Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკა „ძალაუფლების გადანაწილებაზე“


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებით დაწყებული აქციების მე-9 დღეს, ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, შეეცადა, პირადად შეხვედროდა რამდენიმე გაფიცული ქარხნის მუშებს და ზემოქმედება მოეხდინა მათზე.

მაგრამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელი მოეცარა.

სამხედრო დაკვეთაზე მომუშავე მინსკის ბორბლიანი ბუქსირების ქარხნის (МЗКТ) მუშებმა, შეძახილებით „წადი, წადი!“ და „ტყულია!“, 17 აგვისტოს, ფაქტობრივად, დაატოვებინეს იმპროვიზებული ტრიბუნა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რომელმაც კვლავ გაიმეორა, „რომც მომკლან“, ვადამდელ არჩევნებს არ დავნიშნავო.

ლუკაშენკა ორთქლის გამოშვებას ცდილობს

„ვერ ეღირსებით, რომ მე ზეწოლით რაიმე გავაკეთო. ის (ვადამდელი არჩევნები) არ იქნება, რადგან აღარ იარსებებს МЗКТ-ი, არც МАЗ-ი და არც БЕЛАЗ-ი, ნახევარ წელიწადში ყველაფერს გავანადგურებთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ და დაემუქრა მუშებს, რომ ყველა, ვინც გაიფიცება და ქუჩაში გავა, უკან, ქარხანაში, ვეღარ დაბრუნდება.

ვადამდელი არჩევნების ნაცვლად, ლუკაშენკა მზად არის გადაანაწილოს ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელზეც, მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

„საჭიროა ახალი კონსტიტუცია. შემომთავაზეს ორი ვარიანტი. ორივე უარვყავი, რადგან ისინი მცირედით თუ განსხვავდება არსებულისგან. მიმდინარეობს მუშაობა მესამე ვარიანტზე. მოდით, დასხედით და ვიმუშაოთ კონსტიტუციაზე. გავიტანოთ რეფერენდუმზე, მივიღოთ კონსტიტუცია და მე კონსტიტუციით გადმოგცემთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა ზეწოლით და არა ქუჩიდან“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

„ის ცდილობს ორთქლის გამოშვებას. ახალი კონსტიტუციის განხილვა და მიღება - ეს მრავალი თვის საქმეა. ოპონენტები კი დარწმუნებული არიან, რომ ლუკაშენკა უახლოეს დღეებში უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში წყვდიადი გამეფდება.
იური დრაკახრუსტი

მაგრამ სულ მალე ლუკაშენკამ შეცვალა დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ.

„ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. თქვენ ის უნდა მიიღოთ რეფერენდუმზე და და ახალი კონსტიტუციით, თუ გნებავთ, ჩავატაროთ პარლამენტის, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“, - განაცხადა ლუკაშენკამ ერთ-ერთ მუშასთან საუბარში, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო მეთაურს კომპრომისისკენ მოუწოდებდა.

მაგრამ ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ განცხადებით ლუკაშენკა ცდილობს დრო მოიგოს და ქვეყანაში საპროტესტო მუხტი დააგდოს.

„ის ცდილობს ორთქლის გამოშვებას. ახალი კონსტიტუციის განხილვა და მიღება - ეს მრავალი თვის საქმეა. ოპონენტები კი დარწმუნებული არიან, რომ ლუკაშენკა უახლოეს დღეებში უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში წყვდიადი გამეფდება“, - აცხადებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

რა უნდათ „ალტერნატივშჩიკებს“

აღსანიშნავია, რომ თავის გამოსვლებში ლუკაშენკა არ მოიხსენიებს სახელით თავის მთავარ მეტოქეს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც 10 აგვისტოს შემდეგ მეზობელ ლიეტუვაში იმყოფება.

ბელარუსის პრეზიდენტი ოპონენტებს ირონიულად „ალტერნატივშჩიკებს“ უწოდებს. ასე მოხდა 17 აგვისტოსაც. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ახალი კონსტიტუციით სავარაუდო არჩევნებზე ლაპარაკობდა, ლუკაშენკამ აღნიშნა, „ამის წინააღმდეგი არც ალტერნატივშჩიკები“ არიანო.

თავის მხრივ, ლუკაშენკას მთავარ მეტოქეს და დევნილობაში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, საკონსტიტუციო ცვლილებებზე არაფერი უთქვამს.

17 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს ეროვნული ლიდერი, რათა ბელარუსი დამშვიდდეს, ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და უმოკლეს დროში მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი, რეალური, გამჭვირვალე და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელსაც უპირობოდ მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობა.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ სვიატლანა ციხანოუსკაია ლიეტუვაში გაემგზავრა. მის შტაბში აცხადებენ, რომ ეს იყო ზეწოლისა და მუქარის შედეგი, ისევე როგორც 11 აგვისტოს გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ციხანოუსკაია დაწერილ ტექსტს კითხულობდა და მომხრეებს მოუწოდებდა, ქუჩაში აქციებზე აღარ გასულიყვნენ.

რას მოიმოქმედებენ ძალოვნები?

ციხანოუსკაიამ თავის ბოლო მიმართვაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამხედროფორმიან ადამიანებზე და მოუწოდა მათ, არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები.

