"ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, რადიკალიზმი განპირობებულია ეკონომიკური შესაძლებლობების არარსებობით. ახალგაზრდებს, რომლებსაც არა აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობები, იზიდავთ რადიკალური იდეოლოგიები ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ბრძოლებში ეძებენ ფინანსურ სარგებელს ანდა იმიტომ, რომ ისინი უკმაყოფილო არიან საზოგადოებით, რომელმაც მათ არ მისცა ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ მომზადებულ ანგარიშში, თუმცა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ხსენებულ ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება, - „მონაცემები მოწმობს, რომ თემებში, რომლებმაც (კონფლიქტებში) წარმომადგენლები დაკარგეს, ცოტათი უფრო მდიდარი შინამეურნეობა აქვთ, ვიდრე სხვა თემებს.“
CRRC-ის ანგარიში კონკრეტული ჯგუფების გამოკითხვას ეფუძნება და საქართველოში რადიკალიზმის აღმოცენების მიზეზებისა და გაძლიერების რისკების გამოკვლევას ისახავს მიზნად. გამოკითხვის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას ძირითადად წარმოადგენდნენ რესპონდენტები კახეთიდან (პანკისის ხეობიდან) და აჭარიდან (ეკომიგრანტები), რომლებსაც აქვთ დანაკარგი, ძირითადად - სირიისა და ერაყის კონფლიქტებში. თუმცა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ ანგარიშში საზოგადოების სხვა ჯგუფების პოზიცია და სხვა კონფლიქტების არსებობაც არის ასახული.
რაც შეეხება ღრმად მორწმუნეობას, მონაცემები ცხადყოფს, რომ ასეთი მორწმუნეობა, სხვებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო გავრცელებულია იმ თემებში, რომლებსაც წარმომადგენლები კონფლიქტებში დაეღუპათ. შესაბამისად, ეს ფაქტორი, ანგარიშის მიხედვით, უკავშირდება რადიკალიზაციას.
ასევე არ გამართლდა მკვლევარების მოლოდინი საცხოვრებელი ადგილის შეფასებასთან დაკავშირებით. მოლოდინის საპირისპიროდ, თემები, რომლებმაც წარმომადგენლები დაკარგეს კონფლიქტებში, ძირითადად თავიანთ საცხოვრებელ ადგილს ბავშვების გასაზრდელად კარგ ადგილად მიიჩნევენ და ამ მხრივ დადებითი პასუხი მათში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა თემებში. გავრცელებული ჰიპოთეზა არც იმ მიმართულებით დადასტურდა, როდესაც საქმე საზოგადოებისგან გაუცხოებას შეეხება. ეს თემა გამოკითხვისას განხილული იყო როგორც პიროვნული ნდობის, ასევე სხვადასხვა ჯგუფის მიმართ (მაგალითად - ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი) ნდობის კონტექსტში. მოსალოდნელი იყო, რომ თემებში, რომლებსაც წარმომადგენლები დაეღუპათ კონფლიქტებში, ნდობის ხარისხი დაბალი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ღრმად მორწმუნეობას, მონაცემები ცხადყოფს, რომ ასეთი მორწმუნეობა, სხვებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო გავრცელებულია იმ თემებში, რომლებსაც წარმომადგენლები კონფლიქტებში დაეღუპათ. შესაბამისად, ეს ფაქტორი, ანგარიშის მიხედვით, უკავშირდება რადიკალიზაციას, თუმცა "ღრმა რელიგიური რწმენა არსებითად არ განსხვავდება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, ქართველებსა და არა ქართველებს შორის, კაცებსა და ქალებს შორის, ახალგაზრდებსა და შედარებით ხნიერებს შორის."
CRRC-ის ანგარიშში ასახულია იმ საჭიროებათა პროცენტული მაჩვენებლები, რომლებსაც ესა თუ ის თემი ხედავს. აქვეა რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ქვეყანაში რადიკალიზაციის საფრთხის შესამცირებლად. CRRC-ის კვლევაში 1 180 რესპონდენტი მონაწილეობდა.