Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითხოვდნენ ჟენევაში: ხატი, პატიმრების ნაცვლად?


დეკემბერში, ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმს მის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას სთხოვდნენ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი კი ამავე შეხვედრაზე ოქონის ტრიპტიკონის დაბრუნებას მოითხოვდა.

რადიო თავისუფლების წყარო, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, გვეუბნება, რომ მურატ ჯიოევმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს დელეგაციის მოთხოვნები მოისმინა. მისი თქმით, ეს არ იყო, პირდაპირი გაგებით, გაცვლის შეთავაზება, თუმცა ჯიოევმა იქვე აღნიშნა, ხატის დაბრუნება ჰუმანიტარული საკითხია და თუ ეს მოხდება, სხვა საკითხებზე მოლაპარაკება უფრო გაადვილდებაო. ჟენევიდან ცხინვალში დაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევმა, ოსურ მედიას შემდეგი განუცხადა:

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის წმინდად ჰუმანიტარული აქცია და ხატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მეპატრონეს, სამხრეთ ოსეთის ხალხს. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე მანამდე ვილაპარაკოთ, ვიდრე ხატს არ დაგვიბრუნებენ“

პრეტენზია ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობაზე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება ოქონის ტრიპტიკონის დაბრუნებას ითხოვს. მსგავსი რამ 2018 წლის შეხვედრაზეც გაისმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის განხილვაზე არც მაშინ ფიქრობდა და არც ახლა აპირებს.

რადიო თავისუფლებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან დაუდასტურეს, რომ ჯიოევმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა, მაგრამ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ის რეაგირების გარეშე დატოვეს.

გარდა ამისა, 2018 წელს ოსურმა მხარემ მოითხოვა თრუსოს ხეობაში ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების შესამოწმებლად ოსი ექსპერტების დაშვებაც. ტერიტორიულ და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე პრეტენზიებს ოსური მხარე, როგორც წესი, იმ დროს აცხადებს, როცა საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულთა გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა ინციდენტებზე პასუხს ითხოვს.

ოქონის ხატი-ტრიპტიკონი-ელენე დედოფლის მზითვი, მისი წარმოშობის და მოგზაურობის ისტორია

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა. ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება. ოქონობის დღესასწაულის ტრადიცია თამარ მეფის სახელს უკავშირდება და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ამ დღეს გორელები აღდგომის მესამე დღეს ახლაც აღნიშნავენ და მას ამჟამად რელიგიურ-სახალხო დღესასწაულის სახე აქვს.

სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.

ოქონის ხატი-ტრიპტიკონი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. ხატი ცხინვალის მუზეუმში 1925 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გადაიტანეს. ოქონის ტრიპტიკონი ხელახლა ჩნდება 2001 წელს. იგი კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ზემლიანიკოვს. სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 3 წელი გრძელდებოდა კვლევა და, საბოლოოდ, ტრიპტიკონი საქართველოს 2004 წელს დაუბრუნდა. ექსპონატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

გორი-ატენის მიტროპოლიტის პოზიცია

2004 წლიდან გორში ოქონობის დღესასწაულის აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანა გორი-ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა). მან კარგად იცის მოვერცხლილი ხატი-სამკარედის ისტორია და ოსური მხარის პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნია. მიტროპოლიტი ანდრია ხატის ისტორიას და საქართველოსთვის მის კულტურულ-რელიგიურ მნიშვნელობას იხსენებს:

„გასაკვირია მათი პრეტენზიის საფუძველი. რეალობას არიან მოწყვეტილი ის განმცხადებლები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ოსთა კულტურული მემკვიდრეობა. ტრიპტიკონი მე-11 საუკუნეში მიწისძვრამდე იყო ზნაურის რაიონის სოფელ ოქონის მონასტერში. მე-11 საუკუნის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ეს მონასტერი დაინგრა და სიწმინდე გადმოასვენეს გორში და გორში იყო საუკუნეების განმავლობაში. გასაბჭოების შემდგომ, როდესაც ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუქმნეს ავტონომია, ამ ავტონომიას სჭირდებოდა ყველანაირი ატრიბუტიკა... ამ საბჭოურ პერიოდში გახსნეს მუზეუმიც და გადასცეს ამ მუზეუმს როგორც ოსური მემკვიდრეობა კი არა, არამედ როგორც ამ რეგიონის, შიდა ქართლის, გინდა სამაჩაბლოს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა. აუქციონიდან სერბი ხელოვნებათმცოდნეები იცნობდნენ ქართველ კოლეგებს და ისინი რომ არ დაკავშირებოდნენ და „ქართუ“ ფონდს რომ არ გამოესყიდა, ეს ხატი ჩვენთვის იქნებოდა დაკარგული“.

სპეციალისტის აზრი

ამჟამად ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ნანა ბურჭულაძე, ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების მთავარი კურატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ უკვე დაადასტურა ამ ხატის კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რაც აუქციონიდან მისი დაბრუნების საფუძველი გახდა.

„ეს ხატი თავისი წარმომავლობით არც ქართულია და არც ოსური, ის აშკარად ბიზანტიური ნამუშევარია. ვერცხლით მოჭედილი იყო გვიანდელ პერიოდში და ეს ჭედური ნაწილი იყო ქართული ნამუშევარი, რომელიც კრისტის აუქციონიდან აქ აღარ ჩამოჰყვა მას. გაძარცვულია. კვალი ეტყობა, რომ ჰქონდა მოჭედილობა და გამოქვეყნებულიც არის ეს ძველ გამოცემებში და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს ოსურია და, საერთოდ, ოსური რას ნიშნავს? საერთოდ, შუა საუკუნეებში თუკი რამე იმ ტერიტორიაზე იყო, ყველა ქართველი მეფეების წარწერებით არის და ქართული ხელოვნების ნიმუშებია. იმის შედეგად, რომ ეს ქართველ მეცნიერებს ჰქონდათ გამოქვეყნებული, დაბრუნდა უკან. ცნობილი იყო უკვე სამეცნიერო წრეებში და იქ (აუქციონზე) ექსპერტები ხომ ჰყავთ და იმათ გაიხსენეს და მერე დაუკავშირდნენ საქართველოს და შეგვატყობინეს ჩვენ“.

ჟენევის დისკუსიის 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა. კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დისკუსიაში, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ მომლაპარაკებლები დე ფაქტო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკების პროცესში ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლება მოითხოვა, ოსურმა მხარემ კი კვლავ განაცხადა პრეტენზია ოქონის ტრიპტიკონზე, როგორც კუთვნილ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე ოსურ მხარესთან დისკუსიაში არ შედის და არც დამატებით კომენტარს აკეთებს. მოლაპარაკების მაგიდასთან ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგის მთავარი საკითხი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებაა.

XS
SM
MD
LG