„ბელარუსები არიან ხალხი, რომელიც არ მოითმენს ძალადობას. ბელარუსები გულუხვები და სამართლიანები არიან. და თუ თქვენ გადაწყვეტთ, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები და გადახვიდეთ ხალხის მხარეზე, ისინი გაპატიებენ, მხარს დაგიჭერენ და მომავალში საყვედურის სიტყვასაც კი არ გაკადრებენ“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ თავის ვიდეომიმართვაში.

ციხანოუსკაიას ეს მიმართვა შემთხვევით არ გაუკეთებია.

თუ ისინი ამ გზით წავლენ, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, საშინელებების მოწმენი გავხდებით. თუ არადა, ჩემი აზრით, მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერი დასრულდება.
სევერინ კვიატკოვსკი

ითვლება, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ეყრდნობა სწორედ ძალოვან სტრუქტურებს: მილიციას, უშიშროებას და არმიას.

რეჟიმის საყრდენი სტრუქტურების მებრძოლებმა 10-11 აგვისტოს სასტიკად დაარბიეს საპროტესტო აქციები მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში - შეიარაღებული სპეცრაზმელები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდნენ რეზინის ხელკეტებს, რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს.

უფლებადამცველებს აქვთ ცნობა, რომ ალექსანდრ ტარაიკოვსი მილიციის სპეცრაზმის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა, უარყო აქციის დაშლის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და განაცხადა, რომ მილიცია მხოლოდ არალეტალურ იარაღს იყენებს.

„მე არ ვარ გამომძიებელი. დიახ, ის მოკვდა. რამდენი ადამიანი მოკვდა არეულობების შედეგად ამერიკაში? მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებია ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც არალეტალურად ითვლება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც 16 აგვისტოს მინსკში, მთავრობის სახლის წინ, ლუკაშენკას მხარდამჭერ მიტინგზე იმყოფებოდა.

ამ ფონზე, ბელარუსი პუბლიცისტი სევერინ კვიატკოვსკი არ გამორიცხავს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ლუკაშენკამ ძალის გამოყენება სცადოს და, როგორც ეს ბრესტში მოხდა, ძალოვნებს პირდაპირ ცეცხლის გახსნა უბრძანოს. მისი თქმით, თუ ქვეყანაში ძალა არ იქნა გამოყენებული, ლუკაშენკას რეჟიმი ერთ კვირაში დასრულდება.

„ვიმეორებ, რომ ეს დამოკიდებულია ძალოვნებზე. ისინი ან გადმოვლენ ხალხის მხარეზე, ან ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ, ან დაიწყებენ მასობრივ რეპრესიებს, დახვრეტის თანხლებით, და მოხდება მთელი ის საშინელება, რომელიც, არსებითად, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა. თუ ისინი ამ გზით წავლენ, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, საშინელებების მოწმენი გავხდებით. თუ არადა, ჩემი აზრით, მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერი დასრულდება“, - ამბობს სევერინ კვიატკოვსკი.

კუნთების თამაში ნატოს საზღვრებთან

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის შესახებ მსჯელობას აპირებენ 19 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ყურადღებით აკვირდება ბელარუსში შექმნილ ვითარებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, „პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - დაწერა ტვიტერში ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, ოანა ლუნჯესკუმ.

ამ განცხადების ფონია მინსკის მიერ წამოწყებული „კუნთების თამაში“ და საგარეო საფრთხეზე ყურადღების გადატანის მცდელობა.

16 აგვისტოს, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ მინსკში, მხარდამჭერთა მიტინგზე განაცხადა, რომ ნატოს ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის სავალზე განათავსეს და მეზობელი ქვეყნები მოითხოვენ ბელარუსში განმეორებით კენჭისყრას, რასაც ის ეწინააღმდეგება.

ლუკაშენკამ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან შექმნილი სიტუაცია შეაფასა როგორც „დაძაბული“ და განაცხადა, რომ, ნატოს ქვეყნებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო, ვიტებსკიდან ლიეტუვის საზღვართან, ჰროდნოს რაიონში გადაისროლა საჰაერო-სადესანტო ბრიგადა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17-20 აგვისტოს სამხედრო წვრთნები გაიმართება ერთბაშად სამ - ბარანოვიჩის, ოსტოროვცისა და ჰროდნოს - პოლიგონზე.

ბრიუსელსა და ბელარუსის მეზობელ ლიეტუვაში აცხადებენ, რომ რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალა არ გაზრდილა.

„ნატოს მრავალეროვნული ძალის ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არც ერთი ქვეყნისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ეს არის მკაცრად თავდაცვითი და პროპორციული ძალა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების თავიდან აცილებას და მშვიდობის შენარჩუნებას“, - წერს ოანა ლუნჯესკუ.

  • ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
  • არჩევნების შემდეგ აზვირთებული საპროტესტო აქციების ჩახშობის პროცესში, დღემდე, დააკავეს 7 000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა და მინიმუმ ორი დაიღუპა.
  • უამრავი ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ საპატიმროებში მათ სასტიკად სცემდნენ და ისეთ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, რომელიც წამებას უთანაბრდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG