26 წლის ელენე* ზუსტად შვიდი თვეა ელოდება მისი გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული ბიძის დაკავებას.
ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა კაცი თითქმის შვიდი წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა.
2024 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული 54 წლის კაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის უმაღლესი ზომა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული კაცის სახაზინო ადვოკატს მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
იმავე დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:
„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა“.
პროკურატურა წერდა, რომ მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და შეეცდება მისი ადგილსამყოფლის დადგენასა და დაკავებას.
რა ხდებოდა ელენეს თავს შვიდი წლის განმავლობაში?
ელენეს და მის უფროს დას პირველად 2023 წლის მარტში შევხვდი. მაშინ დებმა დეტალურად გაიხსენეს ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვნები, ბავშვები იყვნენ და მათზე ბიძა სექსუალურად ძალადობდა.
2023 წლის მარტში, როცა საქმეზე გამოძიება ახალდაწყებული იყო, ელენე მიყვებოდა:
„დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი, როცა ბიძამ პირველად გამაუპატიურა. მას შემდეგ, თითქმის 5-6 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. სახეზეც არ მახსოვდა ეს ადამიანი. ახლა, ნელ-ნელა დავიწყე აღდგენა. მახსოვს, რომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილი. პირველად მოხდა ეს და ამიტომ მქონდა, თუ რა იყო, ამას ახლა ვეღარ ვიხსენებ. მახსოვს, რომ მითხრა, მიდი, დაიბანე. და მერე თვითონ შემიყვანა დასაბანად. მახსოვს, რომ სისხლიანი ვიყავი წელს ქვემოთ...
ვერავინ ამჩნევდა, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო. უფროსი ძმა მყავს, მშობლები რომ მუშაობდნენ, დიდ დროს მასთან ვატარებდი და ისიც კი ვერ მამჩნევდა ვერაფერს. არ ვიცი, იმ ასაკში როგორ გამოვიმუშავე ძალა, რომ ჩემთვის ვერავის ვერაფერი შეემჩნია. ერთადერთი, ვიცოდი, რომ ის, რაც ხდებოდა, ნორმალური არ იყო“.
ელენემ პოლიციაში წასვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დებს დედა გარდაეცვალათ. მაშინ ელენე უკვე 24 წლის იყო. დანაშაულიდან თითქმის 9 წელი იყო გასული.
2023 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც საქმეში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა თავხელიძე ჩაერთო, პროკურატურამ ელენე და მისი და დაზარალებულად ცნო.
„მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თურმე არაფერი დამთავრებულა“
ელენე დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს. ახლა იქიდან ცდილობს გაიგოს, რატომ ვერ ახერხებს საქართველო ინტერპოლით ძებნილი ბიძის დაკავებას მაშინ, როდესაც, მისი თქმით, კაცის ადგილსამყოფელი ცნობილია, ის აქტიურია სოციალურ ქსელებშიც და ცოტა ხნის წინ, ელენეს ძმასაც კი დაუკავშირდა:
„მოიკითხა. არადა, არც ჩემმა ძმამ და არც მამაჩემმა, ამ საქმის შესახებ არაფერი იციან. წლებია მათგან ვმალავ ამ ამბავს, რადგან არ მინდა, გაიგონ, რა გაგვიკეთა ამ კაცმა, არ მინდა, რომ რაიმე უბედურება დატრიალდეს. მინდოდა, თავად მომეგვარებინა ყველაფერი, კანონის ფარგლებში და ამის საშუალებას არ მაძლევს ჩემი სახელმწიფო“.
ელენე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებებს ჯერ კიდევ თვეების წინ მისწერა მისი ადგილსამყოფლის შესახებ. კაცი უკვე წლებია, ევროპაში, ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრობს, აქვს პროფესია და ამ საქმით თავსაც ირჩენს:
„მაინცდამაინც ვინმეს შვილი და ახლობელი უნდა ვიყო, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ შესაბამისმა უწყებებმა? ან არ ვიცი, ძალიან განთქმული საქმე უნდა იყოს, რომ დააკავონ? როცა სჭირდებათ, ორ დღეში აკავებენ ადამიანებს. ქვეყანაც ვიცი, მისამართიც ვიცი, რას საქმიანობს, ისიც ვიცი. სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში პოსტავს, აქტიურია და თურმე ვერ პოულობენ?
