Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზეა წიგნი „შეიყვარე შენი თავი” - რადიო თავისუფლება ნოველებს გაეცნო


კოსმეტიკის კომპანია „ბოდი შოპმა” გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ახალი წიგნი გამოვა - „შეიყვარე შენი თავი”. პოსტში კომპანია ჰყვებოდა, რომ 13 რეალური ქალის ისტორიაზე დაფუძნებული წიგნის მიზანი ქალების გაძლიერებაა. პოსტში ჩამოთვლილი იყო ის ექვსი კაცი მწერალი, რომლებმაც ამ ისტორიებზე დაფუძნებით ნოველები დაწერეს. „ბოდი შოპში” გვითხრეს, რომ ტექსტების ავტორებმა მცირე ანაზღაურება მიიღეს. ქალებს, რომლებმაც მწერლებს ისტორიები გაუზიარეს, ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ბოდი შოპის” პოსტს, საიდანაც ირკვეოდა, რომ ქალების ისტორიებზე წიგნი კაცმა ავტორებმა დაწერეს, ფეისბუკში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ქალების შესახებ კაცების დაწერილ წიგნს აკრიტიკებს, მეორე კი მწერალი კაცების შრომას იცავს. სინამდვილეში რა წერია წიგნში და რა გააკეთა კომპანიამ შეცდომით?

რაზეა წიგნი?

„შეიყვარე შენი თავი”, ქალების ამბებზე დაწერილი, ორასგვერდიანი წიგნაკია - წონასთან დაკავშირებულ კომპლექსებზე, თმის ცვენაზე, საკუთარი სხეულის მიღებაზე. ქალები ნამდვილ ისტორიებს ჰყვებიან, კაცი მწერლები კი ამ ამბებს ეხმაურებიან და წერენ, რასაც მათთან დაკავშირებით ფიქრობენ. ქალის ფოტო, ისტორია, მწერლის რეფლექსია - და ასე, ცამეტი ამბავი.

ერთ-ერთი ქალი, რომლის მონათხრობიც კრებულში შევიდა, მხატვარი თინა ჩერტოვაა. მისი ამბავი წონას ეხება. თინა ერთ დროს უკიდურესად გამხდარი იყო, წონაში ვერაფრით იმატებდა და ექიმებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ იღებდა პასუხს, გარშემომყოფები კი სულ შენიშვნებს იძლეოდნენ, რაც კიდევ უფრო თრგუნავდა. საბოლოოდ თინამ კარგი ექიმისგან შეიტყო, რომ პრობლემა ჰორმონალური ხასიათის იყო და მოაგვარა კიდეც, თუმცა ამ გზის გამოვლა მისთვის რთული აღმოჩნდა. როცა „ბოდი შოპმა” გადაწყვიტა, ქალების ამბები დახურულ ფეისბუკჯგუფში შეეგროვებინა, თინამ საკუთარი ამბავიც გააზიარა. გახარებული იყო, რომ გამოხატვის საშუალება მიეცა, ამიტომ წინააღმდეგი არ წასულა, როცა გაიგო, რომ მისი ამბავი წიგნში შევიდოდა.

„ჩემთვის ამ ამბის მოყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სიგამხდრის პრობლემა არ არის ისე გაშუქებული და ბევრი ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს, რადგან ყველანაირ შეიმინგს (სირცხვილს) განიცდის, თუ იძახის მაგას ხმამაღლა. მინდოდა ნებისმიერ ადამიანს გაეგო, რომ არის მომენტი, როცა, შეიმინგის მიუხედავად, უნდა ეცადო გამოასწორო შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზოგჯერ სტერეოტიპების გამო ჩვენი არ ვიღებთ სწორ სამედიცინო დახმარებას. ამის შესახებ როცა დავწერე ჯგუფში, რამდენიმე უცნობმა გოგომაც მომწერა, ვისაც იგივე პრობლემა ჰქონდა და ძალიან გახარებული ვიყავი”.

თინა ჩერტოვა
თინა ჩერტოვა

თინა ამაყობდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, ამიტომ დღეს გაკვირვებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში წიგნზე ქილიკობდნენ. - არც „ბოდი შოპის” პოსტზე იცოდა რაიმე და არც წიგნის ფორმატზე.

„არ მინახავს პოსტი. ახლა რომ გავეცანი წიგნის შინაარსს, გამიხარდა, რომ ამ თემაზე კაცმა დაწერა. სხვათა შორის, ახლა ბოლომდე წავიკითხე, იმიტომ რომ ეს თემა ახლოა ქალებისთვის და კაცისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს. ჩემი ამბავი შევიდა შეუცვლელად, ირაკლი შამათავას კი სრული მორალური უფლება ჰქონდა დაეწერა, რაც უნდოდა“.

