოვა“:

„უბრალოდ სესხის სუბსიდირება გავაკეთოთ, ეს არ იქნება სწორი. სუბსიდირებაზე უკეთესი იქნება, ყველას გავუზარდოთ პენსია და მეტი შემოსავალი ექნებათ - ეს არის ჩვენი მიდგომა... დღეს „ლიბერთი“ მომსახურებაში ფულს არ იღებს და ვინ უფრო ეფექტურად გააკეთებს, ვერ ვიტყვი ამას, რთული სათქმელია“.

XS
SM
MD
LG