მთელი ეს პერიოდი ვეუბნებოდი და ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ამ საქმეს კანონიერად, კანონის ფარგლებში უნდა მივუდგე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კანონი არ მიცავს და არ სრულდება.
ახლა უკვე ძალიან ხშირად მეფიქრება იმაზე, რომ თავად უნდა ვაგებინო ამ ადამიანს პასუხი, რაც, რა თქმა უნდა, არ მინდა. მე 26 წლის ვარ. ამ ადამიანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამინადგურა ცხოვრება და არ მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრებაც გამინადგუროს“, - ამბობს ელენე.
„ვერ ჩავთვლით, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა“
ანა თავხელიძემ ჯერ კიდევ ივლისში ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლით ძებნილი კაცის საქმის შესახებ და მიაწოდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის თაობაზეც. თუმცა, უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ბარიერი, რომელიც ძებნილის დაკავებას უშლის ხელს.
„დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და რომელიც არ გაუსაჩივრებია მეორე მხარეს. ამ ადამიანს მიესაჯა მაქსიმუმი, რასაც ეს დანაშაული ითვალისწინებს. საქმე ეხება არასრულწლოვნის გაუპატიურებას, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული და აქ არ დგას კითხვის ნიშანი, არის თუ არა ეს ქმედება სხვა ქვეყანაში დასჯადი. ამ კუთხით, საერთაშორისო თანამშრომლობის ბარიერი არ არსებობს. და სხვა რა ბარიერი არსებობს, რაც ხელს უშლის საქართველოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში, ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ის ქვეყანა, სადაც ეს ადამიანი იმყოფება, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ტიპის დანაშაულებს და ასეთი შემთხვევები ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.
ახლა თავად პროკურორმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება, რატომ გაჭიანურდა და რატომ ვერ ხდება მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება“, - ამბობს ანა თავხელიძე.
ის თვლის, რომ სახელმწიფო ამ საქმის მიმართ იჩენს გულგრილობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დაზარალებული ქალის მდგომარეობას:
„ნებისმიერი გენდერული ძალადობის და მით უმეტეს, სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძალადობაგამოვლილ პირს ჰქონდეს სამართლიანობის აღდგენის განცდა. ეს მათი რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც წესი, აქედან იწყება ხოლმე მსხვერპლის რეაბილიტაცია, რომ დახუროს ეს ფურცელი და გააგრძელოს ცხოვრება ახალი ფურცლიდან.
ამ შემთხვევაში, ვერ ჩავთვლით, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა, რადგან ეს არის სანახევროდ გაკეთებული და შემდეგ შუა გზაში მიტოვებული საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი არაფერს ნიშნავს მსხვერპლისთვის, თუკი ის ხედავს, რომ ამ განაჩენის მიუხედავად, დამნაშავე კვლავ აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას, არანაირი დისკომფორტი არ აქვს ჩადენილი დანაშაულის გამო“.
ანა თავხელიძეს კონკრეტული კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან. მათ შორის:
- დაიწყო თუ არა სახელმწიფომ და როდის დაიწყო აღსრულების პროცედურა, ანუ ინტერპოლით ძებნილის დასაკავებლად ღონისძიებების გატარება?
- რა ეტაპზეა საერთაშორისო დახმარება?
- მათგან რა უკუკავშირი მიიღეს და მიიღეს თუ არა უკვე რაიმე უკუკავშირი?
რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა?
პროკურატურაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „პირის დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“ და სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემენ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, იქიდან მოგვწერეს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“.
რადიო თავისუფლების კითხვებს, ფაქტობრივად, არც პროკურატურა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს.
დისშვილის გაუპატიურებაში დამნაშავე 54 წლის კაცი, ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ძებნილ პირთა სიაში არ არის.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება. არის შემთხვევები, როდესაც კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) პირის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერესიდან გამომდინარე, ღია საიტზე არ აქვეყნებს. არსებობს წითელი ცირკულარით ძებნილთა სპეციალური, დახურული სია, რომელიც მხოლოდ სამართალდამცავებისთვისაა ხელმისაწვდომი.
* სტატიის მთავარი გმირების სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით.
*ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.
ფორუმი