თინას ნაწერს წიგნში მწერალი ირაკლი შამათავა ეხმიანება.

„გოგონა, რომელზეც ვწერ, 34 წლის თინა ჩერტოვაა, ანორექსიის პრობლემით. კარგია, რომ იმპულსურმა საზოგადოებამ ის ვერ შეაშინა და, უფრო მეტიც, საკმაოდ ძლიერი გახადა”, - წერს ის.

შემდეგ ირაკლი შამათავა მკითხველს წონასთან ომის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს - როგორ უმოწყალოდ ვარჯიშობდა და მუდმივად ითვლიდა კალორიებს და რამხელა გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივ აზრს მის ცხოვრებაზე. საბოლოოდ კი ასკვნის, რომ ანორექსიას თუ ჭარბწონიანობას სამედიცინო მიზეზები აქვს და ნამდვილად აჯობებს, საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს შევეშვათ.

მაშ, რა იყო პრობლემა?

კომპანიის მიერ ქალების გაძლიერებაზე დაწერილ ფეისბუკპოსტში ცნობილი კაცი მწერლები იყვნენ ნახსენები, ქალების ვინაობის შესახებ კი არაფერი ეწერა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ წიგნში მხოლოდ კაცები წერდნენ ქალების შესახებ. კომპანიამ პოსტი მალევე წაშალა, თუმცა უკვე გვიანი იყო.

„ბოდი შოპის“ წაშლილი პოსტი
„ბოდი შოპის“ წაშლილი პოსტი

„ბრენდი იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირინა ადეიშვილმა, - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ცამეტი გოგოს ისტორია, რაც იყო ამოსავალი წერტილი ამ პროექტის. ძალიან გვინდა, რომ ეს გოგოები დარჩნენ ისევ მთავარ გმირებად. აგვისტოდან უნდა ყოფილიყო წიგნი ხელმისაწვდომი და გვინდოდა, რომ ამ წიგნიდან შემოსული მთლიანი თანხა მოხმარებოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებს. პირველ ეტაპზე გამოიცა ციფრული წიგნი, რომელსაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამიტომ გადაწყდა მისი ფიზიკურად გამოცემა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ეს მაგარი გოგოები”.

„ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემაა”, - ამბობს ფემინისტი აქტივისტი ანა ნიკოლაძე. „წიგნს ჰქვია "შეიყვარე შენი თავი" და ქალთა გაძლიერებას და სტანდარტებისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს და ამას მოსდევს მხოლოდ კაცის სახელები. წიგნში არ ვიცი როგორ არის საქმე, რადგან წვდომა არ მაქვს”, - ამბობს ანა.

უფლებადამცველი და ფემინისტი იდა ბახტურიძე, რომელიც პლატფორმაში „ქალები საქართველოდან” მუშაობს, „ბოდი შოპის” პოსტს ასე გამოეხმაურა:

„შინაარსობრივად ეს ტექსტები არავის არ გვინახავს, მაგრამ ქალების სხეულებრივ გამოცდილებაზე რომ კაცები წერენ რეფლექსიას, ეს არის უადგილო ქალთა გაძლიერებისთვის. მთავარი პრეტენზია მაქვს პროექტის ორგანიზატორებთან და არა მწერლებთან. ქალების გამოცდილებებზე კაცების რეფლექსიები საუკუნეების განმავლობაში გვაქვს მოსმენილი და ამის შეცვლას ვცდილობთ ზუსტად“.

იდა ბახტურიძე
იდა ბახტურიძე

„კომპანია "ბოდი შოპი" სხვა პროექტზე თანამშრომლობას გვთავაზობდა ჩვენც, პლატფორმას "ქალები საქართველოდან", და ჩვენ უარი ვთქვით, რადგან ჩვენთვის მიუღებელი იყო ფორმატი და პლატფორმა და ქალების ისტორიების გამოყენება კომერციული მიზნებით, რადგან ვიცით, რომ ეს ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება, საბოლოო ჯამში“.

დღეს „ბოდი შოპმა“ ფეისბუკკედელზე მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა:

„გულწრფელად ვწუხვართ, რომ პროექტის ერთ-ერთი იდეა, კაცებს დაეწერათ ნოველები, არ აღმოჩნდა სწორი გზა ჩვენი სათქმელის გადმოსაცემად. ჩვენი მიზანი იყო დაგვეწყო ამ თემაზე ფიქრი და დისკუსია არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ პროექტის მთავარი გმირები არიან გაბედული ქალები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ დაამარცხეს კომპლექსები, როგორ შეიყვარეს და მიიღეს თავიანთი თავი ისეთი, როგორიც არიან.

არაერთი გულშემატკივრისგან მოვისმინეთ განსხვავებული აზრი და შენიშვნა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ კომუნიკაციის სწორი ფორმა ვერ შევარჩიეთ“.

საერთოდ, უნდა წერონ კაცებმა ქალებზე?

„ძალიან მაგარი იდეაა, - ამბობს თინა ჩერტოვა, - მიუხედავად იმისა, რომ არ უთქვამთ ჩემთვის წიგნის ფორმატი როგორი იქნებოდა, მგონია, რომ ძალიან საინტერესოა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც”. თინასთვის კაცი ავტორების ჩართულობა პროექტში პრობლემას არ წარმოადგენს.

აქვთ თუ არა კაცებს უფლება, წერონ ქალებსა და მათ სხეულებზე და რა ადგილი უკავიათ კაც ავტორებს თანამედროვე ფემინიზმში - ამაზე დავა ფემინისტურ წრეებში არ ცხრება. კაცების დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, ფიქრობს ანა ნიკოლაძე, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო.

"შეიყვარე შენი თავი" - სარჩევი
"შეიყვარე შენი თავი" - სარჩევი

„დიახ, უნდა წერონ კაცებმა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქალების ადგილის დაკავების ხარჯზე, იქ არ უნდა ხდებოდეს, სადაც ქალი უნდა ადვოკატირებდეს საკუთარი უფლებებისთვის”, - ამბობს ანა ნიკოლაძე, მწერალი და ფემინისტი აქტივისტი. „ამ კონკრეტული პროექტის იქით არ გვეკითხებიან კაცები აზრს, რა წერონ და როგორ. ცენზურაზე საუბარი არარეალისტურია. კაცები ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევენ, რომ მათი გამოცდილება ყველაფერში უნივერსალურად ითვლება - საშუალო გამოცდილება არის ჯერ კიდევ კაცის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი იქნება, ჰკითხონ საკუთარ თავს, ვის ინტერესებს ემსახურება ქალების შესახებ საუბარი - ხომ არ არის ეს, უბრალოდ, იმის გამოჩენა, რომ "ნახე, რა კარგი ტიპი ვარ, ფემინისტი ვარ"? კი, აუცილებლად უნდა ისაუბრონ კაცებმა ქალებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისე დაგვიჭირონ, როგორც ჩვენთვის საჭიროა“.

„შეიყვარე შენი თავი” მოგების მისაღებად არ გაიყიდება - ამის შესახებ კომპანიამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ირინა ადეიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიისთვის მომხდარი კარგი გაკვეთილია და სამომავლოდ გენდერულად მგრძნობიარე პროექტებში მეტ ექსპერტს ჩართავს.

„ვერ დავმალავ, რომ ჩვენმა პარტნიორმა პლატფორმა GrlzWave-მა გვირჩია, მარტო კაცებს არ დაეწერათ. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ კაცებს დაეწერათ, მოტივაცია ის იყო, რომ ყველაზე ხშირად ქალები სწორედ კაცებისგან ხდებიან ბულინგის და ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენ გვინდოდა, რომ დაენახათ ამ გოგონების ისტორიები, ყოფილიყო შთაგონება და ელაპარაკათ. მივხვდით, რომ იქიდან გამომდინარე, რაც მოჰყვა, ვიზიარებთ აღშფოთებას და არ ვიწყებთ თავის მართლებას. გვინდა, რომ ვისწავლოთ შეცდომაზე და უფრო მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ მომავალში“.

მწერალი ირაკლი შამათავა არ ნანობს, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღო. ამბობს, რომ ის ამბავს საკუთარ თავზე წერს, მისმა „პერსონაჟებმა” - ანი ნიკოლაძემ და თინა ჩერტოვამ - ის გააძლიერეს და დაეხმარნენ საკუთარი თავის მიღებაში და რომ ამ ქალებს მისი ნუგეში არ სჭირდებათ.

„ჩემს ტექსტში არ არის ქალური სინაზე. უბრალოდ, ორი ძალიან მაგარი გოგონას ისტორიას ვეხმაურები პირადი ისტორიით. მთავარი ღირსება აქ არის, შევიყვაროთ ჩვენი თავი იმ ნაკლოვანებებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩემს ტექსტში მარტივად ჩანს ეგ მიზანი. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩემ დაწერილ ტექსტზე ჩემი პერსონაჟები, მაგრამ არა მგონია, რამე ცუდი დაენახათ მასში. ამ გოგონებს თანაგრძნობა არ სჭირდებათ არავისგან, მათ თავიანთი ხმა გადასცეს სამყაროს მოურიდებლად. ჩვენ ეს დადებითად უნდა შევაფასოთ, რომ ასეთ ქალებს ვეხმიანებით ჩვენეული კარგი ისტორიებით“.


XS
SM
MD
LG