Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებს პუტინი უკრაინას


რას უპირებს პუტინი უკრაინას
please wait

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00

2016 წელს ვარშავის სამიტმა, რომელზეც ნატო შეთანხმდა შავ ზღვაზე გააქტიურებულიყო, გააჩინა მოლოდინი, რომ ალიანსის როლის გაზრდის შედეგად ნაკლებად დომინანტური გახდებოდა რუსეთის პოზიცია. მაგრამ ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების დაკავებამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში ძალთა ბალანსი კვლავაც დარღვეულია. და ეს არ დაწყებულა გასული თვის კრიზისით.

ნოემბრის ბოლოს ქერჩის სრუტეში მომხდარმა ინციდენტმა უკიდურესად დაამძიმა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული ისედაც საკმაოდ დაძაბული ვითარება.

უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ამავე ქვეყნის გემებისა და მეზღვაურების დაკავების შემდეგ გაჩნდა კითხვა, რა დგას რუსეთის ამ ნაბიჯის უკან და რას უპირებს ვლადიმირ პუტინი უკრაინას.

“მე არ შემიძლია ამოვიკითხო მისი აზრები. ეს არავის შეუძლია. მხოლოდ მან [პუტინმა] იცის, რისი გაკეთება უნდა. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ასეთი ამბები ხდებოდეს. თუმცა ეს უკვე მოხდა. და მე, უბრალოდ, არ შემიძლია ამაში მონაწილეობა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ქერჩის სრუტეში გასული თვის ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთმა შავი ზღის რეგიონი თავისი ტერიტორიული პრეტენზიების მთავარ არენად აქცია.

ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოსთან ხუთდღიან ომში, რომლითაც არსებითად დაიწყო კიდეც კრემლმა ჰიბრიდული ომის ტაქტიკის შემუშავება, რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა შავიზღვისპირა ქალაქი ფოთი, რომელსაც საქართველოს საზღვაო კარიბჭეს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი ფოთი დატოვეს, საქართველოს ნაპირებს ამერიკული სამხედრო-საზღვაო და სანაპირო დაცვის გემები მოადგნენ ჰუმანიტარული მისიით.

არსებობს მოსაზრება, რომ ნატოს უფრო მეტ სამხედრო აქტიურობას შავი ზღვის რეგიონში აფერხებს მონროს კონვენცია, რომლის თანახმად, ე.წ. არაშავიზღვისპირა ნატოს ქვეყნების გემებს მხოლოდ 80 დღის განმავლობაში შეუძლიათ შესვლა შავ ზღვაში.

„დიახ, ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან მონროს კონვენცია ადგენს ლიმიტს სამხედრო-საზღვაო მოქმედებებზე, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ისეთ ზღვაში, როგორიც შავი ზღვაა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აზოვის ზღვა არის შიდა ზღვა და არა ნაწილი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, საერთაშორისო წყლებისა, რის გამოც იკრძალება ნატოს გემების შესვლა აზოვის ზღვაში“, - ამბობს ბრუკს ტიგნერი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი

სწორედ აზოვის ზღვაში მდებარე უკრაინული ფლოტილიისაკენ ეჭირათ გეზი 25 ნოემბრის საღამოს უკრაინულ ხომალდებს, რომლებსაც დანიშნულების ადგილამდე, მარიუპოლის პორტამდე, ქერჩის სრუტე უნდა გაევლოთ.

მიუხედავად 2003 წლის ორმხრივი შეთანხმებისა, რაც აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის ერთობლივ სარგებლობას ითვალისწინებს, რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით დააკავა სამი უკრაინული სამხედრო გემი და უკრაინის 24 მოქალაქე.

"ყველას ადანაშაულებენ, რომ მათ განზრახ, წინასწარი გარიგებით, ჯგუფურად ჩაიდინეს ასეთი მძიმე დანაშაული, - უფრო სწორად, უკანონოდ გადალახეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი", - განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას ემინე ავამილევამ, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინელი მატროსის ადვოკატმა.

წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ყირიმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში 25 იანვრამდე დარჩებიან, აშშ კი, ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმით გამოწვეული ესკალაციის გამო, აპირებს შავ ზღვაში სამხედრო გემი გაგზავნოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG